ივანიშვილი კრემლში

პრემიერ-მინისტრობის სამთვენახევრის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი ეწვია ბრიუსელს, ბაქოს, ერევანსა და ანკარას. ყველა ვიზიტს თან ახლდა პრემიერის გამონათქვამები, მათით გამოწვეული გაუგებრობები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა და კოალიცია “ქართული ოცნების” წევრთა მიერ პრემიერის გამონათქვამთა საზოგადოებისათვის ახსნის, განმარტებისა თუ ინტერპრეტირების მცდელობა.

საქართველოს ნებისმიერი ახლადარჩეული ლიდერისათვის ზემოხსენებული დედაქალაქების სტუმრობა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯებია საიმისოდ, რომ მან საზოგადოებას მისცეს რწმენა: ქვეყნის საგარეო კურსი ნათელი, ხოლო ქვეყნის პირველ პირთა ნაბიჯები ცხადი და საქართველოს ინტერესების შესაბამისია.

ბუნებრივია, მთავარი ვიზიტები ჯერ კიდევ წინაა: ვაშინგტონი და მოსკოვი. მოსკოვში ვიზიტზე ბიძინა ივანიშვილს ჯერ რაიმე კომენტარი (ყოველ შემთახვევაში, ყურადღებამისაქცევი) არ გაუკეთებია. ეს ცხადყოფს, რომ მან იცის, რომ მოსკოვში ვიზიტის დრო არ დამდგარა. გაურკვეველი დროით გადაიდო პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ვიზიტი ვაშინგტონში, სავარაუდოდ, იმავე მიზეზით: ინდულგენციები წინასწარ არ გაიცემა.

იმავდროულად, სულ უფრო ნათელი ხდება – და 26 თებერვალს ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტისადმი წაყენებული ულტიმატუმი ამის ნიშანია – რომ პრემიერ-მინისტრს ძალიან ეჩქარება მიხეილ სააკაშვილის “პოლიტიკურ გვამად” ქცევა. ცხადია, მილიარდერ პრემიერს ძალიან აშინებს პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, დაითხოვოს კოალიცია “ქართული ოცნების” მთავრობა და დანიშნოს საკუთრი პარლამენტთან ანუ ბიძინა ივანიშვილთან შეუთანხმებლად.

მაგრამ პრემიერ-მინისტრს ძალიან ეჩქარება მიხეილ სააკაშვილის “პოლიტიკურ გვამად” ქცევა სხვა მიზეზის გამოც: სხვაგვარად მას კრემლში არ მიიღებენ. არადა დრო გადის და საკუთარ ამომრჩეველს ბიძინა ივანიშვილმა უნდა აჩვენოს, რომ იგი პუტინის კარზე მიღებული კაცია. ამის შემდეგ ვაშინგტონში მის ვიზიტსაც, თუკი ის შედგა, უფრო მეტი ფასი ექნება.

ახლა განვიხილოთ, რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის “პოლიტიკურ გვამად” ქცევა. ეს ორი ეტაპისაგან შედგება: (1) ვიდრე პრეზიდენტია, მიხეილ სააკაშვილს არ უნდა ჰქონდეს პარლამენტისა და პრეზიდენტის დათხოვნის საშუალება; (2) მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ისე უნდა დალაგდეს პოლიტიკური სპექტრი, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არ უნდა ჰქონდეს მინიმალური შანსიც კი, რომ ოდესმე ისევ შეძლებენ პოლიტიკურ სცენაზე დომინირებას.

ჯერ პირველზე ვთქვათ. დღესაც რომ ჩატარდეს საპარალამენტო არჩევნები, გამარჯვება კვლავ ბიძინა ივანიშვილს – ბიძინა ივანიშვილს და არა კოალიცია “ქართულ ოცნებას” – დარჩება, მაგრამ მილიარდერ პრემიერ-მინისტრს ეს დაუჯდება ახალ წინასაარჩევნო დაპირებებად (გაიაფებული ბენზინი და განახევრებული ტარიფები უკვე წარსულის თემაა) და კოალიციის გადალაგებად, რაც დღეს უკვე არცთუ ადვილად სამართავი პროცესი და უწინდებურად იაფი (იავანიშვილის საზომებით) საქმე იქნება.

[ის, რომ ახალი საპარალამენტო არჩევნები, ანდა მილიარდერი პრემიერის მთავრობისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა (ძალოვანი მინისტრებიდან რომელიმეს, სამივეს ანდა მთელი მთავრობის დათხოვნა) მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გაუმართლებელია, სრულიად ნათელია.]

რაც შეეხება მეორეს, ეს არა მხოლოდ კრემლისთვის, არამედ თვითონ ბიძინა ივანიშვილისთვისაც უაღრესად საკვანძო საკითხია: მან ხომ მთელი ეს პოლიტიკური “კარიერა” – მთელი თავისი დაძაბულობით და დისკომფორტით – პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წამოიწყო. ვინ და მილიარდერმა ყველაზე უკეთ იცის რა მოხდება, თუკი იგი წავა პოლიტიკიდან – მან ეს 26 თებერვლის ულტიმატუმშიც გაიმეორა – და არსებულ პოლიტიკურ სტრუქტურაში მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს დავით უსუფაშვილს და/ან იარაკლი ალასანიას “შეატოვებს”.

