1 ოქტომბრის არჩევნების პოზიტიური შედეგები

ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ წერილის სათაური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტიურ მხარდამჭერთა გულისწყრომას გამოიწვევს. “როცა ქვეყანა ასე აშკარად დგას საგარეო ორიენტაციის შეცვლისა და ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული ეკონომიკური წინსვლის შეფერხების წინაშე, როგორ შეიძლება რამე პროგრესზე ვილაპარაკოთ”, – იტყვიან ისინი, ვინც უკმაყოფილოა კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ფართომასშტაბიანი ამნისტიით ანდა ოკუპაციის შესახებ კანონში შესატანი რუსეთისათვის სასურველი ცვლილებებით.

{!!! თუ თქვენ ამ ბლოგის განახლებების გამოწერა გსურთ: დააჭირეთ ღილაკს +Follow    მარჯვენა ქვედა კუთხეში და ღია გრაფაში თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი ჩაწერეთ; თქვენს ელეტრონულ ფოსტაში მიიღებთ გზავნილს, რომელში მითითებულ ბმულზე დაჭერით უნდა დაადასტუროთ, რომ გსურთ ამ ბლოგის გამოწერა; მომავალში ბლოგის განახლებისთანავე მიიღებთ გზავნის და წაიკითხავთ ახალ სტატიას.!!!}

უკმაყოფილონი დარჩებიან კოალიცია “ქართული ოცნების” მომხრეებიც. მხოლოდ მათი უკმაყოფილების მიზეზი არა სათაური (სათაური სწორედაც რომ პირიქით, სიამოვნებას მოჰგვრით), არამედ წერილის შინაარსი იქნება. რაშიც მე პოზიტივს ვხედავ, ეჭვი მაქვს, ისინი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არსებობის გარანტად აღიქვამენ და სწორედ ამის გამო შეიძლება გამოთქვან მათ წერილის შესახებ გულისწყრომა.

ის ფაქტი, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებში რაიმე პოზიტივის დანახვას ვცდილობ, არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ზოგად ვითარებას პოზიტიურად ვაფასებ. სწორედ იმიტომ, რომ იქმნება საგარეო-პოლიტიკური კურსის რადიკალურად შეცვლის წინაპირობები, ხოლო ეკონომიკა სტაგნაციის ზღვარზეა, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რა დაიცავს ქართულ საზოგადოებას, ერთი მხრივ, (სოჭის ოლიმპიადის შემდეგ) რუსეთის გარდაუვალი ზეწოლისაგან და, მეორე მხრივ, ეკონომიკური კრიზისისაგან.

ქვემოთ ჩამოთვლილი პარამეტრები ზემოაღნიშნული საფრთხეების პირდაპირი საპირწონეები არაა. ისინი უფრო ის პარამეტრებია, რაც, შენარჩუნების შემთხვევაში, ქართულ საზოგადოებას აძლევს შანსს, ბოლო თვეების ისტერიული ფონიც დაძლიოს და დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაციის ისტორიული შანსიც არ გაუშვას ხელიდან.

სასამართლო.

კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერები არც მალავენ, რომ უკმაყოფილონი არიან ძველ თუ ახალ “გახმაურებულ საქმეებზე” მოსამართლეების გადაწყვეტილებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ღიად და დაუფარავად დაემუქრა მოსამართლეებს, ხოლო ერთ კონკრეტულ შემთხვევაში პროკურორმა გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით მოსამართლეც კი დაიბარა (!).

კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დღეს ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს ქმნიან, ხოლო მათი რადიკალური ნაწილი “სამართლიანობის აღდგენის” იდეებით გამოდის. იმავდროულად, საზოგადოების დიდ ნაწილს ესმის, რომ თუ დღეს ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია “ქართული ოცნება” სასამართლოს დაიქვემდებარებს – “გახმაურებულ საქმეებზე” “ადექვატური” რეაგირებისა და “სამართლიანობის აღდგენის” საბაბით – ხვალ პოლიტიკურ დიქტატს დაქვემდებარებული სასამართლო საზოგადოების იმ წევრებსაც შემოუბრუნდება, რომელთაც, კოალიციის თვალთახედვით, დღეს თითქოს არაფერი ჩაუდენიათ კანონთან შეუსაბამო.

პრინციპი “ბარემ ამ ერთხელაც და მეტი აღარ” აქ არ გამოგვადგება. თუ საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლების ყოველ ცვლილებას სასამართლო ხელისუფლების ცვლილება უნდა მოყვეს, მაშინ აქვე შეგვიძლია დავასრულოთ დასავლეთთან ღირებულებითი, ინსტიტუციონალური თუ ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ ოცნება.

