პარლამენტის საგამოძიებო კომისია – გვჭირდება თუ არა იგი?

ხელისუფლებამ ხორავას ქუჩაზე მომხადრი მკვლელობა სათანადოდ არ გამოიძია. გაჩნდა ეჭვი, რომ სკოლის მოსწავლეების საქმის გარჩევაში, მასობრივ ჩხუბსა და 2 მათგანის მკვლელობაში მონაწილეთა ნაწილს ხელისუფლებამ ხელი იმის გამო დააფარა, რომ ან მაღალჩინოსნის შვილი იყო, ან სასულიერო პირის. სამართლის აღსრულების მოთხოვნით, მოკლულის მამა ქუჩაში გავიდა.

პასუხისმგებლობა ცალსახად ხელისუფლებაზეა. მთავარი პროკურორის გადაყენებით მან აღიარა მართლმსაჯულების სისტემის სრული კოლაფსი, რისკენაც “ქართულ ოცნებას” საზოგადოება ნაბიჯ-ნაბიჯ მიყავდა მომხრე ადამიანებისა და ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებების დაუსჯელობით, კრიმინალთან ბრძოლის შესუსტებით, კორუფციის წახალისებით, მართლმსაჯულების სისტემაში “ოდიოზური მურუსიძეების” შენარჩუნებით, პოლიციისა და პროკურატურისადმი საზოგადოების ნდობის დაქვეითებით.

საზოგადოება აღშფოთდა და იმწამსვე სამ ჯგუფად გაიყო:

  • ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში, მანამდე არაფერი (!) შეიცვლება და ვერც შვილმკვდარი მამის სამართლიანი მოთხოვნა – დაისაჯონ მისი შვილის მკვლელ(ებ)ი, ასევე ის გამომძიებლები და პროკურორები, ვინც მკვლელ(ებ)ს ხელი დააფარა – ვერ დაკმაყოფილდება;
  • მეორე ნაწილი მიიჩნეევს, რომ ზაზა სარალიძე კი უნდა გვეცოდებოდეს, მაგრამ (!) “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნას არაფერი უნდა დაემუქროს მაშინაც კი, თუკი ეს ადამიანი სამართალს ვერ იპოვის;
  • მესამე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სწორედ პირველი და მეორე ჯგუფის პოლიტიკურ რადიკალიზმშია პრობლემის სათავე. ამ ჯგუფის აზრით, მომხდარ ტრაგედიაზე და აწ უკვე შექმნილ პოლიტიკურ (!) კრიზისზე საზოგადოებრივი რეაქცია უნდა იყოს იმგვარი ინსტრუმენტების შექმნა, რომელიც (ა) არსებული ხელისუფლების პირობებშივე შეამცირებს სისტემის მოქალაქეზე ძალადობის შესაძლებლობას, და (ბ) შებოჭავს ნებისმიერ მომავალ ხელსიუფლებას.

მესამე ჯგუფს ყველაზე მეტი კრიტიკოსი ჰყავს. პირველი ჯგუფი მას კონფორმიზმში, ზოგჯერ კი ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს. მეორე ჯგუფისთვისაც სწორედ მესამე ჯგუფია ყველაზე უხერხული: თუ ქმედითი საპარლამენტო საგამოძიებიო კომისიისა და მთავარი პროკურორის საზოგადოების ზეწოლით დანიშვნის პრეცედენტები იქმნება, ხელისუფლება (არსებულიც და მომავალიც) მნიშვნელოვან ბერკეტს კარგავს, მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინოს.

როგორადაც საჭიროდ არ უნდა მიაჩნდეს მესამე ჯგუფს ხელისუფლების ცვლილება საიმისოდ, რომ მართლმსაჯულების სიტემის რეალური რეფორმა განხორციელდეს, იგი ასევე საჭიროდ მიიჩნევს ამოწუროს არსებული ხელისუფლების თავგასულობის შებოჭვის კანონით დღესაც გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი მექანიზმი და ეს პროცესი გამოიყენოს საიმისოდ, რომ:

  • ან მართლა შებოჭოს ხელისუფლება (რაც ასევე სასარგებლო იქნება მომავალი არჩევნების თუნდაც ოდნავ უფრო თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად),
  • ან თუ ხელისუფლება გააგრძელებს უტიფრად მოქცევას შვილმოკლული მამის და, შესაბამისად, საზოგადოების მიმართ, ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლის მცდელობას ლეგიტიმაცია ჰქონდეს საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში.

მეორე ჯგუფის ხელისუფლებაში ყოფნის მერკანტილური ინტერესი ნათელია და მასზე შეჩერებაც არ ღირს. მნიშვნელოვანია, პირველი ჯგუფის დიდმა ნაწილმა გააცნობიროს, რომ “ქართული ოცნებისეული” რადიკალური ლოზუნგით – “სისტემა უნდა დაინგრეს” – სისტემა უსასრულოდ აგრძელებს სიცოცხლეს და მხოლოდ პოლიტიკურ გარსს იცლის სხვადასხვა პარტიის სათავეში მოსვლით.

სისტემა უნდა ტრანსფორმირდეს (და ამის სრულფასოვნად განხორციელების შანსი მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში გვექნება). ჩვენ გვჭირდება მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ეფექტურად ებრძვის დანაშაულსა და კორუფციას; რომელიც არ ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას; რომელსაც აქვს შიდასამართლებრივი მექანიზმები (დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შიდასისტემულ შეცდომებსა და დანაშაულზე რეაგირებისთვის, პარლამენტის საგამოძიები კომისია), რომლებიც დღეს არსებული კრიზისის მსგავს კრიზისებზე ადექვატურ რეაგირებას ახდენს.

და ბოლოს: რა მოხდება.

პოლიტიკოსისთვის პროგნოზის კეთება უმადური საქმეა. მაგრამ რადგან ჩემი პროგნოზი ერთხელ უკვე გამართლდა (იხილეთ ჩემი 2012 წლის 22 დეკემბრის წერილი “სამი კაკალი კონკიასათვის” ბმულზე https://sapere8aude.wordpress.com/2012/12/22/სამი-კაკალი-კონკიასათვის/ ), გავბედავ და ვიტყვი მომავლის პროგნოზს:

ახლა “ქართული ოცნება” შეეცდება, ისარგებლოს მესამე ჯგუფზე პირველი ჯგუფის უპირატესობით და გააგრძელოს უტიფრობა: დანიშნოს ბიძინა ივანიშვილის მორიგი პირადი პროკურორი და თავად დააკომპლექტოს პარლამენტის საგამოძიებო კომისია. უშუალოდ, ხორავას საქმეზე შეიძლება ვინმეს გაწირვა მოუწიოს, მაგრამ ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ზემოაღწერილი ბერკეტები არ დაუთმოს საზოგადოებას.

გრძელვადიანად, “ქართულ ოცნებას” აღარანაირი რესურსი, საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე ადექვატური რეაგირება მოახდინოს, არ აქვს. ახალგაზრდების მკვლელობის საქმის გამოუძიებლობისა და ამას მოყოლილი საზოაგდოებრივი მღელვარების ფონზე მეტროს გაფიცვა (რომელიც ასევე რამდენიმეთვიანი ნაღვერდლის აალებაა) ამის ნათელი სიმპტომია. ჩვენ შესულები ვართ 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელ მდგომარეობაში, ოღონდ შეიძლება ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდეთ ამას მხოლოდ იმის გამო, რომ მოასფალტებულ გზებზე დავდივართ, დენი 24 საათი გვაქვს და ონკანში წყალი მოდის.

ვიცით, რომ ხელისუფლება შეიცვლება. კითხვაა, როდის, როგორ და რამდენად უმტკივნეულოდ. ის, როგორი იქნება პარლამენტის საგამოძიებო კომისია, ამ კითხვაზე სავარაუდო პასუხს მაღალი ალბათობით დღესვე გაგვცემს.

Advertisements

სოფლის მეურნეობა: სად არის პრობლემა?

ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ურბანიზაციის ზრდასთან:

URB-INC

საქართველო, 43% სოფლის მოსახლეობით, ამ თვალსაზრისით შუაშია და ღარიბი ქვეყნების მონაცემებთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე განვითარებულ სამყაროსთან:

URB-INC-G

ისტორიულად, ქვეყნების ეკონომიკური განვითარების, მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდისა და ურბანიზაციის მატებასთან ერთად, მცირდებოდა ამ ქვეყნებში მოსახლეობის სოფლის მეურნეობაში დასაქმების წილი:

AGR-INC

საქართველოსა და, ვთქვათ, ურბანიზებული ჩეხეთის 2015 წლის მონაცემები რომ შევადაროთ:

  • საქართველოში სოფლის მეურნეობა ეკონომიკის 9.1%-ია; სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მოსახელობის 43%; ერთ სულზე შემოსავალი (PPP) კი – 9,679 $
  • ჩეხეთში სოფლის მეურნეობა ეკონომიკის 2.4%-ია; სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მოსახელობის 3.6%; ერთ სულზე შემოსავალი (PPP) კი – 29,400 $

არა მხოლოდ საქართველოში, ყველა ქვეყანაში სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ყველაზე ნაკლებპროდუქტული სფეროა. ქვეყნების ეკონომიკური განვითარება და  მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდა მოხდა იმის ხარჯზე, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკებში სოფლის მეურნეობის წილი შემცირდა, ხოლო მრეწველობის, შემდეგ კი მომსახურების სფეროს წილი გაიზარდა.

საქართველოშიც, 2003-დან დღემდე ქართული ეკონომიკის მთლიანი გამოშვება 3.8-ჯერ გაიზარდა.