რაკი ეს მეორე საკითხი გაცილებით გრძელვადიანი და ვრცელი განხილვის თემაა, დავუბრუნდეთ ამ წერილის მთავარ საკითხს: რა უნდა მოხდეს, რომ ივანიშვილი კრემლში ჩავიდეს. მენიუ ვრცელია და მისი ცალკეული კომპონენტების ნებისმიერი კომბინაცია შესაძლებელია:

–       კონსტიტუციის შეცვლა და პრეზიდენტისათვის პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნის უფლების ჩამორთმევა

–       ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დაჭერა და ერთადერთი ოპოზიციური პარტიის დასუსტება

–       მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში მიყვანა თუნდაც მოწმის სახით

კოალიცია “ქართულ ოცნებას” კონსტიტუციის შესაცვლელად საჭირო 100 ხმა ჯერ არ აქვს და არც ამ 100 ხმის მოგროვების პერსპექტივა ჩანს: ვინც ადვილი “საკბილო” იყო, უკვე გადავიდა საპარლამენტო უმრავლესობაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დაჭერაც და ამით საპარალამენტო უმცირესობის დარჩენილი წევრების სულისკვეთების გატეხაც რთულ ამოცანად რჩება: სასამართლო ხელისუფლების სხვა შეტობისაგან  დამოუკიდებელი ინსტიტუტია. მოქმედი პრეზიდენტის სასამართლო დარბაზში მიყვანა კი რამდენიმეთვიანი პროცედურაა და პოლიტიკურად “ძვირი ჯდება” საერთაშორისო საზოგადოების მოსალოდნელი რეაქციების გათვალსიწინებით.

ამიტომ რჩება ერთადერთი “გამოსავალი”: ულტიმატუმის ფორმით საუბარი და არცთუ ირიბი მინიშნება “ხალხის სამართალსა” და “სამოქალაქო დაპირისპირებაზე. მაგრამ თუ პოლიტიკური ოპონენტი ამ მუქარას არ ექვემდებარება? ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პასუხი მარტივია: საპარლამენტო უმცირესობა მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს და პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვას, ოღონდ კონსტიტუციაში ასევე ჩაიწეროს, რომ საქართველო აღარასოდეს გახდება რაიმე ფორმით სახეცვლილი საბჭოთა კავშირის – დსთ, ევრაზიული კავშირი, საბაჟო კავშირი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია – წევრი.

ამ კომბინაციით ბიძინა ივანიშვილი კრემლში სააკაშვილის “პოლიტიკურ გვამს” ვერ ჩაიტანს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მოთხოვნილი ჩანაწერი კვეთს პუტინის “წითელ ხაზს”: რუსეთს სააკაშვილის “პოლიტიკური გვამიც” ხომ მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ საქართველო მისი დომინირების სივრცეში დააბრუნოს.

დრო გადის. კრემლი დუმს. ჯერჯერობით ონიშენკოც კი არ კადრულობს ჩამოსვლას და თავის ემისრებს აგზავნის ქართული, აწ უკვე ხარისხიანი ღვინის შესამოწმებლად. მოთმინების ფიალა არა მხოლოდ ბენზინის გაიაფების მომლოდინე ამომრჩეველს ეწურება, არამედ სოჭის ოლიმპიადის ორგანიზებით დაკავებულ ვლადიმერ პუტინსაც, რომელმაც “ქართულ საკითხს” ოლიმპიადის შემდეგ უნდა მიხედოს.

მანამდე კი, როგორც ჩემს წერილში “რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება” – რის ფასად?” ვწერდი,

“უკვე იკვეთება ეკონომიკური სტაგნაციისა და, ღმერთმა დაგვიფაროს, რეცესიის ნიშნებიც. თუ კოალიცია “ქართული ოცნების” მთავრობის პოპულისტურმა ნაბიჯებმა საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითრება შეაფერხა, რუსეთის მეორე ამოცანაც (ნატოში გაწევრიანების შეჩერებასთან ერთად), რასაც მისი 2008 წლის სამხედრო აგრესია ისახავდა, ასევე მიღწეული იქნება.

რაც შეეხება საქართველოში რუსეთის ინტერესების დაკმაყოფილების მესამე ძირეულ ამოცანას – მოხდეს დემოკრატიული მმართველობის ეროზია, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები ჩაანაცვლოს სოციალისტურმა პრინციპებმა, ხოლო საზოგადოებაში იმძლავროს ანტილიბერალურმა ღირებულებებმა – ამ საკითხში გადამწყვეტი იქნება, მოაგროვებს თუ არა კოალიცია “ქართული ოცნება” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას.”

ამაზე იქნება დამოკიდებულიც, როდის და როგორ ჩავა ივანიშვილი კრემლში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s