ბიძინა ივანიშვილი: ვაცადოთ ადამიანებს ლუარსაბ თათქარიძეობა

არა, ასე პირდაპირ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეს ფრაზა (ჯერ) არ უთქვამს. მაგრამ რამდენიმე პასაჟი მისი 5 თებერვლის პრესკონფერენციიდან ნამდვილად იძლევა საბაბს, გავაკეთოთ დასკვნა, რომ მას საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ საკუთარი განსაკუთრებული კონცეფცია აქვს და ეს კონცეფცია ერთი ფრაზით სწორედ ასე გამოითქმის: ვაცადოთ ადამიანებს ლუარსაბ თათქარიძეობა.

მმართველობის 100 დღის განმავლობაში საქართველოს მილიარდერმა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას თავი რამდენიმე ფრაზით დაამახსოვრა, რომელთაგან, სავარაუდოდ, “გაგებით მოვეკიდოთ” ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმპტომატურია. მართალია, ეს ფრაზა ერთ კონკრეტულ კონტექსტში თქმით – გაგებით მოვეკიდოთ კრიმინალის (დროებით) ზრდას – გახდა ცნობილი, მას ბიძინა ივანიშვილი ხშირად იყენებს და არსებითად გამოხატავს საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ მისი კონცეფციის მთავარ არსს: შევეგუოთ იმას, რაც არის.

5 თებერვლის პრესკონფერენციაზე მან მინიმუმ 2 ისეთ რამესთან შეგუებისკენ მოგვიწოდა, რაც ნამდვილად უნდა იყოს შეშფოთების საგანი. ჯერ მან გვითხრა, რომ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ნათესაობა-ნაცნობობა არის და დარჩება საჯარო სამსახურში სამუშაოდ აყვანის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი. მერე მან ასევე გვითხრა, რომ, ქართული მენტალიტეტის “სათანადო” დონეზე ცვლილების სავარაუდო ვადების გათვალისწინებით, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მზად 20 წელზე ადრე ვერ ვიქნებით.

თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ, რაშია ბოლო 9 წლის რეფორმების ორი ყველაზე მკაფიო და ხელშესახები რეფორმის – პოლიცია და იუსტიციის სახლის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული საჯარო სამსახურები – წარმატების გასაღები, სამსახურში აყვანის მექანიზმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.

გავიხსენოთ, რატომ იყო მნიშვნელოვანი უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად ჩატარებული ე.წ. მისღები გამოცდებიდან კორუფციის აღმოფხვრა: საკუთარი ცოდნით, საკუთარი შრომით უნივერსიტეტში მოხვედრილი სტუდენტი სულ სხვა მოქალაქეა – მოტივირებული, მონდომებული, მომავლისადმი იმედის რწმენით განმსჭვალული. თუ ერთხელ იგრძნო ადამიანმა, რომ მას მისი საკუთარი უნარებით აფასებენ, მას ყოველთვის რჩება რწმენა, რომ მომავალშიც მისი საკუთარი შრომისა და გარჯის მიხედვით შეაფასებენ. უფრო მეტიც, იგი სხვასაც უკვე იმავე პრინციპით აფასებს.

როგორც პოლიციაში, ისე იუსტიციის სახლებში სამსახურში აყვანის პრინციპი არ ყოფილა ნაცნობობა, ნათესაობა და ახლობლობა. სწორედ ამიტომაცაა რიგითი პატრული თუ იუსტიციის სახლის თანამშრომელი პრტოკოლის – ანუ მის მოვალეობაში შემავალი ფუნქციების ასეთი ერთგული. მას საკუთარი პროფესიონალიზმი და პროტოკოლის შესრულება იცავს და არა ნაცნობი თუ ნათესავი უფროსის კეთილგანწყობა.

სხვაგვარად ასეთი დიდი სისტემები ვერ მუშაობს: ნათესაობას და ნაცნობობას არ აქვს თავისი მკაფიო პროტოკოლი – რა არის დაშვებადი და რა არა. ამიტომ ყოველი ცალკეული გადაცდომის დროს თანამდებობის პირის მოვალეობების ჩამინათვალში კი არ მოგვიწევს ჩახედვა – რაც რიგითი პატრულის შემთხვევაში მისი ოცმეთაურის მოვალეობაა, არამედ მოგვიწევს ვიბოდიალოთ ნათესაურ-მეგობრულ-სანაცნობო ლაბირინთში, რათა პროტოკოლს აცდენილი თანამშრომლისათვის საყვედურის გამოცხადებაც კი ჩვენი ზემდგომის “მოულოდნელ” საყვედურად და “კაცურ ამბავში ჩაჭრად” არ დაგვიჯდეს.

[ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც პრობლემებს მუდმივად აწყდება განათლების თუ ჯანდაცვის სისტემები, სწორედ ისაა, რომ, პოლიციელის ან სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებისაგან განსხვავებით, პედაგოგს თუ ექიმს სწრაფად ვერ გადაამზადებ და ვერ ჩაანაცვლებ. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამბობენ ხოლმე, რომ განათლების სისტემა ყველაზე კონსერვატულია, ესეცაა.]

იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებამ პირველად დაიწყო კვალიფიკაციასა და ცოდნაზე დამყარებით შერჩეული პირებისაგან კეთილგანწყობილი, ღიმილიანი სამსახურის მიღება, ვისმენთ პრემიერ-მინისტრის საუბარს იმის თაობაზე, რომ საქართველოში ყოველთვის ხდებოდა ნაცნობ-მეგობრობით სამსახურში მოწყობა და ამას უნდა შევეგუოთ.

პირველ რიგში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელსუფლებას ეკუთვნის სერიოზული საყვედური, რომ იგი არ ახდენდა საზოგადოებისთვის იმ მექანიზმის ახსნას, რა მექანიზმითაც ხდებოდა პატიოსანი, კვალიფიციური ადამიანების სამსახურში აყვანა და თანამდებობებზე დაწინაურება ისეთ წარმატებულ სისტემებში, როგორიც იყო პოლიცია და იუსტიციის სახლის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული საჯარო სამსახურები.

მეორე და მთავარი: პოლიტიკოსის ამოცანა არ არის, გვითხრას, რა არის. ამას ჩვენც კარგად ვხედავთ. მით უმეტეს, არაა მისი ამოცანა, გვითხრას, რომ უნდა შევეგუოთ იმას, რაც არის, თუნდაც საყოველთაო შეფასებით ეს მიუღებელი რამაა. პოლიტიკოსის ამოცანაა, გვითხრას, რა უნდა იყოს და როგორ უნდა მივიდეთ არსებული რეალობიდან იმასთან, რაც უნდა იყოს.

ნეპოტიზმისგან, ნაცნობ-მეგობრობაზე დამყარებული დანიშვნებიდან არც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება ყოფილა თავისუფალი, მაგრამ მთავარი იყო, რომ ეს არასოდეს ყოფილა წახალისებული ხელისუფლების მიერ. არცერთ საჯარო პირს არასოდეს უთქვამს, რომ ნაცნობ-მეგობრობაზე დამყარებული დანიშვნები კარგია.

აქვე ერთი განმარტება უნდა გავაკეთო: არც კანონით და არც ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკით არაა აკრძალული, რეკომენდაცია გავუწიოთ ადამიანს, რომელსაც ვიცნობთ. და ჩვენ ვიცნობთ ჩვენს ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს, ბიძაშვილებს და ა.შ. მაგრამ ამაშიც უნდა არსებობდეს გარკვეული ჩარჩოები და პროცედურები: რეკომენდაციას თუ ვინმეს ვუწევთ, გავუწიოთ მას ეს წერილობით და ავხსნათ, რატომაა ესა და ეს პირი შესაბამისი იმ თანამდებობისთვის, რომელზეც ვაკანსიაა გამოცხადებული.

წერილობითი რეკომენდაცია, რომელიც თან დაერთვება ამ პირის განაცხადს, უზრუნველყოფს არა მხოლოდ გამჭვირვალობას, არამედ ზრდის რეკომენდატორის პასუხისმგებლობასაც. რაც მთავარია, ასეთი რეკომენდაცია მხოლოდ ნაწილი იქნება იმ ზოგჯერ საკმაოდ გრძელი და რთული საკონკურსო პროცედურისა, რისი გავლაც საჯარო სამსახურში სამუშაოს დაწყებისთვის აუცილებელი უნდა იყოს.