საშუალოზე მეტად გაიზარდა, მაგალითად:

  • ოპერაციები უძრავი ქონებით – 10.4-ჯერ
  • საფინანსო საქმიანობა – 9.5-ჯერ
  • სახელმწიფო მმართველობა – 8.4-ჯერ
  • განათლება – 5.2-ჯერ
  • მშენებლობა – 5.1-ჯერ
  • დამამუშავებელი მრეწველობა – 4.9-ჯერ
  • სასტუმროები და რესტორნები – 4.6-ჯერ

საშუალოზე ნაკლებად გაიზარდა:

  • სამთომოპოვებითი მრეწველობა – 3.6-ჯერ
  • წარმოება საკუთარი მოხმარებისათვის – 3.4-ჯერ
  • საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტა – 3-ჯერ
  • პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ – 2.1-ჯერ
  • სოფლის მეურნეობა – 1.7-ჯერ

თქვენ რომ იყოთ ინვესტორი და ფიქრობდეთ, ეკონომიკის რომელ სფეროში ჩადოთ ფული, ეცდებოდით, ფული ჩაგედოთ საფინანსო სექტორში და არა სოფლის მეურნეობაში, რადგან ზრდაც და, შესაბამისად, ამონაგებიც პირველში უფრო სწრაფი და მეტია, ვიდრე – მეორეში. სწორედ ეს იწვევს იმას, რომ ხელფასებიც პირველში 3-ჯერ მეტია, ვიდრე – მეორეში.

ხელფასი სექტორების მიხედვით

ამის შედეგი ისაა, რომ სოფლად სიღარიბე მეტია, ვიდრე ქალაქად. საქართველოში 2016 წელს, 2015-თან შედარებით, სოფლად სიღარიბე გაიზარდა: 24.7-დან 25.5%-მდე. შედარებისთვის, ქალაქად იგივე მაჩვენებელი 16.7%-დან 16.9%-მდე გაიზარდა.

რაც უფრო მეტი ადამიანია ჩაბმული სოფლის მეურნეობაში, მით უფრო ნაკლებია მიწის ფართობი, რომელიც ერთ მეურნეობაზე მოდის. შესაბამისად, მეტია არაეფექტურობაც:

  მეურნეობის საშუალო ზომა აგრარული სექტორის წილი ეკონომიკაში აგროდასაქმება, მთლიანის არაეფექტურობა
კანადა 315 1.91% 2% 1.10
აშშ 165 1.20% 2.00% 1.70
დანია 60 1.18% 2.50% 2.00
დიდი ბრიტანეთი 57 0.72% 1.40% 2.20
იაპონია 2 1.17% 4% 4.00
საქართველო 1 9% 40% 7.00

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის საშუალო ფართობი რეგიონების მიხედვით ასეთია:

მიწის ფართობი

ესაა იმის მიზეზი, რომ “ქართული ოცნების” მიერ 4 წლის განმავლობაში სოფლის მოსახლეობაში ხვნა-თესვის ვაუჩერის დარიგების მიუხედავად, ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 274.9 ათასი ჰექტრიდან (2014) 240 ათას ჰექტრამდე (2016).

შემცირებაა სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოებაში. საქსტატის 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს ვაწარმოეთ უფრო ნაკლები, ვიდრე 2015 წელს:

  • ხორცი – 52.5 ათასი ტონა 62.1-ის ნაცვლად
  • კვერცხი – 564.7 მლნ ცალი 601.2-ის ნაცვლად
  • რძე – 506.1 მლნ ლიტრი 676.5 -ის ნაცვლად

ყოველივე ზემოთქმული რომ შევაჯამოთ:

  • სოფლის მეურნეობაში პროდუქტულობა ყველაზე ნაკლებია
  • ამიტომ ინვესტირებისათვის სოფლის მეურნეობა ყველაზე ნაკლებ მიმზიდველია
  • სოფლის მეურნეობის გამოშვება ყველაზე ნელა იზრდება და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა შემოსავალიც ყველაზე ნაკლებია

იმის გამო, რომ საქართველოში სოფლად 43% ცხოვრობს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, მათ ყველაზე დაბალი შემოსავლები აქვთ და სიღარიბე სოფლად გაცილებით მეტია, ვიდრე ქალაქად.

აქედან გამოსავალი ორია:

  1. დაბალი გადასახადებით და ეკონომიკაში ნაკლები ჩარევით, მთავრობა საშუალებას აძლევს ბიზნესს, თავად განსაზღვროს, ეკონომიკის რომელ სექტორში ჩადოს ინვესტიცია. ეს იწვევს ეკონომიკის მაღალპროდუქტული დარგების ზრდას და ამცირებს სოფლის მეურნეობის წილს, რასაც სამუშაო ძალა გადაყავს უფრო მაღალანაზღაურებად სექტორებში სოფლის მეურნეობის დაბალანაზღაურებადი სექტორიდან. ამით მცირდება სიღარიბეც. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი კი მცირდება, მაგრამ ხდება მეურნეობათა გამსხვილება, პროდუქტულობის გაზრდა, ეფექტიანობის ამაღლება და სოფლის მეურნეობაში დარჩენილთა შემოსავლების ზრდასაც. ესეც დამატებით ამცირებს სიღარიბეს.
  2. მთავრობა ზრდის გადასახადებს და ამ ფულს მიმართავს ეკონომიკის ყველაზე ნაკლებპროდუქტულ სექტორში (ხვნა-თესვის ვაუჩერი), მაგრამ შედეგი არის არათუ ნული, არამედ უარყოფითი (სოფლად სიღარიბე გაიზარდა). ეს არის სოციალისტური ხედვა, რომლის შედეგები ტრაგიკული ისტორიული “ექსპერიმენტით”, სახელად საბჭოთა კავშირი, მკითხველისათვის კარგად უნდა იყოს ცნობილი.

და ბოლოს, 2 შენიშვნა:

  1. ურბანიზაცია აუცილებლად სოფლის დაცლას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს სოფლის ქალაქური ტიპის დასახლებად გადაქცევას (გზა, წყალი, გაზი, ელექტროენერგია, ინტერნეტი, სკოლა, ბაღი, სამედიცინო პუნქტი), თუმცა ყველა სოფლის ქალაქური ტიპის დასახლებად გადაქცევა ვერ მოხდება და ეკონომიკურად შეიძლება გაუმართლებელი იყოს.
  2. გამონაკლისის სახით, მთავრობას უნდა ჰქონდეს სპეციალური პროგრამების განხორციელების საშუალება სასაზღვრო ზონის სოფლებში (მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი), თუმცა ტურიზმის განვითარება ამ სოფლების დეპოპულაციის პრობლემასაც მოხსნის და არც აქ იქნება საჭირო მთავრობის ზედმეტი ჩარევა.

გზამკვლევი ჟურნალისტებისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და მასში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ

2013 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებისთანავე განვაცხადე იმ სისტემური რისკების შესახებ, რაც პროგრამას დაუძლეველ პრობლემებს შეუქმნიდა. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი გამართლდა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის 2017 წლის 27 იანვრის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის მიერ გაკეთებული მიმოხილვა და სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის ხელმძღვანელის, დევი ხეჩინაშვილის მიერ წარმოდგენილი “საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომი განვითარების იდეა” იმის დასტურია, რომ პროგრამა ძირეულ რეფორმას საჭიროებს.

რა პრობლემები აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას

(სია არასრულია)

