ბექას ვალი დავუბრუნოთ

“კეთილი პოლიტიკოსი არ არსებობს”

ნათია მეგრელიშვილი

 

“არც ჟურნალისტი”

ზურაბ ელიავა

 

ამ წერილის ადრესატები პოლიტიკოსები არ არიან. ისინი თავიანთი საქმით არიან დაკავებულნი და, როგორც ქალბატონი ნათია მეგრელიშვილი სამართლიანად შენიშნავს, “რაოდენ კარგი ადამიანიც არ უნდა იყო, შენ აუცილებლად მოგიწევს ვიღაცის დასჯა, დაჭერა, სამსახურიდან დათხოვნა, ოპოზიციასთან შერკინება და კრიტიკულ მომენტებში მკაცრი სახელმწიფო ბერკეტების გამოყენება”.

ამ წერილის ადრესატები ის ადამიანები არიან, რომლებიც პოლიტიკას “მორალურობის ნაკლულობას” უწონებენ, პოლიტიკაზე მორალური კატეგორიებით მსჯელობენ და პოლიტიკოსებისაგან “მორალურად გამართლებული” ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. ამგვარ მიდგომას თავისი ისტორიული ტრადიცია აქვს: საბჭოთა კავშირში საზოგადო საქმეებში თვით ყველაზე გათვითცნობიერებული ადამიანები, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ პოლიტიკური თვითგამოხატვისა და თვითრეალიზების შესაძლებლობას, ძირითადად მორალური კატეგორიებით მსჯელობდნენ.

როცა პოლიტიკური სისტემა არ იძლევა საშუალებას, ღიად და საჯაროდ იმსჯელო საზოგადო საქმეებზე – და საბჭოთა კავშირი სწორედ ასეთი იყო – ისღა გრჩება, ფაქტები და მოვლენები შეაფასო, როგორც “კარგი” და “ცუდი”, ხოლო ადამიანები შერაცხჰყო “კეთილებად” და “ბოროტებად”, “გმირებად” და “ხალხის მტრებად”. ასეთი პოლიტიკური სისტემის შიგნით პოლიტიკოსობა დისიდენტობის ტოლფასია, პოლიტიკური ბრძოლა კი – მორალური პრეცედენტების შექმნა.

როცა მაგალითად საბჭოთა კავშირი მომყავს, სულაც არ ვცდილობ, იმ ადამიანების სწორედაც რომ მორალური წვლილი და გმირობა (ესეც მორალური შეფასებაა) დავაკნინო, ვინც ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ იმაღლებდა ხმას. ასეთი პოლიტიკური სისტემის შიდა მოწინააღმდეგეების გამხნევება გარედანაც მორალური კატეგორიებით ხდებოდა და პოლიტიკურ ლექსიკონში სწორედ ასე გაჩნდა თავად ტერმინიც “ბოროტების იმპერია”.

მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ იმ ტიპის მსჯელობა, რაც საბჭოთა კავშირის მსგავს პოლიტიკურ სისტემაში გარდაუვალობაა როგორ სისტემის მომხრეების, ისე მოწინააღმდეგეების მხრიდან, ღია პოლიტიკურ სისტემაში ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

თუმცა უშუალოდ პოლიტიკოსს არ ეხება და უფრო პოლიტიკური კონტექსტის შეფასების მიზნით ითქვა, ფრაზა “არ არის გამორიცხული, ბექა ვალს აბრუნებდეს” ჩვენს ცნობიერებაში საბჭოთა აზროვნების რელიქტების არსებობაზე მეტყველებს. საინტერესოა, რატომ ჩნდება ასეთი ფრაზები დღევანდელ ღია პოლიტიკურ სისტემაში, როცა კანონმდებლობაც, პრაქტიკაც, საზოგადოებაც სრულიად ადექვატურია საიმისოდ, მოვლენებსა და ადამიანებზე ფარული მინიშნებებისა და შეთქმულების თეორიების გარეშე ვიმსჯელოთ.

სხვათა შორის, საბჭოური აზროვნებისთვის არა მხოლოდ მორალურობაზე მოთხოვნაა დამახასიათებელი, არამედ შეთქმულების თეორიების ტყვეობაში ყოფნაც. როცა პოლიტიკური სისტემა არ იძლევა საშუალებას, ღიად და საჯაროდ იმსჯელო საზოგადო საქმეებზე – და საბჭოთა კავშირი სწორედ ასეთი იყო – ისღა გრჩება, არა მხოლოდ მორალური კატეგორიები მოიშველიო, არამედ მოვლენები ფარული გარიგებების ფასადად გამოაცხადო. შესაბამისად,  ფრაზაში “არ არის გამორიცხული, ბექა ვალს აბრუნებდეს” იკითხება არა მხოლოდ “მორალური” შეფასება “ბექა იტყუება”, არამედ მთელი შეთქმულების თეორიაც.

