“რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება” – რის ფასად?

“თქვენი მშვიდობისმყოფელი პოლიტიკა იმ ადამიანის საქციელს ჰგავს,

რომელიც ნიანგს იმ იმედით აჭმევს, რომ ნიანგი მას ყველაზე ბოლოს შეჭამს!”

უინსტონ ჩერჩილი ნევილ ჩემბერლენს

დიდი ბრიტანეთის თემტა პალატა,

1938 წელი

 

ჩემს პირველ წერილში “სამი კაკალი კონკიასათვის”ვწერდი:

“რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ვერ მოხდება, საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზეც კი! [სხვათა შორის, დღეს გავრცელებული აზრი, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია, მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე, არასწორი მგონია]”.

შესაძლოა, მკითხველთა ნაწილმა ჩემი ეს განცხადება გაზვიადებულად მიიჩნია. ამიტომ მიზანშეწონილია, უფრო დეტალურად ავხსნა, რატომ ვუყურებ ასე სკეპტიკურად საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის ნორმალიზების შესაძლებლობას. ანალიზისთვის, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რა არის საქართველოს ეროვნული ინტერესები და რას შეიძლება გულისხმობდეს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზება.

როდესაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ახსენებენ, პოლიტიკოსები, პარტიული კუთვნილებისდა მიუხედავად, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს გულისხმობენ. ეს ნამდვილად ასეა. საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, ცენტრალურმა ხელისუფლებამ აღადგინოს დე ფაქტო კონტროლი თავის იმ რეგიონებზე, რომელიც დე იურე მისი ნაწილია.

სუვერენიტეტი გულისხმობს, ქვეყანას საკუთარი თავი თავადვე ეყუდნოდეს: თავად წყვეტდეს, განვითარების რა გზა აირჩიოს, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანდეს, რომელ ალიანსს, კავშირსა თუ კოალიციას შეუერთდეს. სუვერენიტეტი – ეს საშუალებაა, ქვეყანამ მისთვის მომგებიანი, ანუ მის განვითარებასა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე მიმართული პოზიცია დაიკაოს და ამით საკუთარი უკეთესი მომავალი უზრუნველყოს.

ამ მიმართებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის ლოგიკა ასეთი იყო:

განვითარების დასავლური გზა – დემოკრატიული მმართველობა, საბაზრო ეკონომიკა, ლიბერალური ღირებულებებით მოაზროვნე და მომქმედი საზოგადოება – ისტორიულად დადასტურებული საუკეთესო გზაა როგორც ქვეყნის ძლიერების, ისე მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. (იყო თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის ყველა ნაბიჯი უნისონში დემოკრატიული მმართველობის ყველა წესთან, საბაზრო ეკონომიკის ყველა პრინციპთან და ლიბერალურ ღირებულებებთან, ეს სხვა პოლიტიკური დისკუსიის თემაა და ამ წერილში არ ვეხებით.)

შესაბამისად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის ხედვით, განვითარების დასავლურ გზას (“დასავლურში” იგულისხმება ის, რომ მმართველობის ეს მოდელი ისტორიულად გეოგრაფიულ დასავლეთში განვითარდა და ჩამოყალიბდა, თორემ ამ ტიპის სახელმწიფოებს უკვე პლანეტის სხვა წერტილებშიც ვხვდებით) საქართველოსთვის ალტერნატივა არ გააჩნია და, ქვეყნის შიდა მოწყობის გარკვეულ პრინციპებთან ერთად, იგი გულისხმობს (გეოგრაფიულ) დასავლეთთან ანუ ჩრდილოატლანტიკური სამყაროს ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას გლობალურ თუ რეგიონულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში. ამ საკითხებიდან უმნიშვნელოვანესია, მაგალითად, სამშვიდობო თუ სამხედრო ოპერაციები ერაყსა და ავღანეთში და ევროპა-ცენტრალური აზიის ეკონომიკური/ენერგეტიკული დერეფანი.

თანამედროვე გლობალურ სამყაროში იზოლირებულად ვერ შეინარჩუნებ ქვეყნის შიდა მოწყობის დასავლურ, დემოკრატიულ პრინციპებს, თუკი ქვეყნის საგარეო პილიტიკური კურსი არ უზრუნველყოფს მჭიდრო თანამშრომლობას იმავე დასავლურ, დემოკრატიულ პრინციპებზე მოწყობილ ქვეყნებთან და მათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო ალიანსებთან.

დამატებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევდა და დღესაც აცხადებს, რომ დემოკრატიული მმართველობითა და საბაზრო ეკონომიკით მიღწეულ ქვეყნისა და მისი ყოველი მოქალაქის ეკონომიკურ ძლიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე. ამ გზაზე მნიშვნელოვანია ასევე იმ გლობალური თუ რეგიონული კავშირების/კოალიციების/ალიანსების თანადგომა, რომელშიც მონაწილეობ და/ან რომლებთანაც მჭიდროდ თანამშრომლობ.

ერთი სიტყვით, ქვეყანა დასავლურ პრინციპებზე უნდა მოეწყოს, რომ, ერთი მხრივ, ეკონომიკურად განვითარდეს, მეორე მხრივ კი, დასავლურ კლუბში მოხვდეს. ეს ორივე ფაქტორი კი წინაპირობაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ წინსვლა არ ხდება, უკუსვლა მაინც არ მოხდეს. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მუდმივად სჭირდება ძალისხმევა საიმისოდ, რომ რუსეთის ფედერაციის, ვენესუელის, ნიკარაგუის, ნაურუსა და ტუვალუს მსგავსად, სხვამაც არ აღიაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის “დამოუკიდებლობა”.

ძალისხმევის ნაწილებია ისევ და ისევ: (ა) ეკონომიკური განვითარება და ფინანსური და ადამიანური რესურსის არაღიარების პოლიტიკაზე დახარჯვა, (ბ) დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა და მოპოვებული დიპლომატიური რესურსის არაღიარების პოლიტიკისთვის გამოყენება.

რაც აქამდე აღვწერე, ხელახლა უნდა გავიმეორო, ოღონდ რუსეთის ფედერაციის კონტექსტში.

დღეს რუსეთი:

–     კონკურენტად და, უფრო მეტიც, მოწინააღმდეგედ განიხილავს დასავლურ სამხედრო კლუბს – ნატოს, რომელში გაწევრიანებასაც ესწრაფვის საქართველო არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ახირების”, არამედ სწორედ იმის გამო, რომ, არსებობს რა რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, საკუთარი განვითარებისათვის უსაფრთხოების ქოლგას ეძიებს;

–     კონკურენტად განიხილავს მასშტაბურ დასავლურ ეკონომიკურ პროექტებს, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის რუსეთის ფედერაციისაგან დამოუკიდებელ ურთიერთობებს გულისხმობს, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სფეროში. საქართველოს მნიშვნელოვან რეგიონულ როლს ანიჭებს სწორედ ის ეკონომიკური პროექტები, რაც ასუსტებს რუსეთის გლობალურ როლს;

–     საკუთარი შიდაპოლიტიკური სტაბილურობის საფრთხედ აღიქვამს მის უშუალო სამეზობლოში – პოსტ-საბჭოთა სივრცეში დემოკრატიული მმართველობის პრეცედენტის შექმნას, რადგან ადამიანის უფელებების სფეროში დასავლური საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ მწვავე კრიტიკას იგი “სუვერენული დემოკრატიის” დოქტრინით პასუხობს. ეს დოქტრინა გულისხმობს, რომ დემოკრატიის უნივერსალური პრინციპები არ არსებობს და ყველა ქვეყანას დემოკრატიის საკუთარი ვერსია აქვს. შესაბამისად, საქართველოს დასავლურ დემოკრატიულ სტანდარტებთან დაახლოება ბუნებრივ საფრთხეს უქმნის “სუვერენული დემოკრატიის” დოქტრინის ლიგიტიმურობას.

საქართველოში, პოლიტიკურ პოზიციებში განსხვავებების მიუხედავად, არავინ დაობს იმაზეც, რომ რუსეთი არ აპირებს:

–     უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის “დამოუკიდებლობის” აღიარება

–     ჯარები გაიყვანოს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან

–     ხელი შეუწყოს ისეთი საერთაშორისო ფორმატის (პოლიციური კომპონენტით) შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დევნილებისა და ლტოლვილების უსაფრთხო დაბრინებას და ამ ორი რეგიონის სტატუსის გარკვევას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით

შეეცდება თუ არა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის “დამოუკიდებლობის” მაღიარებელი სახელმწიფოების რიცხვის გაზრდას (ჩემი ღრმა რწმენით, შეეცდება) ამას 2013 წელი გვაჩვენებს და საშუალება მექნება, ამ საკითხს მომდევნო წერილებში შევეხო.

