სამი კაკალი კონკიასათვის

იმისდა მიუხედავად, ითამაშა თუ არა ქვემოთჩამოთვლილმა სამმა საკითხმა არსებითი როლი ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაში 2012 წლის 1 ოქტომბერს (და თუ ითამაშა, რა დოზით), უკვე ამ ეტაპზე ნათელია, ქართულ საზოგადოებას სამივე მიმართულებით გაუჩნდა ყალბი სტერეოტიპების დაძლევის შანსი. ეს საკითხებია: ეკონომიკური კეთილდღეობა; კანონის უზენაესობა; რუსეთთან ურთიერთობა.

ეკონომიკური კეთილდღეობა

1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ საკმარისად არ იზრუნა ქვეყნის სოციალურად ყველაზე გაჭირვებულ ფენაზე, ხოლო ფისკალური დისციპლინის დამკვიდრების გადაჭარბებული (კოალიციის მომხრეების უმრავლესობის აზრით, უსამართლო და უკანონო) მონდომებით ხელი შეუშალა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და, ამდენად, საშუალო ფენის ჩამოყალიბებას.

უფრო მეტიც, კოალიცია მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლებას ჰქონდა საკმარისი რესურსი მეტი სოციალური პროგრამის დასაფინანსებლად, მაგრამ უყაირათოდ ხარჯავდა მას. “უყაირათო ხარჯვაში” ისინი არ გულისხმობენ მხოლოდ ყბადაღებულ შადრევნებსა თუ გასართობ მოედნებს. მათი აზრით, არარეალურია საქართველოს “სინგაპურიზაციის”, “ჰონკონგიზაციის”, “შვეიცარიზაციის” თუ ნებისმიერი მსგავსი იდეა აქედან გამომდინარე ყველა პროექტით – იქნება ეს ლაზიკის პორტი, კოპიტნარის აეროპორტი, ბათუმის ცათამბჯენები თუ საპარლამენტო დედაქალაქად ქცეული ქუთაისი.

შესაბამისად, კოალიცია “ქართული ოცნება” აპირებს, “აღარ გაფლანგოს თანხები “უსარგებლო” პროექტებზე და მეტი ფული მოახმაროს ხალხს”. ამ მიდგომაში იგულისხმება ის, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი სოციალურ დანახარჯებს მოხმარდება.

1 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  ნაწილობრივ აღიარებს, რომ განვლილი 9 წლის განმავლობაში მიღწეულმა ეკონომიკურმა ზრდამ და ინფრასტრუქტურის განვითარებამ არსებითი გავლენა ვერ იქონია ქართული ოჯახების უმეტესობაზე, მაგრამ იქვე აპელირებს ასაკობრივი პენსიის გაათმაგებულ ოდენობაზე და უკიდურესი სიღარიბის შემცირების იმ პოზიტიურ დინამიკაზე, რაც თუნდაც მხოლოდ პენსიების ზრდის მეშვეობით იქნა მიღწეული.

ნაციონალური მოძრაობის თქმით, მიღწეული მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევით, მთლიანი შიდა პროდუქტის განუხრელი ზრდით, ფისკალური დისციპლინის დამყარებითა და პირდაპირი უცხოეური ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით ქვეყანა მიადგა მიჯნას, როცა ხალხს მეტი სარგებელი უნდა მიეღო.

კოალიცია “ქართული ოცნებისა” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპროგრამო განაცხადებზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რა იმედები დაუკავშირა ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობამ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. უფრო სწორად, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რამდენად რეალურია, მოხდეს ის ეკონომიკური “სასწაული” იმ პოლიტიკური ცვლილების შედეგად, რაც 1 ოქტომბერს მოხდა.