  1. პროგრამას ერთნაირი მიდგომა აქვს მდიდარი და ღარიბი მოქალაქეების მიმართ; მაღალშემოსავლიან მოქალაქესაც იმავე პრინციპით უფინანსდება მკურნალობა, როგორც დაბალშემოსავლიანს. ღარიბებს უჭირთ საკუთარი ჯიბიდან თანაგადახდა. ამიტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის, USAID-ის, გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევები მკაფიოდ აჩვენებს, რომ პროგრამის ფულს შეძლებული მოქალაქეები უფრო მოიხმარენ, ხოლო ღარიბებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაუუარესდათ (იხილეთ დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე). NDI-ბოლო კვლევაში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა პრობლემად მოქალაქეების 23%-მა დაასახელა.
  2. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის თანხების უდიდესი ნაწილი თბილისსა და 2-3 რეგიონულ ცენტრში იხარჯება, ხოლო რაიონულ საავადმყოფოებში – სულ უფრო და უფრო ნაკლები. შესაბამისად, რაიონულ საავადმყოფოებში სამედიცინო სერვისები სულ უფრო იკარგება და შედარებით მარტივი სამედიცინო მანიპულაციებისთვისაც კი პაციენტს რეგიონულ ცენტრში (ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი) ან დედაქალაქში უწევს წასვლა. ჯანდაცვაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუარესება კიდევ უფრო აუარესებს ფინანსურ ხელმისაწვდომობას, რადგან მკურნალობის ხარჯს მგზავრობის და “თავზე დგომის” ხარჯი ემატება. რაც უფრო ღარიბია ადამიანი და რაც უფრო შორს ცხოვრობს დედაქალაქიდან ან რეგიონული ცენტრიდან, მით უფრო უჭირს ჩაიტაროს საჭირო მკურნალობა. (იხილეთ ღარიბს ვართმევ, მდიდარს ვაძლევ…).
  3. იკლო სახელმწიფო ფინანსების ხარჯთეფექტურობამ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდე 240 მლნ ლარით 1.8 მლნ მოქალაქეს (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, 6 წლამდე ბავშვი, სოციალურად დაუცველი, პენსიონერი, პედაგოგი, სტუდენტი, პოლიციელი, სამხედრო პირი) ჰქონდა უკეთესი უზრუნველყოფა (ანუ ჯიბიდან უწევდა უფრო ნაკლების თანაგადახდა, უმეტეს მათგანს კი საერთოდ არ უწევდა), ვიდრე დღეს 660 მლნ ლარით აქვს 3.2 მლნ მოქალაქეს. დღეს, უმეტეს შემთხვევაში, მოქალაქეს საკუთარი ჯიბიდან მკურნალობის მთლიანი ხარჯის 60%-ის დაფარვა უხდება (იხილეთ ფაქტჩეკის ანალიზი ჯანდაცვის ხარჯების 75%-ს მოსახლეობა საკუთარი ჯიბიდან იხდის). ეს კი, როგორც უკვე აღვნიშნე, კდევ უფრო ართულებს ღარიბების მიერ საჭირო მკურნალობის მიღებას. ხარჯეფექტურობის დაქვეითებამ და პროგრამიდან გაუმართლებელი ხარჯების გაწევა გამოიწვია იმან, რომ პროგრამის მართვა სადაზღვევო კომპანიებიდან ისევ მთავრობის (ჯანდაცვის სამინისტროს) ხელში დაბრუნდა.
  4. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოქმედების მეოთხე (!) წელს აღმოაჩინა მთავრობამ, რომ პროგრამის ფული იხარჯება მათზეც, ვინც თავისი ჯიბიდან ყიდულობს ჯანმრთელობის დაზღვევას და ვისი მკურნალობის ხარჯიც კერძო სადაზღვევო კომპანიამ უნდა დაფაროს. ეს ფაქტი დავით სერგეენკომ, რა თქმა უნდა იცოდა, მაგრამ მან უკვე მიაყენა სადაზღვევო სექტორს (იხილეთ ფაქტჩეკის ანალიზი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ კერძო სადაზღვევო ბაზარზე უარყოფითად იმოქმედა) და კერძო დაზღვეულებს ზიანი, როდესაც პროგრამის მართვა სადაზღვევო კომპანიებიდან ისევ მთავრობის (ჯანდაცვის სამინისტროს) ხელში დააბრუნა და სანამ მთავრობას ძალიან არ გაუჭირდა, ამ ფაქტზე იგი თვალს ხუჭავდა.
  5. ხარჯეფექტურობის დაქვეითებამ და გაუმართლებელი ხარჯების გაწევამ მუდმივი პრობლემები შუქმნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტსაც (იხილეთ ფაქტჩეკის ანალიზი რა აძვირებს ჯანდაცვას). ბოლო ორი წელია, პროგრამას დაგეგმილ თანხაზე 100 მლნ ლარის დამატება სჭირდება, რაც ქვეყნის ეკონომკურ პრობლემებს აღრმავებს. ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. პროგრამის ფუნდამენტური ცვლილების აუცილებლობა, რაზედაც დღეს აკაკი ზოიძე საუბრობს, ამითაა განპირობებული. ამით იყო გამოწვეული პრემიერ კვირიკაშვილისა და მინისტრ სერგეენკოს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები საყოველთაო ჯანდცავის პროგრამის მომავლის შესახებ.
  6. იმის გამო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დავით სერგეენკოსათვის პირადი პრესტიჟის საკითხია, ჯანდაცვის სხვა პროგრამები ყურადღების მიღმაა დარჩენილი. ყველა დამატებითი თეთრი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ხმარდება (არაეფექტურად!), ხოლო სხვა პროგრამებს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ. მაგალითად, ფსიქიატრია გამოდგება (იხილეთ ფსიქიატრების ღია წერილი დავით სერგეენკოს).
  7. იმისათვის, რომ საყოველთო ჯანდაცვის პროგრამის ზემოაღნიშნული პრობლემები დამალოს, დავით სერგეენკო არღვევს კანონს და 2013 წლიდან აღარ აქვეყნებს ჯანდაცვის ეროვნულ ანგარიშებს.

მე 2013 წელსვე განვაცხადე: “ქართულ ოცნებას” ამდენი ფული იმ სისტემით (იხილეთ დაზღვეული ქართული ჯანდაცვა) დაეხარჯათ, რაც 2010-12 წლებში ჩამოყალიბდა და არ დაბრუნებოდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების სოციალისტურ მეთოდს (იხილეთ საყოველთაო დაზღვევის უტოპია), გვექნებოდა დადებითი ეფექტი ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებაზე, სახელმწიფო ფინანსების ხარჯთეფექტურობაზე, საავადმყოფოების ფინანსურ მდგრადობაზე.

რა უნდა შეიცვალოს

ყველა ცვლილება, რასაც აქამდე დავით სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახორციელებდა, მიმართული იყო არა ზემოჩამოთვლილი სისტემური პრობლემების გამოსწორებაზე, არამედ პროგრამის თანდაყოლილი დეფექტების შენიღბვა/შელამაზებაზე. ამჟამად დაანონსებული (ა) “სელექტიური კონტრაქტირებაც” (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან “ფულის წველაში” დავით სერგეენკოსა და აკაკი ზოიძის მიერ დადანაშაულებული საავადმყოფოების გამოხშირვა) და (ბ) კერძო დაზღვევის მქონეთათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან დაფინანსების მიღების აკრძალვა ასეთივე უნაყოფო მცდელობაა, რომელიც პრინციპულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. პირიქით, გააღრმავებს.

(ა)-ს გამო საავადმყოფოების ნაწილი, რომლებიც ისედაც 5-6 თვის დაგვიანებით იღებენ პაციენტებისთვის ჩატარებული მკურნალობის საფასურს ჯანდაცვის სამინისტროდან, უმძიმესი ფინანსური პრობლემების წინაშე დადგებიან.

(ბ)-ს გამო კერძო დაზღვევის პაკეტის საფასური, რომელიც გაორმაგდა 2013 წლის შემდეგ, გაიზრდება და მის ყიდვას, მით უმეტეს, შემქნილი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, უფრო და უფრო ნაკლები მოქალაქე შეძლებს. ამიტომ კერძო დაზღვეულთა რიცხვი, რომელიც დავით სერგეენკოს რეფორმის გამო 2012 წლის შემდეგ არ გაზრდილა, სავარაუდოდ, შემცირდება. თუ ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამს დაემატებიან, გამოვა, რომ დანაზოგი, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან კერძო დაზღვევის მფლობელების გამოთიშვით უნდა შექმნილიყო, არ იქნება.

[მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით იხილეთ ფაქჩეკის ანალიზი ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვაში – მთავრობის გეგმები და მოსალოდნელი შედეგები]

თუმცა უცნობია, ისინი, ვინც ვეღარ იყიდის კერძო დაზღვევას, მოხვდებიან თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. დღეს მინიმუმ 40,000 ადამიანია, ვინც კერძო დაღვევა დაკარგა, მაგრამ ვეღარც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოხვდა. ეს კი ნიშნავს, რომ პროგრამა სულაც არაა ისეთი საყოველთაო, როგორც ამას მისი მესვეურები გვასაღებენ.

დიდი ხანია ვამბობ, რომ პრინციპულად უნდა შეიცვალოს 2 რამ:

  1. პროგრამა უნდა გახდეს მიზნობრივი: რაც უფრო ღარიბია ადამიანი, მით მეტად უნდა დაეხმაროს სახელმწიფო;
  2. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება უნდა გადავიდეს სადაზღვევო კომპანიების ხელში. ანუ ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოებს პირდაპირ კი არ უნდა გადაურიცხოს კონკრეტული პაციენტის მკურნალობის ფული, არამედ სამინისტრომ სადაზღვევო კომპანიებისგან უნდა შეიძინოს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი და ყოველ ასეთი დაზღვეულის მკურნალობაზე საავადმყოფოს თანხა სადაზღვევო კომპანიამ უნდა გადაუხადოს.

რას აპირებს „ქართული ოცნება“

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის 2017 წლის 27 იანვრის სხდომაზე წარმოდგენილი მოსაზრებების მიხედვით, „ქართული ოცნება“ აპირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშოს დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანი:

  • დასაქმებული მოქალაქე და მისი ოჯახის წევრები (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები)
  • სტუდენტები
  • საჯარო სკოლის პედაგოგები
  • მოქალაქე და მისი ოჯახის წევრი, რომელთა ოჯახის წლიური შემოსავალი 40,000 ლარი და მეტია

ამ ადამიანების კერძო სადაზღვევო პაკეტს შეიძენს ან დამსაქმებელი (სახელმწიფო, კერძო კომპანია)/უნივერსიტეტი, ან თავად ეს ადამიანი, ან ორივე ერთად გარკვეული თანამონაწილეობით.

გაჟღერდა იდეა, რომ დაბალშემოსავლიან დასაქმებულებს სახელმწიფო დაუფარავს სადაზღვევო პრემიის ნაწილს. მაგალითად, თუ ერთი ადამიანის კერძო დაზღვევა ჯდება თვეში 50 ლარი, ვთქვათ, 20 ლარი შეიძლება გადაიხადოს დამსაქმებელმა, 20 ლარი – თავად დაზღვეულმა (დასაქმებულმა), 10 ლარი კი დაამატოს ჯანდაცვის სამინისტრომ.

რაც შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები), „ქართული ოცნების“ გეგმით, მათი ჯანდაცვის ხარჯი არსებული სისტემით (როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო პირდაპირ ურიცხავს ფულს საავადმყოფოებს) დაიფარება.