საბჭოთა კავშირის ტიპის დახურულ პოლიტიკურ სისტემებში აზრების მკაფიოდ და მორალური სენტიმენტების გარეშე გამოთქმის შიში ბუნებრივია – სასჯელი სიცოცხლის დათმობამდეც შეიძლება მივიდეს. ღია პოლიტიკურ სისტემაში ფრაზის “არ არის გამორიცხული, ბექა ვალს აბრუნებდეს” გაჩენა ერთ რამეზე მეტყველებს: ამგვარი ფრაზების ავტორებს უნდათ იყვენენ მორალური ავტორიტეტები, ოღონდ საამისოდ გამბედაობა არ ჰყოფნით, საზოგადოების სამსჯავროზე არა მხოლოდ სხვისი, არამედ საკუთარი რეპუტაციაც გამოიტანონ.

საერთოდ, საზოგადოებაში “მოუწყვლადი” პროფესიები არსებობს: ასეთია ექიმის, მოძღვარის, მასწავლებლის პროფესია თუ პოზიცია. თუ ამ ჩამოთვლილ პროფესიებიდან ერთ-ერთს მისდევ, საზოგადოების დიდი ნაწილის უკრიტიკო დამოკიდებულება თითქმის გარანტირებული გაქვს. გაიხსენეთ, ვინ არიან ტრადიციულად სოფლის ავტორიტეტები და მიხვდებით, რას ვგულისხმობ.

იმაში, რომ ამ “მოუწყვლადი” პროფესიებით ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს, რამდენიმე რამეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. პირველ რიგში ეს თემის, საზოგადოების ზომაა. სოფელში მოძღვრის “ოხროხინეობა” ძნელად დაიმალება. როცა “დიდ სოფელში” გადიხარ – და facebook სწორედ რომ დიდი სოფელია – შანსი იმისა, რომ რომელიმე უღირსმა ასეთი საპატიო პროფესიის მანტია დაუმსახურებლად მოირგოს, იზრდება და საზოგადოებას ფხიზელი თვალი სჭირდება, ვინმემ პროფესიით გარანტირებული უკრიტიკო დამოკიდებულებით არ ისარგებლოს.

ჟურნალისტობაც ამ “მოუწყვლად” პროფესიებს მიეკუთვნება. წარმოიდგინეთ, რა ადვილია, იყო თვითგამოცხადებული საზოგადოებრივი ბრალმდებელი და ამ დროს შენ არავინ გდებდეს ბრალს, არავინ გიმოწმებდეს ცოდნას, გამოცდილებას, არავინ გთხოვდეს ახსნა, რაზე დაყრდნობით უწონებ და უწუნებ საქციელს ადამიანებს, განსაკუთრებით კი ისეთ ნიჭიერებს, როგორიც ბექაა ან ისეთ “უკეთურებს”, როგორებიც პოლიტიკოსები არიან.

საბჭოთა “მორალურობას” კიდევ ერთი თვისება აქვს, რომლის გარეშეც შეთქმულების თეორიები ვერ იცოცხლებს: მორალური ავტორიტეტები არ არსებობენ. ისინი, ვინც “მაღალ” მორალურ სტანდარტებს აწესებენ თუ შეფასების კრიტერიუმებად იყენებენ, თანდათან სცილდებიან თავიანთ პროფესიულ სტანდარტებს, ჩვეულებრივ ადამიანურ ლოგიკას და იქამდე მიდიან, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად ანგრვენ ყოველგვარ მორალურ საყრდენებს. თუ ახალგაზრდა ბექაც კი “ვალს აბრუნებს”, სხვას რა უნდა მოსთხოვო? – ასეთია მომდევნო ფრაზა, რისკენაც საბჭოთა აზროვნების მდინარებას მიჰყავხარ.

სტანდარტების არსებობის აუცილებლობას სულაც არ უარვყოფ, პირიქით, “დიდ სოფელში” პროფესიული სტანდარტების არსებობა საშუალებაა, თავისი საქმის კარგი მცოდნეები და მკეთებლები იმათგან გავარჩიოთ, ვინც ავტორტეტულ პროფესიას უბრალოდ ამოფარებულია. მაგრამ როცა პროფესიულ სტანდარტს თავად არღვევს, ადამიანს ცდუნება უჩნდება, თავი “მაღალი” მორალური სტანდარტების დამცველად გაასაღოს. მორალის სადარაჯოზე მდგარ ადამიანზე “კეთილშობილი” და “ობიექტური” განა ვინმეა? განა ვინმე “-ისტ”-ობაში დაგდებს მერე ბრალს?