მე არ ვიცი, რამდენად დიდი იყო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის მხარდამჭერთა ის ჯგუფი, რომელმაც პოლიტიკურ ცვლილებას მხარი დაუჭირა იმიტომ, რომ იმედოვნებდა: ახალი ხელისუფლება კონკრეტულად მათ ოჯახებში შეიტანს ეკონომიკურ და ფინანსურ კეთილდღეობას – ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტს, ვიდრე ამას ახერხებდა და/ან მოახერხებდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

იმავდროულად, დღეს უკვე მეტი და მეტი ადამიანისათვის ხდება ნათელი, რომ როგორი “სოციალურად ორიენტირებულიც” არ უნდა გახადოს კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო ბიუჯეტი, რამდენიც არ უნდა იდაოს კოალიციამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ იმაზე, როგორია მართებული ბალანსი განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებზე მიმართულ ფინანსებსა და სოციალურ დანახარჯებს შორის, “ჯადოსნური ჯოხი”, რომელიც ერთ წამში გოგრას ეტლად აქცევდა, არ არსებობს. შესაბამისად, კოალიცია “ქართული ოცნების” მმართველობა იქნება იმ უტოპიის დასრულება, რომ “ყველანი უცბად მაგრად და ჯიგრულად ვიქნებით”.

შემდგარ ეკონომიკურ სასწაულებს (მათ შორის, სინგაპურში) იმიტომაც ჰქვია “სასწაული”, რომ ისინი, ისტორიული პერსპექტივის თვალსაზრისით, დროის შედარებით მოკლე მონაკვეთში – საშუალოდ 30 წლის განმავლობაში მთელი საზოგადოების თავჩაუხრელი შრომითა და შეუფერხებელი ეკონომიკური განვითარებით იქნა მიღწეული.

კანონის უზენაესობა

1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ წინა ხელისუფლება არ სცემდა პატივს ეკონომიკური განვითარებისათვის არსებით საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს. მისი თქმით, წესრიგის დამყარება ხდებოდა უკანონო მეთოდებით. უფრო მეტიც, კოალიცია მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლება ამ უკანონო მეთოდებს პირადი ანგარების მიზნით იყენებდა და ადგილი ჰქონდა “ელიტურ კორუფციას”.

შესაბამისად, კოალიცია “ქართული ოცნება” აპირებს, “აღადგინოს სამართლიანობა”. ამ მიდგომაში იგულისხმება ის, რომ დაისჯებიან წინა ხელისუფლების დროს უკანონობის ჩამდენი თანამდებობის პირები.

1 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  ნაწილობრივ აღიარებს, რომ კრიმინალისა და კორუფციის განვლილი 9 წლის განმავლობაში მიღწეული დაბალი დონე ზოგჯერ გადამეტებული სიმკაცრის ხარჯზე ხდებოდა, მაგრამ იქვე აპელირებს საზოგადოებაში უსაფრთხოების შეგრძნების არსებობასა და პოლიციისადმი მოქალაქეების მაღალ ნდობაზე.

ნაციონალური მოძრაობის თქმით, კრიმინალის საჩვენებლად დაბალი დონე, გადასახადების აკრეფის მინიმუმ გაორმაგებული მაჩვნებელი და კანონის პატივისცემის (თუ შიშის) კულტურის გაჩენა ღირდა იმად, რომ სახელმწიფო უმნიშვნელო დანაშაულის მიმართაც კი ულმობელი ყოფილიყო, განსაკუთრებით იმ საზოგადოებაში, სადაც კრიმინალები “ავტორიტეტები” იყვნენ.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო: მე არ ვიცი, რამდენად დიდი იყო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის მხარდამჭერთა ის ჯგუფი, რომელმაც პოლიტიკურ ცვლილებას მხარი დაუჭირა იმიტომ, რომ იმედოვნებდა: ახალი ხელისუფლების პირობებში აღარ იქნება საჭირო სალარო აპარატები დახლებზე და უსაფრთხოების ღვედები მანქანებში.

დღეს უკვე მეტი და მეტი ადამიანისათვის ხდება ნათელი, რომ როგორიც არ უნდა იყოს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკა საზოგადოებრივის წესრიგის შენარჩუნების, კორუფციასთან ბრძოლისა და კრიმინალის აღკვეთის საქმეში, რამდენიც არ უნდა იდაოს კოალიციამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პერიოდულად განსახორციელებელი ამნისტიის მიზანშეწონილობასა და მასშტაბებზე, უტოპია, რომ აღარ იქნება საჭირო სალარო აპარატები ანდა აღარ მოხდება დანაშაული თუ გადაცდომა სამართალდამცავების მიერ – ახალი ხელისუფლების პირობებში უკვე მოხდა ნარკოტიკების ჩადება დაკავებისას და არასანქცირებული სატელეფონო მოსმენები გამოძიების მსვლელობისას – ასევე თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება.