რა უნდა ვკითხოთ „ქართულ ოცნებას“

  • კერძო სადაზღვევო პაკეტები, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშული დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანისთვის შეიძენენ დამსაქმებლები/დასაქმებულები, სახელმწიფოს მიერ დადგინდება? შეიძლება კომპანიამ თავის თანამშრომელსა და მისი ოჯახის წევრებს ფორმალურად უყიდოს დაზღვევის პაკეტი, მაგრამ ის პრაქტიკულად არ ფარავდეს ძირითად სამედიცინო მომსახურებებს.
  • რა ეღირება საშუალოდ ასეთი პაკეტი? რამდენად შეძლებს წვრილი ბიზნესი, აწიოს ეს ტვირთი? თუ ვერ აწევს და სახელმწიფო დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს ნაწილობრივ დაეხმარება სადაზღვევო პაკეტის შეძენაში, როგორი იქნება სახელმწიფოს თანამონაწილეობა და რა დაუჯდება ეს ბიუჯეტს?
  • პენსიონერი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40,000 ლარი და მეტია, რომელ კატეგორიაში მოხვდება – ჩაითვლება პენსიონერად, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, თუ ოჯახის წევრად, რომლისთვისაც კერძო დაღვევას ყიდულობენ?
  • დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის კერძო დაზღვევის პაკეტის შეძენა სავალდებულო იქნება? რა კრიტერიუმებით განისაზღვერება, როდის იხდის კომპანია თანამშრომლის დაზღვევის საფასურს 100%-ით, 50%-ით ან 25%-ით? თუ დამსამებელი ან დასაქმებული (ვისაც ევალება) არ იყიდის კერძო დაზღვევას, რა იქნება სანქცია?
  • რა პრინციპით ანაზღაურდება მედიკამენტსი საფასური მიზნობრივი ჯგუფებისათვის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები)?

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტში განხილვების გაგრძელების პარალელურად, დამატებითი კითხვები აუცილებლად გაჩნდება და მას შემდგომ განმარტებებში მოგაწვდით.

რესპუბლიკის დასაცავად

1787 წლის საკონსტიტუციო კონვენტზე მერილენდიდან წარგზავნილი ჯეიმს მაკჰენრის ჩანაწერებში ერთი საინტერესო ფურცელია: განხილვების ბოლო დღეს დარბაზიდან გამოსულ ბენჯამინ ფრანკლინს ჰკითხეს “რა მივიღეთ დღეს, რესპუბლიკა თუ მონარქია?” ფრანკლინმა უპასუხა:

“რესპუბლიკა … თუკი თქვენ მას შეინარჩუნებთ”

შეერთებული შტატების კონსტიტუციაში სიტყვა “დემოკრატია” არ გვხვდება. დამფუძნებელი მამები უფრთხოდნენ დემოკრატიას, როგორც უმრავლესობის (მასების) შეუზღუდავ და უკონტროლო (!) მმართველობას. ამიტომ ააგეს მათ ამერიკის მმართველობის სისტემა შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპზე.

ზუსტად იმავე პერიოდში, 1795 წელს ატლანტიკის გამოღმა იმანუელ კანტი ესეში “სამარადჟამო მშვიდობისათვის” ხალხებს შორის მშვიდობის დამყარების ერთ-ერთ წინაპირობად ყველა სახემწიფოს რესპუბლიკად ჩამოყალიბებას ასახელებდა. “რესპუბლიკანიზმი აღმასრულებელი ხელისუფლების (მთავრობის) საკანონმდებლო ხელსიუფლებისაგან გაყოფის პოლიტიკური პრინციპია, – წერდა კანტი – … სახელმწიფოს სამი ფორმიდან სწორედ რომ დემოკრატიაა, ამ სიტყვის ყველაზე მკაცრი აზრით, დესპოტური, ვინაიდან მასში იქმნება ისეთი აღმასრულებელი ხელისუფლება, როდესაც ყველა წყვეტს თითოეულის ნაცვლად და, თუ საჭიროა, თითოეულის წინააღმდეგაც (თუ იგი ყველას აზრს არ ეთანხმება)”.

“არასოდეს ყოფილა დემოკრატია, რომელიც თვითმკვლელობამდე არ მისულა,” – წერდა ოკეანის გაღმა რესპუბლიკის II პრეზიდენტი ჯონ ადამსი. დამფუძნებელი მამების სკეფსის დემოკრატიის მიმართ განაპირობებდა შემდეგი მოსაზრება: დემოკრატიაში პოპულისტი ლიდერები ადვილად კრავენ სიძულვილსა და ბოღმაზე დაფუძნებულ უმრავლესობას და მერე ამ უმრავლესობის სახელით კანონიერად (!), არსებულის სისტემის ფარგლებში ხელყოფენ სხვების თავისუფლებასა და ქონებას.

დონალდ ტრამპის კანდიდატობა და ახლა უკვე პრეზიდენტობა, სხვა ფაქტორების – მაგალითად, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მის მიერ გაკეთებული განცხადებების – გარდა, სწორედ პოპულისტობის გამო იწვევს შიშს, მათ შორის, რესპუბლიკური პარტიის ელიტასა და კონსერვატორ კომენტატორებში.

ტრამპის პრეზიდენტობა – დასაწყისი

ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკაში პრეზიდენტის შემაკავებელი და გამაწონასწორებელი როლი კონგრესსა და უზენაეს სასამართლოს აკისრია (და, რა თქმა უნდა, მედიას, როგორც “ხელისუფლების მეოთხე შტოს”). სენატშიც და წარმომადგენელთა პალატაშიც უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას უპყრია მინიმუმ მომდევნო 2 წლის განმავლობაში, ვიდრე 2018 წლის შუალედურ არჩევნებში სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ადგილთა ნაწილი კვლავ არ გამოვა ამომრჩევლის სამსჯავროზე.

ზოგიერთის აზრით, ტრამპის პოპულიზმის შებოჭვის საქმეში გადამწყვეტ როლს სწორედ სენატისა და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობები შეასრულებენ შიდაპარტიული დებატების გზით. მე ამ მიმართულებით დიდად ოპტიმისტი არ ვარ შემდეგი მოსაზრებების გამო:

  • შეკავებისა და გაწონასწორების შიდაპარტიული, დახურული, კულუარული სისტემის ეფექტურობა ძალიან დაბალია;
  • დონალდ ტრამპმა არ დაუთმო და პრეზიდენტობის კანდიდატობა მოუგო სწორედ ამ რესპუბლიკურ ისტებლიშმენტს, მათ შორის, ლეგიტიმაციის ზღვარზე სიარულით. მას ახლა აქვს თვითრწმენა, რომ ამ “ბიუროკრატებს” კვლავ მოუგებს და ამიტომ ურთიერთობების გამწვავებისგან უკან არ დაიხევს, ოღონდ თავისი გაიტანოს;
  • 2 წელიწადში გადარჩევა სენატორებისა და კონგრესმენების ნაწილს უწევს და არა პრეზიდენტს. მათ შორის პოლემიკა სენატორებისა და კონგრესმენების საარჩევნო კამპანიას დააზარალებს და არა დონალდ ტრამპისას. ამიტომ თეთრი სახლი უფრო აგრესიული დარჩება ცალკეულ საკითხებზე შიდაპარტიული დებატებისას, ვიდრე კაპიტოლიუმი და რესპუბლიკური ისტებლიშმენტი.

უზენაეს სასამართლოში, გარდაცვლილი ანტონინ სკალიას ნაცვლად, პრეზიდენტი ტრამპი წარადგენს და რესპუბლიკური კონგრესი დაამტკიცებს კონსერვატორ მოსამართლეს. შედაგად, სასამართლო ვერ გახდება გამოკვეთილად ლიბერალური, რომ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებათა კონსტიტუციურობის საკითხზე მისი პოზიცია “ავტომატურად ცნობილი” იყოს.

დღეს მედიაც პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის სრული ანარეკლია. ადამინები კონკრეტულ არხს უყურებენ და უსმენენ არა ინფორმაციის მიღების, არამედ საკუთარ რწმენასა და მსოფლაღქმაში თვითგანმტკიცების მიზნით. ამერიკის დამფუძნებელი მამების ეპოქაში მედია სამოქალაქო განათლების ინსტიტუტი იყო, რომელიც, პოპულიზმის საწინააღმდეგოდ, ადამიანებში სამოქალაქო, რესპუბლიკურ ეთოსს ამკვიდრებდა.

დღეს ამერიკის წამყვანი (ლიბერალური) მედია თითქოს ებრძვის პრეზიდენტ ტრამპის პოპულიზმს და, ვაგლახ, მხოლოდ აძლიერებს ტრამპისა და ტრამპისტების თვითრწმენას. ტრამპმა საპრეზიდენტო კანდიდატობაც და პრეზიდენტობაც ლიბერალური მედიის მხრიდან ულმობელი კრიტიკის, გაშარჟების, დაცინვის ფონზე მოიგო.

პოლარიზაცია – პოპულიზმის წინაპირობა

გლობალიზაციისა და თანმდევი სოციო-ეკონომკური ძვრების გამო მსოფლიოს ყველა ქვეყანში, მათ შორის, შეერთებულ შტატებშიც ადამიანთა ნაწილი პოლიტიკური და ეკონომკური ცხოვრებიდან გარიყული აღმოჩნდა. პოლიტიკურმა პოლარიზაციამ მმართველობის ეფექტურობა დაასუსტა, რომ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ამ გარიყული ადამიანებისათვის ხელთ მათი კონკრეტული პრობლემების გასაღები მიეცა.

პოპულიზმი და დემაგოგია ამ ადამიანებისათვის ფსიქოლოგიური შვება აღმოჩნდა. მათ ებნებიან, რომ მათი მდგომარეობა მათიივე ბრალი არაა, არამედ სხვების – “დამპალი პოლიტიკოსებისა” და “ჩახავსებული ბიუროკრატების”. მათ აძლევენ საშუალებას, შური იძიონ: არ აქვს მნიშვნელობა ვისზე და რაზე; მთავარია იძიონ შური, თუნდაც საკუთარი თავის ჭაობში კიდევ უფრო ღრმად ჩაფლობის ხარჯზე.