იმ ფონზე, როდესაც საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების საკმაოდ მასშტაბური გათავისუფლება მიმდინარეობს და არაფერი ისმის ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი თანამშრომლების კონკურსის წესით აყვანის თაობაზე, პრემიერ-მინისტრის განცხადება აღქმულია, როგორც ამ პროცესის წახალისება.

როგორც უკვე ვთქვი, ნეპოტიზმის ლეგიტიმაცია საკმაოდ სახიფათოა არა მხოლოდ იმით, რომ საზოგადოებაში არსებულ საბჭოურ მავნე ტრადიციას ახალისებს, არა მხოლოდ იმით, რომ გაართულებს უკვე აწყობილი სისტემების – მაგალითად, პოლიციის – გამართულ მუშაობას, არამედ იმითაც, რომ ამკვიდრებს აზრს: ნეპოტიზმი ქართული ბუნების ნაწილია, ამას არაფერი ეშველება, არც ღირს მცდელობა, ეს შევცვალოთ და ამიტომ ამას უნდა შევეგუოთ.

სწორედ ესაა საგანგაშო. სწორედ იმ აზრის გაღვივება, რომ ჩვენ ვერასოდეს ევროპელები ვერ გავხდებით, შეიცავს საფრთხეს, რომ ისიც დავასკვნათ: ჰოდა, რას ვწვალობთ, ვიყოთ რუსეთთან. თუ მაინც არაფერი გვეშველება, რაღას ვიტკივებთ თავს.

აქ უკვე მივადექით მეორე პასაჟს, მილიარდელი პრემიერ-მინისტრის 5 თებერვლის პრესკონფერენციიდან: ქართული მენტალიტეტის შეცვლას დიდი დრო სჭირდება და, სავარაუდოდ, 20 წელიწადში შეიძლება მზად ვიყოთ, გვქონდეს ევროკავშირისათვის მეტ-ნაკლებად შესაბამისი მენტალიტეტი.

კიდევ ერთი განმარტება პოლიტიკის სახელმძღვალოდან. პოლიტიკოსმა, რა თქმა უნდა, უნდა დასვას რეალისტური მიზნები (კოალიცია “ქართული ოცნება” ამას უკიჟინებს სწორედ მიხეილ სააკაშვილს, რომ იგი ნატოში გაწევრიანების არარეალისტურ ვადებს ასახელებდა), მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ დროს უსწრებდეს, პოლიტიკური ლიდერის არა მხოლოდ მოქმედების მოდუსი უნდა იყოს, არამედ ეს მისი ვალდებულებაა საზოგადოების წინაშე.

გავიხსენოთ, რომელი ბავშვი უკეთესად სწავლობს: ის, რომელსაც მშობელი ბავშვის შესაძლებლობების ადექვატურ მოთხოვნებს უყენებს (რაც, ბავშვისავე აღქმით, ბავშვისგან ზედმეტ დაძაბვას და შრომას მოითხოვს), თუ ის, რომლის ყოველ დაბალ ნიშანს მშობელი გაგებით ეკიდება და შემგუებლურ პოზიციას იკავებს.

ფუნდამენტური განსხვავება ერთაინი ნაციონალური მოძრაობის მმართველობასა და კოალიცია “ქართული ოცნების” მმართველობას შორის სწორედ იმაშია, რომ პირველი საზოგადოებას ზედმეტ მოთხოვნებს უყენებდა (რაც საზოგადოების ნაწილის თვალში საზოგადოებაზე ძალადობად აღიქმებოდა), მეორე კი საზოგადოებას სთავაზობს, ვიცხოვროთ ისე, როგორც ვცხოვრობთ.

“ზედმეტი” მოთხოვნების ჩამონათვალში შედის: ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირთან დაახლოება, სინგაპურიზაცია, ლაზიკა და ა.შ. იმაზე შეიძლება ვიდაოთ, რამდენად ადექვატურად ახდენდა მიხეილ სააკაშვილი ამ იდეების განმარტებას ქართული საზოგადოებისათვის, მაგრამ როგორ არ უნდა დავუწუნოთ მას რიტორიკა, ამ ჩამონათვალის ქვეშ იგულისხმება ადამიანის არსებობისათვის (აღორძინებისშემდგომი ევროპული ქრისტიანული გაგებით) ერთი მთავარი ნიშანი – შრომა. მინდა დავაზუსტო: შრომა და არა სამსახურში მოწყობა.