ელემენტარულია, რომ ბიუჯეტის შევსებას სჭირდება საგადასახადო სიმკაცრე. ნებისმიერი მთავრობისათვის წარმოიშვება დილემა: ან (ა) ის არის მკაცრი და ასრულებს დაგეგმილი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, რათა გასცეს გაზრდილი პენსიები და სოციალური დახმარებები, მაგრამ ამ საგადასახადო სიმკაცრით ანაწყენებს მცირე ბიზნესითა და ვაჭრობით დაკავებული მოსახლეობის ფართო ფენებს, ანდა (ბ) ის არის “ლმობიერი” და იგებს მცირე ბიზნესითა და ვაჭრობით დაკავებული მოსახლეობის ფართო ფენების გულს, მაგრამ უცილობლად ეზრდება კორუფციის დონე (ჯერ საგადასახადო, შემდეგ კი ყველა მომიჯნავე ბიუროკრატიაში), უჭირს საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულება და მუდმივად დგას ბიუჯეტის სეკვესტრის საშიშროების წინაშე. გაზრდილი მოლოდინები დილემის ორივე მხარეს მხოლოდ ამწვავებს მთავრობის წინაშე მდგარ პრობლემებს.

სულ უფრო ცხადი ხდება, რომ კანონის უზენაესობის დამყარებაში გადამწყვეტი როლი აქვს არა მხოლოდ კონკრეტული მთავრობის პოლიტიკურ ნებასა და გააზრებულ ქმედებებს, არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ კანონისა და პროცედურების განუხრელ დაცვას, არა მხოლოდ სასამართლოს კვალიფიციურობასა და დამოუკიდებლობას, არამედ იმას, თავად საზოგადოება რამდენად სცემს პატივს კანონს.

თუ საზოგადოება თავად არაა კანონმორჩილი, ყველა მთავრობა დგება არჩევანის წინაშე, რა უყოს კრიმინალის გაზრდილ დონეს, მომატებულ კორუფციას, ყალბი ანგარიშ-ფაქტურების ბრუნვას და ა.შ. რაც მთავარია, მთავრობის მიერ გადადგმული ყოველი იმ ნაბიჯის შეფასებისას, რომელიც წესრგის დაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისკენაა მიმართული, ყველაზე მეტად უპირისპირდებიან ის ადამიანები, რომელთა მხრიდან კანონისადმი მორჩილება ყველაზე მეტ ეჭვს ბადებს საზოგადოებაში.

რუსეთთან ურთიერთობა

საზოგადოებრივი გამოკითხვები ადასტურებს, რომ ქართულ საზოგადოებას უნდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაც და, იმავდროულად, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (ევროკავშირი, ნატო) ინტეგრაციაც.

განსხვავება ისაა, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცედურებიც (დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, პოლიტიკური პლურალიზმი, დამოუკიდებელი სასამართლო და ა.შ.) და ინტეგრაციით მიღებული სარგებელიც (უსაფრთხოება, ინვესტიციების ზრდა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და ა.შ.) ხელშესახები, კონკრეტული და ნათელი საკითხებია, რომელთა შეფასება ასევე მკაფიო კრიტერიუმებით ხდება. სამაგიეროდ, სრული ბურუსით არის მოცული, რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია მოხდეს და რას მიიღებს აქედან ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება.

1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებისათვის. უფრო მეტიც, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის პროვოცირების პასუხისმგებლობასაც კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობას აკისრებს. კოალიციის აზრით, წინა ხელისუფლებამ, როგორც მინიმუმ, არაფერი გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისათვის ანდა, უფრო უარესი, თვითონ მოახდინა ამ ურთიერთობების დაძაბვა.