რაც უნდა უცნაური იყოს, პოპულიზმი (მემარცხენე იქნება იგი თუ მემარჯვენ) ჭკვიანი ადამიანების ნაწილისათვისაც მისაღებია. ამ ადამიანებს თავად მასები არ უყვართ და დიადი მიზნებისათვის მათით მანიპულაციას, მათ ემოციებზე თამაშს დასაშვებად მიიჩნევენ. პოპულიზმის მომხრე ჭკვიანები ამბობენ: მასების განათლება, მათში სამოქალაქო ეთოსის შეტანა გრძელვადიანი და უმადური საქმეა, თუ საერთოდ შეუძლებელი არა. ამიტომ მოდი, ეს ხალხი გამოვიყენოთ, ძალაუფლება ხელში ავიღოთ და მერე ის ვაკეთოთ, რაც მიზანშეწონილად მიგვაჩნია.

[ამ თემაზე იხილეთ ჩემი 2 წლის წინანდელი წერილი  არის თუ არა დემოკრატია კარგი რამ ამ წერილში სიტყვა “დემოკრატიას”, როდესაც კონტექსტი დადებითია, რესპუბლიკის აზრით ვხმარობ – ზ.ჭ.]

ჭკვიანი ტრამპისტები ამბობენ: იქნებ და, კარგი პოლიტიკა გაატაროს. ჭკვიანურია, მაგრამ არა გონივრული, რადგან ასე მსჯელობა იმ მიზეზებს დავიწყებაა, რის გამოც რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები დემოკრატიას, ამ სიტყვის ყველაზე მკაცრი აზრით, ეჭვის თვალით უყურებდნენ.

პოპულისტური მეთოდებით გატარებული პოლიტიკა, კარგი როცაა, ადვილად შეიძლება შემობრუნდეს, რადგან დროში განგრძობადი და სამარადჟამოა (როგორც კანტი იტყოდა) მხოლოდ ის, რაც მოქალაქეთა გაცნობიერებულ არჩევანს ემყარება; ხოლო როცა პოპულისტური მეთოდებით გატარებული პოლიტიკა თან ცუდი და საზიანოა, იგი აღრმავებს საზოგადოებაში პოლარიზაციას და, შესაბამისად, კიდევ უფრო დემაგოგიური პოპულიზმისადმი მიდრეკილს ხდის.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა (პოპულიზმის მეშვეობით), რომელიც უთუოდ ახალი ეპოქის დასაწყისია, შესაძლებელი საზოგადოების უკიდურესი პოლარიზაციის ფონზე გახდა. ვფიქრობ, პოპულიზმის (და არა ტრამპის პრეზიდენტობის!) დასრულება პოლარიზაციის შესუსტებითაა შესაძლებელი.

1960-იან წლებში კონგრესის რესპუბლიკელები პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონთან თანამშრომლობდნენ, 1980-იანი წლების დასაწყისში – კონგრესის დემოკრატები პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან. ახლა კონგრესში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების თანამშრომლობის დროა. რესპუბლიკის დასაცავად. პოპულიზმის წინააღმდეგ.

“ქართული ოცნება”: უკან, საბჭოთა კავშირში

“ქართულ ოცნებას” გამოკვეთილი პოლიტიკური პლატფორმა არ გააჩნია, ხოლო კოალიციის იდეოლოგიურ სიჭრელეზე, ქვეყნის შინ და გარეთ, საყოველთაო კონსენსუსი არსებობს. ამიტომ მთავრობის ქმედებას მეტწილად განსაზღვრავს არა ის, რა უნდათ თავად მათ (გარდა ფულის, ძალაუფლებისა და კომფორტისა), არამედ როგორია მათი ოპონენტის – ნაციონალური მოძრაობის ხედვა ამა თუ იმ საკითხზე.

ნაციონალური მოძრაობის მიმართ დამკვიდრებული კრიტიკული კლიშე კი ასეთია: მართალია, 2004-2012 წლებში იყო ეკონომიკის მაღალი ზრდა, მაგრამ მიღებული დოვლათის თანაბარი გადანაწილება არ მომხდარა; ჯინის კოეფიციენტი (კეთილდღეობის უთანაბრობის საზომი) გაუარესდა. რაკიღა დამარცხების ეშინიათ, “ქართული ოცნების” მომხრეები ნაციონალური მოძრაობის მომხრეებთან არსებით კამათში ვერ შედიან და ირონიულ ჩაქირქილებას – “ჰო, ჰო, ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს” – სჯერდებიან.

არადა საკითხის არსი ასეთია: თუ ნაციონალების დროს არსებული საშუალო 7%-იანი ეკონომიკური ზრდა არ ჰყოფნიდა ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას, როგორ ეყოფა ამას 0.8%-ზე დასული (2016 წლის იანვრის მონაცემი) ეკონომიკური ზრდა. ამის თაობაზე, “ქართული ოცნების” მომხრეები, ბუნებრივია, სდუმან. სდუმან იმის თაობაზეც, როგორ უნდა გაატაროს მთავრობამ ეფექტური სოციალური პოლიტიკა, თუკი ეკონომიკა არ იზრდება და, შესაბამისად, შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტში არ იმატებს (სახელმწიფო ვალის ზრდა, რაც ბოლო 3 წელიწადში მშპ-ს 30%-დან 43%-მდე ავიდა, კიდევ ცალკე საუბრის თემაა).

{თუ თქვენ ამ ბლოგის განახლებების გამოწერა გსურთ: დააჭირეთ ღილაკს +Follow მარჯვენა ქვედა კუთხეში და ღია გრაფაში თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი ჩაწერეთ; თქვენს ელექტრონულ ფოსტაში მიიღებთ გზავნილს, რომელში მითიტებულ ბმულზე დაჭერით უნდა დაადასტუროთ, რომ გსურთ ამ ბლოგის გამოწერა; მომავალში ბლოგის განახლებისთანავე მიიღებთ გზავნილს და წაიკითხავთ ახალ სტატიას.}

ჭარბი რეგულაციები რომ აფერხებს ეკონომიკურ ზრდას, ეს აქსიომა საქართველოს ბოლო სამნახევარმა წელიწადმაც დაადასტურა. ჩემი მიზანია, გაჩვენოთ, რომ ჭარბი რეგულაციები და ეკონომიკური ზრდის შეფერხება უბრალოდ კი არ ზრდის სიღარიბეს, არამედ ყველაზე მეტად აუარესებს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას.

ყველაზე მეტად “ქართული ოცნების” მომხრეები ჩემს ამ თეზისზე გადაირევიან, არადა ეს ნამდვილად ასეა: ნაციონალური მოძრაობის რეფორმები რეალურად თანასწორობაზე დაფუძნებულ საზოგადოებად გვხდიდა, ხოლო “ქართული ოცნების” მმართველობა საბჭოურ, კლიენტელურ, ელიტა-მასად დაყოფილ საზოგადოებად გვაბრუნებს.

წვრილი და საშუალო ბიზნესის კონკრეტულ მაგალითზე ეს კარგად ჩანს:

“იაფი სესხის”, “მეხილეობის განვითარების”, “ექსპორტის წახალისების” და სხვა მსგავსი პროგრამები ბუნებრივად უწყობს ხელს პატრონყმული, კლიენტელური ურთიერთობების აღდგენას. თუ “ქართული ოცნების” დიდბობოლასთან მიგესვლება, პროგრამაში მონაწილეობაც და საერთო-სახალხო ფულით იაფად სარგებლობაც გარანტირებული გაქვს. რაც მთავარია, კონკურენტს, რომელმაც “ქართული ოცნების” დიდბობოლასთან მისასვლელი ვერ გამონახა, უკვე უგებ.

ასეთი სამთავრობო პროგრამები ჩვენი ჯიბეებიდან გადასახედების სახით აკრეფილი ფულის უყაირათო ხარჯვა რომაა, ამას გაჩერებული ქართული ეკონომიკა მოწმობს. საჯარო ფინანსების არასწორი, მავნბლური ფანტვა კი, საბოლოო ჯამში, აუარესებს ჩვენს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, შესაბამისად, გვაქცევს უფრო რისკიან ქვეყნად და საერთშორისო საფინასო ბაზარზე სესხს უძვირებს როგორც მთავრობას, ისე კომერციულ ბანკებს. ამით ყველაზე მეტად ის წვრილი მეწარმე ზარალდება, რომელმაც “ქართული ოცნების” დიდბობოლასთან მისასვლელი ვერ გამონახა და სესხი კომერციულ ბანკში უნდა აიღოს. მისი კონკურენტუნარიანობა “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ წვრილ მეწარმესთან შედარებით კიდევ უფრო შემცირდა.

რა იყო და რა იქნება მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა? კონკურენტული და ყველასათვის თანაბარპირობებიანი გარემოს უზრუნველყოფა. სესხების გაიაფება გვინდა? ამას ყველა ერთად მივაღწევთ, თუ ეკონომიკა სწრაფად გაიზრდება, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაიზრდება, გაუმჯობესდება სუვერენული და კომერციული ბანკების რეიტინგი და ბანკები საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე ფულს იაფად ისესხებენ.

წერილში “დახმარება შეძლებულებს… ღარიბების ხარჯზე” (იხ. ბმულზე https://sapere8aude.wordpress.com/2015/11/23/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A6/ ) აღვწერე, როგორ გაუუარესდათ მდგომარეობა საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს იმის გამო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ძირითადი მომხმარებლები შედარებით შეძლებულები გახდნენ.