ყველას და ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენება ერთგვარი თავდაცვითი ინსტიქტის გამოვლენაა: რაც მეტი ადამიანის მორალურობა იქნება ეჭვქვეშ დაყენებული, მით უფრო ადვილია არსებობა იმის შემდეგ, რაც ერთ დღეს შენს რეპუტაციას დააყენებენ ეჭვქვეშ. თუ საკუთარი პოლიტიკური პოზიციის მიმართ გიჩნდება ოდნავი დისკომფრიტი მაინც, მაშინ ხომ საერთოდ მისწრებაა “მაღალი” მორალურ სტანდარტებს ამოფარება.

როცა ამ წერილს ვწერ, არ მინდა თავად ვიყო “მაღალი” მორალური ავტორიტეტი, არ მინდა თავად ვიყო “უმწიკვლო” ბრალმდებელი, თავად გავხდე საბჭოთა აზროვნების მსხვერპლი. სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნო, რომ ფრაზას “არ არის გამორიცხული, ბექა ვალს აბრუნებდეს” თავად ავტორმა უწამლა, როცა დაწერა:

“მიმაჩნია, რომ ჩემი ორი დღის წინანდელი სტატუსი (“მე ვიცი, რომ ეს ძალიან ნიჭიერი ბიჭი ნიკა რურუას პატრონაჟით მოხვდა ამერიკაში და სამინისტროს მართლა დიდი წვლილი მიუძღვის მისი მუსიკალური კარიერის გაკვალვაში. არ არის გამორიცხული, ბექა ვალს აბრუნებდეს”) და თინა ყიფშიძის დღევანდელი კომენტარი ფეისბუქზე (“მე პირადად არ მჯერა მაგ ბავშვის მთლად ბოლომდე გულწრფელობის და მეორეც, ნაცი ან ნაცთან დაახლოებული ჩემთვის ადამიანი არ არის და მის მიმართ არ მაქვს რაიმე სახის მგძნობელობის და სოლიდარობის განცდა”) არის ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა, რასაც “ლიბერალის” რედაქცია შეცდომად მიიჩნევს. ერთ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი ვარაუდი რედაქტორის მხრიდან და მეორე შემთხვევაში, პოლიტიკური პოზიციის ღიად დაფიქსირება და არაეთიკური განცხადების გაკეთება ჟურნალისტის მხრიდან, შეცდომაა და ამან, შესაძლოა, ხელი შეგვიშალოს როგორც კომენტარის ავტორებს, ისე “ლიბერლს” ჩვენს საქმიანობაში. “ლიბერალისთვის” მიუკერძოებლობა და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს შემთხვევები ჩვენი რედაქციისათვის პრეცედენტული გახდება.”

ნამდვილად. ვიყოთ პროფესიული სტანდარტების ერთგულები.

არ ვეძიოთ ბეწვი სხვის თვალში, მხოლოდ იმის გამო, რომ ის სხვა განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზე დგას. პოლიტიკოსები ამას თავად მოახერხებენ ერთმანეთისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკოსები პოლიტიკოსებს მოწმენდილ ცაზე არ ერჩიან: ამას საზოგადოების “მორალური” ავტორიტეტების მიერ სათანადო ფონის შექმნა სჭირდება.

არ ვუწოდოთ “მუქთახორა” და “სხის ხარჯზე ცხოვრების მსურველი” მემარცხენე პოლიტიკოსს, რომელიც გადასახადების აწევას ითხოვს.

არ ვუწოდოთ “უგულო” და “ცივსისხლიანი” მემარჯვენე პოლიტიკოსს, რომელიც გადასახადებსი შემცირების მომხრეა.

უბრალოდ, იმაზე მეტი დრო დავუთმოთ პოლიტიკოსების და, ზოგადად, ადამიანების ნაბიჯების შეფასებას, ვიდრე ფეისბუქზე დასაწერი “ფრთიანი ფრაზის” მოფიქრებას სჭირდება. 

ნუ ვეძებთ საკუთარი თვისთვის მოუწყვლად ადგილებს და მზად ვიყოთ, რომ რაღაც ჩვენც შეიძლება შეგვეშალოს. ის, რომ ადამიანი ყველა სფეროში კომპეტენტური ვერ იქნება, სრულიად ბუნებრივია და ამას საზოგადოება ადვილად გაიგებს. ნუ შევქმნით აქედან ტრაგედიას სხვებისთვის და… საკუთარი თავისთვის.

და ბოლოს, არც მე ვაპირებ “ბავშვის გულწრფელობაში ეჭვის შეტანაზე” მორალის პოზიციიდან ვიმსჯელო. უბრალოდ მინდა ვთხოვო ჟურნალისტებს, ბექას საქმე ფეისბუქური ემოციის ფრაგმენტად არ დატოვონ და რეგულარულად მოიკითხონ გამოძიების დეტალები. ჩვენი ვალი მართლა ისაა, რომ “ბექას ვალი დავუბრუნოთ”.

One thought on “ბექას ვალი დავუბრუნოთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s