კვალიფიკაციასა და უნარებზე დაყრდნობით ადამიანის შეფასებასა და წარმატების აუცლებელ წინაპირობად შრომის აღიარებას შორის პირდაპირი ლოგიკური კავშირია: შრომას (სწავლას) მოაქვს მეტი კვალიფიკაცია და უნარი, მეტ კვალიფიკაციასა და უნარს მოაქვს მეტი შესაძლებლობა უკეთესად და უფრო პროდუქტულად შრომისა და თვითრეალიზაციისათვის.

ამის საპირისპირო ლოგიკას – რასაც მილიარდერი პრემიერ-მინისტრო გვთავაზობს – ლუარსაბ თათქარიძეობასთან მივყავართ: შენ არ გჭირდება ზედმეტი შრომა, გარჯა, სწავლა და ძალისხმევა; მთავარია, ნათესაობა, ნაცნობობა, გვარიშვილობა. ეს კი ჩვენი ნაციონალური პროექტის – ილია ჭავჭავაძის და არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დადგენილის – საპირისპირო რამაა.

5 თებერვლის პრესკონფერენციით ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება: რა გაგვიჭირვა საქმე ამ სააკაშვილმა ამ ნატოთი, ევროკავშირით, ლაზიკით, ავღნეთში ჯარების გაგზავნით, სინგაპურიზაციით. ჩვვენ ვიცხოვროთ ისე, როგორც ვცხოვრობთ (ნუ ჯანდაბას, ბოზბაშსაც და ჩიხითმასაც, თუ ძალიან შემეხვეწებით, გაჭმევთ) და გვაცალეთ ჩვენს ყოფაში მშვიდი ცხოვრება. ნათესაობით სამსახურში აყვანა ჩვენს ბუნებაშია, მენტალობაც არც მაინცდამაინც ევროპული გვაქვს. თან არ ვიცით, რა იქნება 20 წლის მერე (როცა ევროპისთვის მზად ვიქნებით) – იქნება თუ არა და თუ იქნება, როგორი იქნება ევროკავშირი. რატომ უნდა მოვიკლათ თავი იქითკენ სწრაფვით, რომელიც, როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, თვითონ კრიზისშია, რომელიც, პრემიერ-მინისტრის თქმითვე, არ ვიცით, თავადვე გადარჩება თუ არა.

ყველაფერთან შეგუება – კრიმინალთან, ნეპოტიზმთან (ვნახოთ, რას დაგვისახელებს მილიარდერი პრემიერ-მინისტრი მომდევნო პრეს-კონფერენციაზე) – ასე გულისხმობს, შევეგუოთ არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და დავასკვნათ: ესაა, რაც გვაქვს; ვუყუროთ მთავრობას, რამდენს გაიღებს ჩვენთვის “სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტიდან” და ვიოცნებოთ იმაზე, რომ იქნებ მილიარდერმაც გადმოგვიგდოს რაღაც.

One thought on “ბიძინა ივანიშვილი: ვაცადოთ ადამიანებს ლუარსაბ თათქარიძეობა

  1. ძალიან კარგად ახსენით!!! მსვენიერია!
    ეს მომეწონა: “ფუნდამენტური განსხვავება ერთაინი ნაციონალური მოძრაობის მმართველობასა და კოალიცია “ქართული ოცნების” მმართველობას შორის სწორედ იმაშია, რომ პირველი საზოგადოებას ზედმეტ მოთხოვნებს უყენებდა (რაც საზოგადოების ნაწილის თვალში საზოგადოებაზე ძალადობად აღიქმებოდა), მეორე კი საზოგადოებას სთავაზობს, ვიცხოვროთ ისე, როგორც ვცხოვრობთ.”

    ამ ფრაზით განმარტეთ, რატომ ვარ მე ნაც. მოძრაობის მხარდამჭერი, და რატომ გავხდი პირველი ოქტომბრიდან აქტიური მხარდამჭერი. უკეთესად ვერ ვიტყოდი!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s