“ქართული ოცნების” პოპულისტურმა მთავრობამ ჯანდაცვაში საჯარო ფინანსების არაეფექტურ ხარჯვას ხელი იმითაც შეუწყო, რომ დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებიდან სადაზღვევო კომპანიები გაყარა. ამან, თავის მხრივ, ბაზარზე კერძო სადზღვევო პაკეტები გააძვირა და კიდევ უფრო მძიმედ დააწვა იმ ხალხის ჯიბეს, ვინც ჯანდაცვის საფასურს თავადვე იხდიდა და იხდის. ეს სიტუაცია ზუსტი ასლია იმისა, რაც ამავე მთავრობის პოპულიზმმა საგამომცემლო სფეროში შექმნა.

მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს შედარებით იაფად ვყიდულობდით იმის ხარჯზე, რომ გამომცემლობებს სასკოლო სახელმძღვანელოების მსხვილი შეკვეთა ჰქონდათ განათლების სამინისტროდან. მას შემდეგ, რაც გამომცემლობები ამ სფეროდან გააძევეს (როგორც ირკვევა, “ქართული ოცნების” დიდბობოლის სასარგებლოდ), ისინი მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, მსოფლიო ლიტერატურის შედევრებზე ფასმა კი ისევე მოიმატა, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტებზე.

ეკონომიკური ზრდის გაჩერება და სიღარიბის ზრდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერ საბჭოურად მოაზროვნეებს პოლიტიკური სპექტრის უკიდურესი მარჯვნიდან (მოფაშისტო ელემენტები) და უკიდურესი მარცხნიდან (ტროცკისტები) “ტრადიციული გამოსავლისკენ” უბიძგებს: დავიცვათ ბაზარი იმპორტზე ტარიფების შემოღებით; საჯარო ფინანსებით მოვახდინოთ ეკონომიკის პრიორიტეტული დარგების სუბსიდირება, ექსპორტის წახალისება, იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლება; რეგულაციებით შევზღუდოთ ქართულ ეკონომიკაში უცხოელების მონაწილეობა.

ისტორია, მათ შორის, ჩვენი საკუთარი ბოლო სამწელიწადნახევრის, აჩვენებს, რომ ყველა ეს ტრადიციული გამოსავალი ტრადიციულადვე მავნე და საზიანოა. ეკონომიკამ ამ ნაბიჯებს უკვე გასცა პასუხი: ხვნა-თესვის სამთავრობო პროგრამის არსებობის მეოთხე წელს ქვეყანაში მიწის დამუშავებული ნაკვეთების ფართობი შემცირდა!

სწრაფად მზარდ ეკონომიკას იმპორტის ზრდა არ აშინებს, თუკი ქვეყანაში ინვესტიციები შემოდის, ექსპორტი იზრდება, ხოლო ტურისტების ნაკადი მატულობს. დღეს იმპორტი მცირდება, მაგრამ სასიხარულო არაფერი გვაქვს: ჩვენი სავაჭრო ბალანსი ამით არ უმჯობესდება.

იგივეა ჯინის კოეფიციენტის შემთხვევაშიც, რომელიც ასე ჰქონდათ აკვიატებული “ქართული ოცნების” მომხრეებს 2012 წლამდე და რომლის შესახებაც კრინტსაც არ სძრავენ 2012 წლის შემდეგ. კი, შეძლებულებს მოაკლდათ შემოსავალი ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში, მაგრამ ღარიბებს კიდევ უფრო მოაკლდათ და, შესაბამისად, ბალანსი შეძლებულებსა და ღარიბებს შორის არ გაუმჯობესებულა. პირიქით! მოწყვლადები კიდევ უფრო მოწყვლადები გახდნენ.

დასასრულს, უნდა გაგახსენოთ, რასთან შეგუებისაკენ მოგვიწოდა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 5 თებერვლის პრესკონფერენციაზე (იხ. ბმულზე https://sapere8aude.wordpress.com/2013/02/14/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%93/ ). მან ჯერ გვითხრა, რომ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ნათესაობა-ნაცნობობა არის და დარჩება საჯარო სამსახურში სამუშაოდ აყვანის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი. მერე მან ასევე გვითხრა, რომ, ქართული მენტალიტეტის “სათანადო” დონეზე ცვლილების სავარაუდო ვადების გათვალისწინებით, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მზად 20 წელზე ადრე ვერ ვიქნებით.

მე სხვაგვარად ვიტყოდი: თუ ქართული ეკონომიკის ეს სტაგნაცია გაგრძელდა, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ვერც 20 წლის შემდეგ ვიქნებით მზად. ქართული ეკონომიკა კი ზრდის მაღალ ტემპს მაშინ დაუბრუნდება, როდესაც კლიენტელიზმზე, ნათესაობა-ნაცნობობაზე, ხალხის პრივილეგირებულ ფენად და მასად დაყოფაზე, ქსონოფობიასა და უცხოს მიმართ სიძულვილზე, ყალბ საყოველთაობასა და “ბიუჯეტის სოციალურად ორიენტირებულობაზე” აგებულ სახელმწიფო პოლიტიკაზე ანუ “ქართულ ოცნებაზე” ვიტყვით უარს.

 

დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ერთადერთი ხავსია, რომელსაც რუსი ოლიგარქის მთავრობა ებღაუჭება: “ქართული ოცნების” წარმატებად მხოლოდ ეს პროგრამა ითვლება. სწორედ ამიტომ ყველა რესურსს, რაც კი ამ მთავრობას აქვს, ამ პროგრამაში დებს და, შესაბამისად, ყველა სხვა მიმართულებით ზურგი მოშიშვლებული რჩება. მაგრამ მოდით, ვიკითხოთ: შეიძლება თუ არა ეს პროგრამა წარმატებულად ჩაითვალოს?

{თუ თქვენ ამ ბლოგის განახლებების გამოწერა გსურთ: დააჭირეთ ღილაკს +Follow მარჯვენა ქვედა კუთხეში და ღია გრაფაში თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი ჩაწერეთ; თქვენს ელექტრონულ ფოსტაში მიიღებთ გზავნილს, რომელში მითიტებულ ბმულზე დაჭერით უნდა დაადასტუროთ, რომ გსურთ ამ ბლოგის გამოწერა; მომავალში ბლოგის განახლებისთანავე მიიღებთ გზავნილს და წაიკითხავთ ახალ სტატიას.}

ამისათვის, უპირველესად, წარმატების საზომზე უნდა შევთანხმდეთ. მშპ-სთან მიმართებაში სინგაპურის მთავრობა პროცენტულად ჩვენზე ნაკლებ თანხას ხარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (იმათი 1.8%-ია, ჩვენი – 2%), ხოლო უკრაინის – მეტს (4.2%-ს). სამაგიეროდ, სინგაპურს მსოფლიოში მოწინავე ჯანდაცვა აქვს, უკრაინას გარკვეული ასპექტებით ჩამოგვრჩება კიდეც.

საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ მოსახლეობის ზომით ჩვენი თანაბარი სინგაპური ჩვენზე მნიშვნელოვნად მდიდარია და ეს 1.8% უზარმაზარი თანხაა ჩვენს 2%-თან შედარებით. ასე რომ იყოს, მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით უკრაინაც ჩვენზე მდიდარია და თითქოს ჯანდაცვის ზოგადი ინდიკატორები ჩვენზე უკეთესი უნდა ჰქონდეს. უფრო მეტიც, სინგაპურის მთავრობის დანახარჯები ჯანდაცვაზე (ანუ რაც ბიუჯეტიდან ფინანსდება) ჯანდაცვის საერთო დანახარჯების 40%-ია, უკრაინის მთავრობისა კი – 54,5% (ყველა მონაცემი 2013 წლისაა).

სინამდვილეში, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობას განსაზღვრავს არა მხოლოდ ის, რამდენი იხარჯება (გნებავთ პროცენტებში და გნებავთ რეალურ რიცხვებში გამოსახული), არამედ (დიდწილად) ისიც, ვისზე და როგორ იხარჯება.

თუმცა 2013 წლის 1 ივლისიდან დაიწყო (ამბულატორიული ნაწილი თებერვლიდან), საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულად 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. მანამდე “ჰიბრიდული სისტემა” გვქონდა: პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები, 6 წლამდე ასაკის ბავშვები, სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, პედაგოგები “ნაციონალური მოძრაობის” შემოღებული დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებით ფინანსდებოდნენ, დანარჩენი მოსახლეობა, ვისაც თავისი კერძო დაღვევა არ ჰქონდა – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.

გავადევნოთ თვალი ხარჯებს წლების მიხედვით:

2013 წელი – 270 მლნ

2014 წელი – 340 მლნ

2015 წელი – 470 მლნ + 64 მლნ (ჯერჯერობით)

2016 წელი – 570 მლნ (დაგეგმილი)

საქართველო რომ სინგაპურივით მდიდარი ქვეყანა იყოს, მაინც ვიდარდებდით იმას, რომ ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯი იმაზე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე თავად ქვეყნის ეკონომიკა. ამას ბევრ განვითარებულ, მდიდარ და ჯანდაცვის ჩვენზე უკეთესი სისტემის მქონე ქვეყნები დარდობენ. ეს მით უმეტეს სადარდებელია, როდესაც საქართველო ღარიბია და როდესაც მისი ეკონომიკა არ იზრდება “ქართული ოცნების” არა უბრალოდ უნიათო, არამედ მავნებლური პოლიტიკის გამო.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 2015 წლისთვის დაგეგმილ 470 ლარს უკვე დაემატა 64 მლნ ლარი. კიდევ დაახლოებით 30-35 მლნ ლარია დასამატებელი ამ პროგრამაზე, რომ საავადმყოფებისათვის თანხის გადახდის ტემპი ისეთივე იყოს, რაც აქამდე. ეს 30-35 მლნ ლარი რომც მოიძიოს მთავრობამ და ისევ დაუმატოს ჯანდაცვის სამინისტროს, ეს არ ნიშნავს, რომ საავადმყოფოებისათვის დავალიანება სრულად იქნება გასტუმრებული. მაგრამ ამ 30-35 მლნ-ს გარეშე ნამდვილად სერიოზული პრობლემა შეიქმნება დეკემბრის ბოლოს მედპერსონალისთვის ხელფასების გადახდის თვალსაზრისით.