აქ ასევე უნდა გავიხსენოთ რუსეთის ფედერაციის გაცხადებული ამოცანები 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოჭრისა და წარმოებული ომის დროს. ეს ამოცანები იყო:

–     დასავლურ სამხედრო კავშირში – ნატოში საქართველოს ინტეგრაციის შეჩერება

–     საქართველოს ეკონომიკური განვითარების შეფერხება

–     საქართველოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების შეცვლა იმგვარი ხელისუფლებით, რომელიც მოახდენდა ქვეყნის სვლას ყველა ზემოჩამოთვლილი მიმართულებით – დემოკრატიული მმართველობა, საბაზრო ეკონომიკა, ლიბერალური ღირებულებების მქონე საზოგადოება

ამ ფონზე 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში იცვლება ხელისუფლება და არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია “ქართული ოცნება” აყალიბებს ახალ მთავრობას, რომლის ერთ-ერთი საგარეო პრიორიტეტად ცხადდება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კოალიცია და მისი პოლიტიკური სუბიექტები პირდაპირ და წინსაწარგანზრახულად რუსეთის ხაზის გამტარებლები არიან. მაგრამ ღრმად მწამს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების “კეთილშობილი მიზნები” კოალიციის წევრების საერთაშორისო ურთიერთობებში გაუთვითცნობიერებლობასა და რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ მიზნებზე გულუბრყვილო წარმოდგენებს ემყარება.

იმისათვის, რომ გავიაზროთ, რას ნიშნავს “რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება”, უნდა გვესმოდეს, რა სურს რუსეთს და როგორ მოქმედებს იგი თავისი მიზნების მისაღწევად.

რა სურს რუსეთს, უკვე აღვწერეთ ზემოთ.

რუსეთის მოქმედების ლოგიკის გასაგებად კი უნდა გავიხსენოთ, რას  წერს შვეიცარელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ თავის ანგარიშში: “პრევენციული დიპლომატია და კონფლიქტის საერთაშორისო მენეჯმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა 2008 წლის კონფლიქტში, ნაწილობრივ იმის გამო, რასაც მე ვუწოდებდი მანამდე განხილული და შეთანხმებული საერთო პარამეტრების თანდათანობით ეროზიას, აგრეთვე, საერთაშორისო ვალდებულებების მზარდ უპატივცემულობას.” (ხაზგასმა ჩემია – ზ.ე.)

უფრო ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ – და ესაა ამ წერილის მთავარი მესიჯიც – რუსეთი ასე მოქმედებს: იგი ახორციელებს შეტევას და იკავებს პოზიციას; მერე ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოება შეაგუოს “ახალ რეალობას” (რუსი დიპლომატების საყვარელი ტერმინი 2008 წლის ომის შემდგომი დისკუსიებისას) და ელოდება მომენტს ახალი შეტევისთვის; ახორციელებს შეტევას და იკავებს პოზიციას; და ა.შ.

საკმარისია, გადავხედოთ 1992-93 წელს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო კამპანიის წარმოებისას წარმოებული მოლაპარაკებებისა და მიღწეული შეთანხმებების ლოგიკას, ეს იმწუთასვე ნათელი ხდება. ყოველ ახალ შეთანხმებას ცეცხლის შეტევის შესახებ მოსდევდა რუსი სამხედროების, ჩრდილოკავკასიელი და აფხაზი ბოევიკების მიერ ახალი შეტევის ორგანიზება და ახალი პოზიციების დაკავება. სწორედ ასევე მოქმედებს რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ურთიერთობებში, თუკი მას ეს გაუდის. მას კი ეს გაუდის იქ, სადაც არაა უზრუნველყოფილი დასავლეთის ჩართულობა.