1 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდგომ მასაც ჰქონდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის ილუზია, თუმცა რუსეთის ნაბიჯებმა, განსაკუთრებით 2006 წელს ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებითა და ქვეყნიდან ეთნიკური ნიშნით ქართველების საჩვენებელი დეპორტაციით ნათელი გახადა შემდეგი:

–    რუსეთთან უერთიერთობის ნორმალიზება და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (ევროკავშირი, ნატო) ინტეგრაცია ორი – სამწუხაროდ!!! – ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური კურსია

–    საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციია და არა რუსეთთან გაურკვეველ უერთიერთობასა და ბუნდოვანი დღის წესრიგით დაგეგმილ დიალოგში შესვლა

კოალიციას “ქართული ოცნება”, ნებსით თუ უნებლიედ, სჯერა ქართული საზოგადოების ცნობიერებაში არსებულ კიდევ ერთი სტერეოტიპის, რომ შესაძლებელია – რუსული ანდაზისა არ იყოს – “მგლები მაძღრად იყვენენ, ცხვრები კი – უვნებელნი”.

ზემოხსენებული პირველი ორი სტერეოტიპის გადალახვა კი შეიცავს ქართულ საზოგადოებაში გარკვეული კატაკლიზმების საფრთხეს, მაგრამ ზიანი, რაც ქართულ საზოგადოებას რუსეთთან ნორმალიზაციის სურვილით ბუნდოვანი ნაბიჯების გადადგმას შეიძლება მოჰყვეს, ძალიან დიდია. წერილის მიზანს არ წარმოადგენს ამ საკითხის დეტალური ანალიზი და მას მომავალში დავუბრუნდებით.

უბრალოდ, როგორიც არ უნდა იყოს ქართული საზოგადოების რეაქცია იმ ვითარებაზე, რასაც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის ასეთი, როგორც მინუმუმ, ბედს მინდობილი მცდელობა მოიტანს, შედეგი იქნება ერთი: საზოგადოება დაინახავს იმას, რაც დაინახა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობამ – რუსეთთან უერთიერთობის ნორმალიზება და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (ევროკავშირი, ნატო) ინტეგრაცია ორი ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური კურსია.

ვიმეორებ: ამის გაცნობიერების შემდეგ როგორი იქნება ქართული საზოგადოების არჩევანი, ეს საუბრის ცალკე თემაა; აქ მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს მესამე სტერეოტიპიც – ისევე, როგორც ზემოაღნიშნული ორი – განწირულია დასრულებისათვის.

როგორი იქნება ქართული საზოგადოების არჩევანი მას შემდეგ, რაც დაინახავს, რომ

–    კეთილდღეობა ყველა ოჯახში ვერ შევა მთელი საზოგადოების ისტორიულ პერსპექტივაში მოკლე, ხოლო პირად პერსპექტივაში – გრძელვადიანი მობილიზებისა და მუხლჩაუხრელი შრომის გარეშე. ამ პროცესს თან უნდა ახლდეს დღევალდელი საჭიროებებიდან ფულის მუდმივი გამოთავისუფლება და ამ ფულის ხვალინდელ და ზეგინდელ საჭიროებებზე დახარჯვა, ანუ სოციალური დანახარჯების ზრდის პარალელურად ფინანსები მიმართული უნდა იქნას განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებზე;

–    კანონის უზენაესობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი მხოლოდ დამნაშავეთა დასჯით, მით უმეტეს, მხოლოდ წინა ხელსუფლების წარმომადგენელთა მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენაზე გამოძიებების ჩატარებით. კანონის უზენაესობის დამკვიდრებისათვის დამნაშავეთა დასჯა საქმის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. გაცილებით არსებითი როგორ მსჯელობს, ფიქრობს და იქცევა ის, ვინც თვითონ არ კვეთს კანონის წითელ ხაზებს;

–    რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ვერ მოხდება, საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზეც კი! [სხვათა შორის, დღეს გავრცელებული აზრი, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია, მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე, არასწორი მგონია]

ამას მომდევნო თვეების პოლიტიკური მოვლენები  და საქართველოში ჩასატარებელი მომდევნო არჩევნები გვიჩვენებს.

2 thoughts on “სამი კაკალი კონკიასათვის

  1. გილოცავთ პირველ წერილს! საკმაოდ საინტერესო და სწორი ანალიზი იყო. ველი შემდგომ პოსტებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s