ჯანდაცვის სამინისტრო გვამშვიდებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვისათვი საჭირო თანხები გამოიძებნება, თუმცა არ გვეუბნება მთავარს: დღევანდელი ხარჯების დასაფარავად მთავრობა ვალს იღებს, რომლის გასტუმრება შვილებს მოუწევთ. ვართ კი ამაზე თანახმა?

შვილებისთვის დატოვებული ვალები რომც არ გვანაღვლებდეს, ზემოთ დასმული კითხვა მაინც უნდა გვაწუხებდეს: კერძოდ, ეს თანხები ვისზე და როგორ იხარჯება. შევხედოთ შედეგებს.

2015 წლის 24 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკისა და USAID-ის ექსპერტთა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. კვლევამ აჩვენა, რომ 2010 წელთან შედარებით საყოვეთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობებში ჯანდაცვისთვის საკუთარი ჯიბიდან გადახდები გაეზარდა (ანუ ჯანდაცვაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა გაუუარესდა)

  • სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას
  • მოსახლეობის ყველაზე უღარიბეს მეხუთედს და შუა ფენას

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ჯანდაცვისთვის საკუთარი ჯიბიდან გადახდები შეუმცირა (ანუ ჯანდაცვაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა გაუზარდა)

  • ქალაქის მოსახლეობას
  • მოსახლეობის ყველაზე შეძლებულ ორ მეხუთედს

Снимок экрана 2015-11-23 в 15.41.14

თუ კვლევის ფოკუსში მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს მოვაქცევთ (მათ ექიმთან რეგულარი ვიზიტი და მედიკამენტების რეგულარული მიღება უწევთ), მაშინ აღმოჩნდება, რომ 2010 წელთან შედარებით მათ ჯიბიდან გადახდება გაეზარდათ, განსაკუთრებით სოფლად და განსაკუთრებით ღარიბ ფენებში.

Снимок экрана 2015-11-23 в 15.42.12.png

[რატომ მოხდა ეს, ამაზე არაერთხელ მისაუბრია და დამიწერია. იხ. მაგალითად, ჩემი წერილი ჟურნალ “ფორბსში” http://forbes.ge/news/529/ ]

ჩვენ თუ მართლა გვინდა სოლიდარული საზოგადოება ვიყოთ, ჩვენ თუ გვინდა ჩვენი ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყნის შეზღუდული ფინანსური რესურსი ეფექტურად იხარჯებოდეს, მაშინ უნდა გვაინტერესებდეს, ვისზე და როგორ იხარჯება ეს რესურსი. კვლევები საიმედო სურათს არ იძლევიან.

მეორე მხრივ, საზოგადოებაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოწონებით სარგებლობს და მკითხველი იკითხავს: რატომ ცდება ერთმანეთს კვლევის შედეგები და საზოგადოების აღქმა? მიზეზი რამდენიმეა:

  • ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯი გაიზარდა. მართალია, გაზრდილი ბიუჯეტი უყაირათოდ იხარჯება, მაგრამ ეს მხოლოდ საქმეში შედარებით ჩახედულ ხალხს გვადარდებს;
  • სამედიცინო ელიტა (თბილისის და რამდენიმე დიდი ქალაქის მაღალი რანგის მედპერსონალი და საავადმყოფოების მენეჯერები) კმაყოფილია: სადაზღვევო კომპანიები ყოველ თეთრს აღარ უთვლიან. რაიონული საავადმყოფოების მედპერსონალი უკმაყოფილოა, მაგრამ პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, რას იტყვის სამედიცინო ელიტა და არა რიგითი ექიმები და ექთნები;
  • ყველაზე მთავარი მიზეზი კი ასეთია: სოციალურ ქსელებში, მედიაში ვისი ხმა უფრო გვესმის – შეძლებული ადამიანის, რომელიც მადლიერებას გამოხატავს იმის გამო, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ დაუფარა მკურნალობის ის ხარჯი, რასაც თვითონაც დაფარავდა, თუ იმ ღატაკი ადამიანის, რომელსაც არათუ კომპიუტერი და ინტერნეტი არ აქვს, ტელევიზორსაც ვერ უყურებს და რომელის მისვლას ექიმთან უფასო კონსულტაციაზე აზრი არ აქვს იმიტომ, რომ მერე გამოწერილ წამალს ვერ იყიდის?

“ქართული ოცნების” სოციალისტური მთავრობა ჯანდაცვაზე გაზრდილი ბიუჯეტით იწონებს თავს, ჩვენ კი ვხედავთ, რომ გაზრდილი ბიუჯეტი ღარიბების ნაცვლად, მეტწილად, შეძლებულებს ხმარდება.

სადაა გამოსავალი? იქ, სადაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ვიყავით:

  • უნდა შეველიოთ პოპულისტურ “საყოველთაოობას”, შევეშვათ შედარებით შეძლებულებზე სახელმწიფოს შეზღუდული ფინანსური რესურსის ხარჯვას და მეტად დავეხმაროთ მოწყვლად მიზნობროვ ჯგუფებს: პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, ბავშვებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს;
  • ჯანდაცვა უნდა დაუბრუნდეს სამედიცინო დაზღვევის მოდელს.

სხვადგვარად, გარწმუნებთ, გაისად არც 570 მლნ ლარი იქნება საკმარისი.

უფრო მეტიც, თუ 2016 წლის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტრომ ერთბაშად გაისტუმრა 2015 წელს დაგროვილი დავალიანება, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ისედაც გაუბედურებულ ლარს რა დღე ელის. ეს კი იმავეს ნიშნავს, რაც ენერგეტიკაში მოხდა: დღეს გვიზოგავენ 1 თეთრს, ხვალ კი სანაცვლოდ ჯიბიდან 3 თეთრს გვაცლიან.

ამავე თემაზე იხილეთ:

რა ელის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას – https://sapere8aude.wordpress.com/2015/07/19/რა-ელის-საყოველთაო-ჯანდა/

დავით სერგეენკო: ღარიბს ვართმევ, მდიდარს ვაძლევ… – ჟურნალი “ფორბსი”, 2015 წლის 9 თებერვალი http://forbes.ge/news/529/

სერგეენკოს ახალი რეფორმა მარტოხელა პენსიონერებს “საარსებო შემწეობის” გარეშე დატოვებს – ჟურნალი “ლიბერალი”, 2015 წლის 6 იანვარი http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/122608/

საყოველთაო დაზღვევის უტოპია – ჟურნალი “ტაბულა”, 2013 წლის 18 სექტემბერი http://www.tabula.ge/ge/story/74722-sakoveltao-dazghvevis-utopia

ობამაქეარი – ცურვა დინების საწინააღმდეგოდ – ჟურნალი “ტაბულა”, 2014 წლის 19 მარტი http://www.tabula.ge/ge/story/81214-obamaqeari-curva-dinebis-satsinaaghmdegod

დაუზღვეველი ქართული ჯანდაცვა (წერილი 3 ნაწილად) – გაზეთის “24 საათი” ყოველკვირეული დამატება Weekend, 2013 წლის 24 თებერვალი, 8 მარტი, 31 მარტი http://www.24saati.ge/weekend/story/35777-dauzghveveli-qartuli-jandatsva / http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=5344 / http://www.24saati.ge/weekend/story/36683-dauzghveveli-qartuli-jandatsva

დაზღვეული ქართული ჯანდაცვა – გაზეთის “24 საათი” ყოველკვირეული დამატება Weekend, 2013 წლის 18 იანვარი http://www.24saati.ge/weekend/story/34913-dazghveuli-qartuli-jandatsva

რა ელის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას

ლარის დევალვაციის, ეკონომიკის გაჩერებისა და ფასების ინფლაციის ფონზე, მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა დიდი პრობლემის წინაშე დგას: მან, ერთი მხრივ, ბიუჯეტის სეკვესტრი უნდა განახორციელოს, მეორე მხრივ, კი დამატებითი სახსრები უნდა მოიძიოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისათვის, რომელიც სულ უფრო მეტ და მეტ ფინანსებს იწოვს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 30 ივნისამდე 236 მლნ ლარი უნდა დახარჯულიყო. ივნისის დასაწყისში პროგრამის საკასო ხარჯი უკვე 233 მლნ იყო. ანუ ჯანდაცვის სამინისტრომ 6 თვის დასახარჯი 5 თვეში გახარჯა. საბოლოოდ, 6 თვის ხარჯმა 268 მლნ ლარი შეადგინა, ანუ დაგეგმილზე 32 მლნ ლარით მეტი.

და ეს მხოლოდ საკასო ხარჯის მიხედვით. ფართო საზოგადოებისათვის უცნობია რეალური ხარჯის ოდენობა ანუ სულ კლინიკებმა რა მოცულობის ვალდებულებები წარუდგინეს სამინისტროს ასანაზღაურებლად.