შესაბამისად, რუსეთის მთავარი ამოცანა დღეს არის, საერთაშორისო საზოგადოება შეეგუოს (ა) “ახალ რეალობას” კავკასიაში, და (ბ) იმას, რომ საქართველო რუსეთის “სამფლობელოა”. ამას საქართველოში “რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება” დაერქმევა, რუსეთისთვის კი ეს იქნება საშუალება, კიდევ უფრო შეითრიოს საქართველო მისი გავლენის სივრცეში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის საგარეო-პოლიტიკური კურსისა და გადადგმული ნაბიჯების პირობებში ეს ვერ ხერხდებოდა მარტივი მიზეზის გამო: ერთი მხრივ, საქართველო მუდმივად აკაკუნებდა ნატოსა და ევროკავშირის კარზე; მეორე მხრივ, საქართველოს დეოკუპაციის საკითხი მუდმივად იდგა რუსულ-ამერიკული და რუსულ-ევროპული მაღალი დონის სამიტების დღის წესრიგში.

კოალიცია “ქართული ოცნების” მთავრობის განცხადებით, ქართულ-რუსული ურთიერთობებში ნორმალიზება მოხდება და დაძაბულობა მოიხსნება, თუკი (ა) დავიწყებთ პირდაპირ, შუამავლების გარეშე, საუბარს; და (ბ) საქართველოს დეოკუპაციის საკითხი აღარ იდგება რუსულ-ამერიკული და რუსულ-ევროპული ურთიერთობების დღის წესრიგში.

(სხვათა შორის, კოალიცია “ქართული ოცნების” მთავრობის წევრებს, თუმცა მუდმივად საუბრობენ ნატოს წევრობაზე, სახეზე აშკარად ემჩნევათ ასეთი ლოგიკა: რას ვაკაკუნებთ ამ ნატოს კარებზე, მაინც ხომ ვიცით, რომ არ მიგვიღებენ და რუსეთს რაღას ვაღიზიანებთ.)

ეს ორივე ასპექტი – საუბარი შუამავლების ანუ დასავლელი პარტნიორების გარეშე და საქართველოს დეოკუპაციის საკითხის მოხსნა საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგიდან – რუსეთისთვის არსებითია და ერთმანეთთან კავშირშია, რადგან ამიერიდან რუსეთი დასავლეთს ყოველთვის ეტყვის, რომ საქართველოსთან ის უშუალოდ ლაპარაკობს; საქართველო დასავლეთს აღარ სთხოვს დახმარებას დეოკუპაციის საქმეში; დასავლეთი იძულებული გახდება, უარი თქვას საქართველოს თემის აქტუალიზაციაზე რუსეთთან დიალოგში; მოხდება საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია; რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნება, რომ დასავლეთისგან იზოლირებულ საქართველოს თავისი პირობები უკარნახოს.

დღემდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის მიერ წარმოებული არაღიარების პოლიტიკის წარმატება იმაში გამოიხატებოდა, რომ, რუსეთის დიდი ძალისხმევის საპირწონედ, საქართველო და მისი დასავლელი პარტნიორები მოქმედებდნენ ერთად და კოორდინირებულად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. თუ კოალიცია “ქართული ოცნების” მთავრობა შეეცდება, რუსეთი არ გაანაწყენოს და დასავლეთი აქტიურად არ ჩართოს არაღიარების პოლიტიკის წარმოებაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ეროზიას თავიდან ვერ ავიცილებთ. დასავლელ პარტნიორებთან ასე საუბარი კი – ნაურუსთან არაღიარებაზე ილაპარაკეთ და რუსეთთან მაინც მოერიდეთ – მინიმუმ მხოლოდ ღიმილის მომგვრელი იქნება. ისე კი, დასავლეთში ხომ დღემდეც იყვნენ რეალპოლიტიკის წარმოებით ცნობილი ქვეყნები, რომლებიც მოხარულები იქნებიან, თუკი საქართველო აღარ იდგება რუსეთთან მათი დიალოგის დღის წესრიგში.

საერთაშორისო ურთიერთობებს ერთი უცნაური ლოგიკა აქვს: როგორც კი ერთ საკვანძო საკითხზე წყვეტ საუბარს, გიჭირს დიალოგის გაგრძელება სხვა საკითხებზე – მაგალითად, ნატოს წევრობაზე – რადგან “ქართული სასაუბრო” ერთი ლოგიკური ჯაჭვით არის შეკრული და აწყობილი არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის მიერ, არამედ ბუნებრივი მოცემულობების გათვალისწინებით.

