იპოთეკით დატვირთული მილიარდერი

ქართულმა მედიამ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტარებს შორის უთანხმოება ნეპოტიზმის ჭრილში გააშუქა. მილიარდერი პრემიერის გულისწყრომას – რომ მაჟორიტარები ფეოდალებივით იქცევიან – პასუხად მოჰყვა რამდენიმე მაჟორიტარის ჯიბრნარევი განცხადება – რომ რაიონის საკადრო პოლიტიკაში ერეოდნენ, ერევიან და კვლავაც ჩაერევიან.

იმის მიუხედავად, რომ ნეპოტიზმი ამ წერილის მთავარი თემა არაა, უნდა გავიხსენოთ პრემიერი ივანიშვილის 5 თებერვლის პრესკონფერენცია. მაშინ მან მოგვიწოდა შევგუებოდით იმას, რომ ნათესაობა-ნაცნობობა არის და დარჩება საჯარო სამსახურში სამუშაოდ აყვანის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი. წერილში “ვაცადოთ ადამიანებს ლუარსაბ თათქარიძეობა” ვწერდი: “იმ ფონზე, როდესაც საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების საკმაოდ მასშტაბური გათავისუფლება მიმდინარეობს და არაფერი ისმის ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი თანამშრომლების კონკურსის წესით აყვანის თაობაზე, პრემიერ-მინისტრის განცხადება აღქმულია, როგორც ამ პროცესის წახალისება.”

ნეპოტიზმის თემასთან დაბრუნება, სამწუხაროდ, კვლავ არაერთხელ მოგვიწევს, მაგრამ ახლა შევეცადოთ პრემიერი ივანიშვილის მაჟორიტარებით უკმაყოფილების მთავარი მიზეზი დავინახოთ. ნეპოტიზმი  აისბერგის ხილული ნაწილია, არადა მილიარდერსა და სოციალური პოპულიზმით საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ რაიონში გამარჯვებულ მაჟორიტარებს შორის უთანხმოებას უფრო დიდი და მნიშვნელოვანი უხილავი ნაწილიც აქვს: ამომრჩევლის თხოვნებით დაღლილ და შეწუხებულ მაჟორიტარებს ყველა პრობლემის გასაღები მილიარდერი პრემიერის პირად ქისაში ეგულებათ. ისევე, როგორც მათ შემწუხებელ ამომრჩეველს.

არსებითია, კოალიცია “ქართულმა ოცნების” მიერ წინასაარჩევნო კამპანიისას შეგნებულად თუ შეუგნებლად ნათქვამი უამრავი პოპულისტური ლოზუნგიდან გავიხსენოთ ის, რაც მიმდინარე კვირის აქტუალურ თემად იქცა: მოქალაქეებისათვის არსებული მაღალპროცენტიანი სესხების გასტუმრება და ახალი, გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხების გაცემა. იპოთეკარების პრობლემა ამ თემის ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილია.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე ჩემთვისაც და საზოგადოების ნაწილისთვისაც ცხადი იყო, რომ საქართველოს ეკონომიკა, რაც უნდა სოციალურად ორიენტირებულად ექცია კოალიცია “ქართულ ოცნებას” სახელმწიფო ბიუჯეტი, დოვლათის გადანაწილების იმ კომუნისტურ მადას, რისი მოლოდინიც კოალიციამ გააღვიძა, ვერ დააკმაყოფილებდა. უფრო სწორად, ვერ დააკმაყოფილებდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის რელსებიდან გადაყვანის ხარჯზეც კი.

რასაც ახლა ვხედავთ, სწორედ ესაა. შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები მხოლოდ ნაწილი იყო იმ გაუაზრებელი პოლიტიკისა, რამაც საქართველოს ეკონომიკა სტაგნაციამდე მიიყვანა. იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე მორატორიუმის გამოცხადების მცდელობაც კი კერძო ბიზნეს- და სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს ჩარევის ისეთი უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ თუ ეს მართლა მოხდა, საქართველოს დიდხანს მოუწევს წვალება, რომ პოტენციურ ინვესტორტთა რამენაირი ნდობა დაიბრუნოს და უცხოურ ინვესტიციებზე დამოკიდებული ეკონომიკა კვლავ განვითარების რელსებზე დააყენოს.

იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე მორატორიუმის გამოცხადების მაჟორიტარებისგან მომდინარე საპარლამენტო ინიციატივის ამ მოსალოდნელი კატასტროფული შედეგის გაცნობიერებამ პრემიერი ივანიშვილი იძულებული გახადა, თავად დაემუხრუჭებინა პროცესი. მაგრამ ამით პრობლემა არ მოხსნილა. შესაბამისად არც გამოსავალია ნაპოვნი.

სად არის გამოსავალი? (შეგნებულად არ ვასახელებ იპოთეკური სესხების მოცულობას და, საერთოდ, არ მივდივარ ელემენტარულ არითმეტიკაში. სამწუხაროდ, ჯერჯერობით აზრი არ აქვს, ციფრებით ავხსნათ პრობლემის გადასაწყვეტაში სახელმწიფოს ჩარევის აბსურდულობა.)

დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის თვალსაზრისით ყველაზე მარტივია, სახელმწიფო არ ჩაერიოს კერძო ბიზნეს- და სამართლებრივ ურთიერთობებში. კოალიცია “ქართული ოცნებისათვის” ეს პოლიტიკურად ყველაზე რთული გამოსავალია: პრემიერი ივანიშვილი კარგავს იმ ყველაზე ძვირფას ხმებს, რომელთა წყალობითაც იგი ხელისუფლებაში მოვიდა. უფრო მეტიც, კარგავს იმ ადამიანების (გადახდისუუნარო იპოთეკარების) ხმებს, რომლებიც კოალიციის პროპაგანდამ დაარწმუნა, რომ მათი პრობლემის სათავე ერთიანი ნაციონალური  მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილია.

ამ პოლიტიკური სირთულისა და იმის გამო, რომ იპოთეკარები მაჟორიტარების ოფისებთან დეპუტატებთან პირადად შეხვედრის მომლოდინე ყველაზე ჯიუტი, ორგანიზებული და მრავალრიცხოვანი ჯგუფია, კოალიცია “ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ პროცესში რაღაცნაირად უნდა ჩაერიოს. “რაღაცნაირად ჩარევა” ბიუჯეტის ხარჯზე ვერ მოხდება: ბიუჯეტს ისედაც აკლდება შემოსავლები, სუბსიდირების საჭიროება კი სხვა სფეროებშიც იკვეთება – მაგალითად, ზამთარში დენის მასობრივ გათიშვებს ელექტროენერგიაზე დაკლებული, უფრო სწორად, არგაზრდილი ტარიფის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბალანსება თუ უშველის.

მაშ სად არის სახელმწიფოს ჩარევის რეზერვი? მხოლოდ ორგან: კერძო სექტორსა და/ან მილიარდერი პრემიერის პირად ქისაში. იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე მორატორიუმის გამოცხადება “მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ” პრინციპის ყველაზე უხეში ფორმით გამოყენებაა. (რბილი ფორმაა გადასახადების გაზრდა, ბიუჯეტში მეტი ფულის ამოღება და ამ ფულით პრობლემის მოგვარება. თუმცა ეს ეკონომიკის ასევე აჩერებს.)

რაკიღა კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარებმა (და არა მარტო მათ) მილიარდერ პრემიერს ჯერ ვერ გაუბედეს იმის თქმა – არათუ ხალხს, ჩვენც კი გვეგონა, რომ საკუთარი ფულის ხარჯვას დაიწყებდიო – ისინი ბანკებს მიადგნენ და მათ ხარჯზე შეეცადნენ პრობლემის მოგვარებას. მაგრამ თუ პრემიერი ბანკების დაჩაგვრის წინააღმდეგია, მაშინ იპოთეკარებით შეწუხებულ მაჟორიტარებს გამოსავალი, როგორც უკვე ვთქვი, მილიარდერი პრემიერის პირად ქისაში ეგულებათ.

პრემიერი ივანიშვილისათვის გაცილებით მარტივი იყო, მისი რეზიდენციის კარებს მიმდგარი სოციალური დაუცველებისათვის იმის თქმა, რომ იგი საკუთარი ჯიბიდან ვერავის დაეხმარება. გაცილებით რთული იქნება ამის ახსნა საკუთარი კოალიციის წევრებისათვის, რადგან არათუ მაჟორიტარები, მისი მთავრობის მინისტრებიც კი იმ ფიქრით მოქმედებენ – რომ გაგვიჭირდება, ამოიღებს ფულს თავისი ჯიბიდან, აბა რას იზამსო.

[გასათვალისწინებელია, რომ მაჟორიტარების როლი არსებითია რაიონებში საპრეზიდენტო კამპანიის საწარმოებლად. ბიძინა ივანიშვილს  ყველაზე მეტად სწორედ ახლა სჭირდება მაჟორიტარების კეთილგანწყობა და ყველაზე ნაკლებად – მათი უკმაყოფილება. ]

შეიძლება მილიარდერ პრემიერს ეს ვერ შეჰკადრეს და, სავარაუდოდ, ვერც ვერავინ შეჰკადრებს, მაგრამ საკუთარი ფულის არდარიგებით გამოწვეული იმედგაცრუება – ხალხში კი არა, საკუთარ კოალიციაშივე – გახდება ამ კოალიციის დაშლის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი. არა იმიტომ, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატორებს იპოთეკარები ადარდებთ. მათ საკუთარი პოლიტიკური მომავალი აღელვებთ, მომვალი, რომელიც მათსავე მაჟორიტარულ ოლქებში საარჩევნო ხმების ოდენობაზეა დამოკიდებული და არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დარჩენის ხანგრძლივობაზე.

About these ads

2 thoughts on “იპოთეკით დატვირთული მილიარდერი

  1. მთელი ტრაგიზმი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონცეფციის არ არსებობოსა ამ ფრაზაში ჩანს – “არათუ მაჟორიტარები, მისი მთავრობის მინისტრებიც კი იმ ფიქრით მოქმედებენ – რომ გაგვიჭირდება, ამოიღებს ფულს თავისი ჯიბიდან, აბა რას იზამსო”_ პრინციპში მთელი კონცეფციაც ეგ არის. ერი ზეციური მანანის მოლოდინში. რა უმწიფრობაა, არა???

  2. სამწუხარო რეალობა, მაგრამ ჩვენმა ერმა საკუთარი ნებით მიუსაჯა თავს ეს სასჯელი. დღეს, ეკონომიკურ კრიზისთან ერთად – იმედგაცრუებული, რწმენა შერყეული ერი და გაწბილებული მედროვენი. არადა, როგორ ეგონათ, რომ ლურჯი ფრინველი ხელთ ჰყავდათ უკვე…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s