საყოველთაო ჯანდაცვაზე 2015 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია 475 მლნ ლარი ანუ თვეში 475 : 12 = 39,6 მლნ ლარი. სინამდვილეში 46 მლნ ლარი იხარჯება. ეს კი ნიშნავს, რომ წლის ბოლოს კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მინიმუმ 80 მლნ ლარი უნდა დაამატონ სხვა წყაროებიდან.

ეკონომიკური კრიზისის ფონზე მოსახლეობის გაღარიბებამ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსებს სხვა მხრიდანაც შეუტია. მოქალაქეებს სულ უფრო უძნელდებათ, თავისი ჯიბიდან თანადაფინანსების გადახდა და ამიტომ მიმართავენ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც ასევე განკარგავს პროგრამას “რეფერალური მომსახურება”. ეს პროგრამა სამინისტროს მიერ ინდივიდუალური მიმართვების განხილვას და დაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამის 8,7 მლნ-იანი ბიუჯეტიც 6-ის ნაცვლად 5 თვეში გაიხარჯა.

მოქალაქეების ჯიბეზე აისახა სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუარესებაც. შუახევის კლინიკის ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც დაჭრილ ახალგაზრდას ადგილზე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ჩაუტარდა, აისბერგის ხილული ნაწილია.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის უფრო დეტალური ანალიზი ავლენს, რომ 2014 წელს პროგრამაზე 340 მლნ ლარი დაიხარჯა და აქედან თითქმის 2/3 – 220 მლნ დაიხარჯა თბილისში. ეს ნიშნავს, რომ რაიონულ საავადმყოფოების ჰოსპიტალურ ნაწილში ბრუნვა შემცირდა. შესაბამისად, რაიონულმა საავადმყოფომ ვეღარ შეინახა რეანიმატოლოგი, ანესთეზიოლოგი და მივედით იქამდე, რომ რაიონულ საავადმყოფოები მხოლოდ ამბულატორიებად გადაიქცნენ.

[მე არ ვამბობ, რომ რაიონულ საავადმყოფოში ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაციები უნდა ტარდებოდეს, მაგრამ, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სწორი პოლიტიკისა და მართვის პირობებში, გარკვეული სამედიცინო სერვისების ადგილებზე შენარჩუნება და განვითარება შეიძლებოდა და ჯერ კიდევ შესაძლებელია.]

ეს ვითარება, რა თქმა უნდა, პაციენტის ჯიბეს დააწვა. შუახევიდან იგი ბათუმში, ქუთაისში ან თბილისში უნდა წავიდეს ისეთი დაავადების სამკურნალოდ, რომლის მოვლა 2010 წლიდან უკვე ადგილზევე შეიძლებოდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მან შეიძლება თანადაფინანსება კი მიიღო, მაგრამ მთლიანი ხარჯი მაინც გაეზარდა (ტრანსპორტი, სხვა ქალაქში ცხოვრება). ყველა ავტორიტეტული კვლევა მოუთითებს, რომ რეგიონებში გაჭირვებულ ადამიანებს ფინანსური ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე გაუუარესდათ.

ამ ტენდენციამ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს კიდევ ერთი მიმართულებით შეუტია. 5 თვეში ასევე თითქმის სრულად გაიხარჯა პროგრამის “სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება” 6 თვის ფინანსები. მიზეზი იგივე: რაიონებში გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მოშლა იწვევს რეგიონულ კლინიკებსა და თბილისში პაციენტთა გადაყვანის შემთხვევების ზრდას.

ზემოაღნიშნული ფაქტორები მხოლოდ ნაწილია იმ მიზეზებისა, რომელთა გამოც სახელმწიფოს წილი ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში პრაქტიკულად არ იცვლება იმის მიუხედავად, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სხვა, მასთან დაკავშირებული პროგრამები მეტ და მეტ ფინანსურ რესურსებს ითხოვს. მედიკამენტებზე და სამედიცინო მოსახურებაზე ფასების ინფლაციის პირობებში ხარჯი ისევ და ისევ მოქალაქის ჯიბეს აწვება.

მთავრობის პოლიტიკამ გამოიწვია ლარის იმაზე მეტად დევალვაცია, ვიდრე მხოლოდ საგარეო ფაქტორების შემთხვევაში მოხდებოდა. ამან ახალი ბიძგი მისცა ზოგადად ინფლაცია, რაც უკვე მანამდე იყო საგრძნობი ჯანდაცვის სექტორში. ეს ნიშნავს, რომ დღეს პაციენტი ჯიბიდან უფრო მეტს ამატებს მთავრობის თანადაფინანსებას, ვიდრე ამატებდა გუშინ.

მთავრობამ კი არათუ გაუზარდა კლინიკებს დაფინანსება, არამედ კრიტიკულ მედიცინაზე, პირიქით, შეუმცირა. ისევ და ისევ იმის გამო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ფული აღარ ჰყოფნის. ამან კი კიდევ უფრო გააღრმავა ის პრობლემა, რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდი: სულ უფრო იკარგება გადაუდებელი მედიცინის პოტენციალი რაიონულ საავადმყოფოებში.

დავით სერგეენკომ “გამოსავალი” რაიონული საავადმყოფოების ნაციონალიზაციაში იპოვა. მას ჰგონია, რომ ამ საავადმყოფოებში შექმნილი მდგომარეობა “ხარბი კერძო ინვესტორების” ბრალია და მდგომარეობას მის მიერ დანიშნული მთავარი ექიმი გამოასწორებს. არადა საქმე პირიქითაა: ეს საავადმყოფოები, რომელიც აშენდა, გარემონტდა და მომგებიანიც იყო, წამგებიანი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ გახდა.

შესაბამისად, სახელმწიფო თავის თავზე უფრო მეტ და მეტ ტვირთს იღებს, ოღონდ იმ პირობებში, რომ მას ფულის რესურსი სულ უფრო უმცირდება. ამას პირდაპირ მივყავართ კარგად ნაცნობ 90-იან წლებთან, როცა მიზნები დიადი და ნათელია, საჭირო რესურსები კი პრაქტიკულად ნადგურდება და ნიავდება.

რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ივანიშვილის ხელისუფლების პრესტიჟის საქმეა, ყველა რესურსი, რაც კი მთავრობამ შეიძლება გამონახოს, მას მოხმარდება. ამ დროს მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებში არათუ თანხების კლება, არამედ სტაგნაციაც კი კონკრეტულ დარგებს მძიმე შედეგებით ემუქრება.

ღარიბი ქვეყნის მთავრობა, რომელსაც ეკონომიკა ისედაც უფსკრულისკენ მიჰყავს, ყველა ხარჯს ვერ გასწვდება. ამიტომ ღარიბი ქვეყნის მთავრობა უნდა ცდილობდეს, ფული ყველაზე გაჭირვებულებზე დახარჯოს. დღეს დავით სერგეენკო ფულს მდიდარზეც და ღარიბზეც თანაბრად ხარჯავს და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ამით ძალიან არახარჯთეფექტურს ხდის.

მთავრობამ ერთი ხელით თუ 10 ლარს გვაძლევს სხვადასხვა პროგრამებით (მაგალითად, უფასო-ხვნა თესვა), მეორე ხელით 20 ლარს გვართმევ, რადგან სწორედ ამ არახარჯთეფექტურმა პროგრამებმა მიიყვანა ქვეყანა საბიუჯეტო დეფიციტის ზრდასთან და ეკონომიკური გარემოს გაუარესებასთან.

მთავრობამ უნდა შეწყვიტოს დეფიციტური ხარჯვა, ლარი დასტაბილურდეს, ინვესტიცია შემოვიდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას. მთავრობამ კი არ უნდა გადაწყვიტოს, მოქალაქე როგორ მოიქცეს (მათ შორის, როცა მკურნალობა სჭირდება), არამედ ისეთი გარემო შექმნას, როდესაც მოქალაქეს შემოსავალი უჩნდება და თავის ბედს, თავის ცხოვრებას ის თავად განსაზღვრავს.

————-

ამავე თემაზე იხილეთ:

დავით სერგეენკო: ღარიბს ვართმევ, მდიდარს ვაძლევ… – ჟურნალი “ფორბსი”, 2015 წლის 9 თებერვალი http://forbes.ge/news/529/
სერგეენკოს ახალი რეფორმა მარტოხელა პენსიონერებს “საარსებო შემწეობის” გარეშე დატოვებს – ჟურნალი “ლიბერალი”, 2015 წლის 6 იანვარი http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/122608/
საყოველთაო დაზღვევის უტოპია – ჟურნალი “ტაბულა”, 2013 წლის 18 სექტემბერი http://www.tabula.ge/ge/story/74722-sakoveltao-dazghvevis-utopia
ობამაქეარი – ცურვა დინების საწინააღმდეგოდ – ჟურნალი “ტაბულა”, 2014 წლის 19 მარტი http://www.tabula.ge/ge/story/81214-obamaqeari-curva-dinebis-satsinaaghmdegod
დაუზღვეველი ქართული ჯანდაცვა (წერილი 3 ნაწილად) – გაზეთის “24 საათი” ყოველკვირეული დამატება Weekend, 2013 წლის 24 თებერვალი, 8 მარტი, 31 მარტი http://www.24saati.ge/weekend/story/35777-dauzghveveli-qartuli-jandatsva / http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=5344 / http://www.24saati.ge/weekend/story/36683-dauzghveveli-qartuli-jandatsva
დაზღვეული ქართული ჯანდაცვა – გაზეთის “24 საათი” ყოველკვირეული დამატება Weekend, 2013 წლის 18 იანვარი http://www.24saati.ge/weekend/story/34913-dazghveuli-qartuli-jandatsva