რუსეთს არ უნდა კავკასია, რომელიც იქნება ალტერნატიული ეკონომიკური, განსაკუთრებით კი ენერგეტიკული დერეფანი. ამიტომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტერიტორიული დავების შენარჩუნება კავკასიაში, რომ მუდმივი არასტაბილურობის განცდა იყოს და დიდი პროექტები შეფერხდეს, არამედ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყნები ენერგეტიკულადაც მასზე იყვნენ დამოკიდებულნი. სომხეთი ამის მკაფიო და ნათელი მაგალითია.

თუ საქართველოს საგარეო-ეკონომიკურ 1 ოქტომბრამდელ პრიორიტეტებზე კოალიცია “ქართული ოცნების” მთავრობის დღევანდელ განცხადებებს გავიხსენებთ – ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის მიზანშეწონილობის შესახებ გამოთქმული ეჭვები – მაშინ ახალ მთავრობას ნამდვილად დასაზუსტებელი აქვს, ხედავს თუ არა იგი საქართველოს, როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის რუსეთის ფედერაციისაგან დამოუკიდებელი ეკონომიკური ურთიერთობების ღერძის ნაწილად.

აქ აუცილებლად საქართველოს შიდა პოლიტიკაში უნდა დავბრუნდეთ და გავიხსენოთ, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაზე პრაქტიკულად უარის თქმა და სოციალური პოპულიზმით დენის ტარიფის გაიაფება ზრდის შანსს, რომ საქართველო კვლავ გახდეს რუსეთზე ენერგეტიკულად დამოკიდებული. ეს კი პირველი სერიოზული ბერკეტი იქნება რუსეთის ხელში, რომ მან დასავლური სამყაროსაგან იზოლირებულ საქართველოს თავისი პირობები უკარნახოს და მისი სუვერენიტეტი გაეროს ფორმალურ წევრობაზე დაიყვანოს.

რადგან სოციალური პოპულიზმი ვახსენე, აქვე კვლავ უნდა გავიხსენო წერილში “სამი კაკალი კონკიასათვის” ნახსენები კიდევ ერთი უტოპია:

“დღეს უკვე მეტი და მეტი ადამიანისათვის ხდება ნათელი, რომ როგორი “სოციალურად ორიენტირებულიც” არ უნდა გახადოს კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო ბიუჯეტი, რამდენიც არ უნდა იდაოს კოალიციამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ იმაზე, როგორია მართებული ბალანსი განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებზე მიმართულ ფინანსებსა და სოციალურ დანახარჯებს შორის, “ჯადოსნური ჯოხი”, რომელიც ერთ წამში გოგრას ეტლად აქცევდა, არ არსებობს. შესაბამისად, კოალიცია “ქართული ოცნების” მმართველობა იქნება იმ უტოპიის დასრულება, რომ “ყველანი უცბად მაგრად და ჯიგრულად ვიქნებით”.

რა თქმა უნდა, ეს უტოპია დასრულდება, მაგრამ რა შედეგი ექნება ასეთ სოციალურ პოპულიზმს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე? ძალიან სერიოზული. უკვე იკვეთება ეკონომიკური სტაგნაციისა და, ღმერთმა დაგვიფაროს, რეცესიის ნიშნებიც. თუ კოალიცია “ქართული ოცნების” მთავრობის პოპულისტურმა ნაბიჯებმა საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითრება შეაფერხა, რუსეთის მეორე ამოცანაც (ნატოში გაწევრიანების შეჩერებასთან ერთად), რასაც მისი 2008 წლის სამხედრო აგრესია ისახავდა, ასევე მიღწეული იქნება.

რაც შეეხება საქართველოში რუსეთის ინტერესების დაკმაყოფილების მესამე ძირეულ ამოცანას – მოხდეს დემოკრატიული მმართველობის ეროზია, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები ჩაანაცვლოს სოციალისტურმა პრინციპებმა, ხოლო საზოგადოებაში იმძლავროს ანტილიბერალურმა ღირებულებებმა, ეს ცალკე მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ამ საკითხში გადამწყვეტი იქნება – მოაგროვებს თუ არა კოალიცია “ქართული ოცნება” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s