არგუმენტად არ გამოდგება “ვარდების რევოლუციის” შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან ანალოგია. ჯერ ერთი, ნუ შევადარებთ მაშინდელ კორუმპირებულ, არაკვალიფიციურ სასამართლოს დღევანდელ სასამართლოს, რომელიც ევროკავშრისა და ევროპის საბჭოს მეთვალყურეობითა და მეთოდური დახმარებით გაიზარდა და ჩამოყალიბდა. ასეც რომ არ იყოს, თუ ის გამოცდილება ცუდია, რატომ უნდა გავიმეოროთ იგივე?

შესაბამისად, საზოგადოება არ უნდა აჰყვეს ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების ცდუნებას და მიმდინარე პოლიტიკური მომენტის საჭიროებების გამო არ უნდა დათმოს ყველა პოლიტიკური ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი დამაბალანსებელი ხელისუფლება – დამოუკიდებელი სასამართლო.

მედია.

იმგვარ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკურ ბერკეტებს ორი სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იყოფს, სასამართლოს მსგავსად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მედიას. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსების არაერთ გამოსვლასა თუ გამონათქვამში იკითხება ცალკეული მედია-საშუალებებით უკმაყოფილება: ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია “ქართული ოცნების” სხვა ლიდერები განსაკუთრებით რუსთავი-2-ს უყურებენ ალმაცერად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი – “მეცხრე არხს”.

თუმცა აქ არის ერთი არსებითი განსხვავება: როგორც სასამართლოს შემთხვევაში, მედიასთან დაკავშირებითაც კოალიცია “ქართულ ოცნებაში” ჯერ კიდევ არსებობს დიდი სურვილი და მცირედი იმედი, რომ რაღაც მომენტში ხელში ჩაიგდებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “კუთვნილებად” მიჩნეულ რუსთავი-2-ს. იმ პირობებში, როდესაც, ინტერენეტის გავრცელების პარალელურად, ინფორმაციის გავრცელების არხები მრავალფეროვანი გახდა, ხოლო რუსთავი-2-ს პარალელურად რამდენიმე ასევე ძლიერი ტელეკომპანია მაუწყებლობს და მაყურებელს ყველა მხარის მოსაზრება მიეწოდება, კოალიციის ლიდერთა ამგვარი სურვილი და იმედი, სულ მცირე, ღიმილისმომგვრელია.

რას ვგულისხმობ “ღიმილისმომგვრელობაში”? დღეს უკვე საკმაოდ ძნელია რუსთავი-2-ს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი მიკერძოება დააბრალო, ხოლო “მაესტროს” – კოალიცია “ქართული ოცნებისადმი”. პოლიტიკურმა პოლარიზაციამ უსარგებლო გახადა ის თვალსაზრისები მედიის შესახებ, რაც ჯერ კიდევ არსებობდა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე.

ამის მიუხედავად, ამ საკითხშიც საზოგადოება არ უნდა აჰყვეს ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების ცდუნებას და მიმდინარე პოლიტიკური მომენტის საჭიროებების გამო არ უნდა დათმოს ყველა პოლიტიკური ხელისუფლების ასევე ერთ-ერთი ძირითადი დამაბალანსებელი ხელისუფლება – პლურალისტული მედია.

ოპოზიცია.

ვარდების რევოლუციამ, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გაზაზე შექმნილ შანსთან ერთად, საზოგადოების ნაწილში არასწორი სტერეოტიპებიც შექმნა. სასამართლოსა და მედიაზე კონტროლის დაუფლების სურვილი სწორედ ამგვარი სტერეოტიპის მაგალითია. ბიძინა ივანიშვილს აშკარად ეტყობა, რომ იგი ასე ფიქრობს: მიშამ თავის დროზე მოახდინა თავის ხელში ყველაფრის უზურპაცია, ახლა მე უნდა მოვახდინო.

ასეთი შეხედულება, თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც ასე ფიქრობს და ეს მხოლოდ ჩვენი შთაბეჭდილება არაა, არასწორია ორი ასპექტით. ჯერ ერთი, აბსოლუტურად მცდარია შეხედულება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა უკონტროლო და ერთ ხელში მოქცეული ძალაუფლების მაგალითი იყო. მაგრამ, როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, თუ ეს ასე იყო და საზოგადოებამ სწორედ ამას გამოუცხადა უარი 2012 წლის 1 ოქტომბერს, რატომ უნდა წავიდეთ მანკიერ წრეზე მეორედ?

იმის გამო, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ გაქრა მოქალაქეთა კავშირი, როგორც პოლიტიკური ძალა (უფრო ადრე სამოქალაქო ომს მოჰყვა მმართველი კოალიციის – “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” ფაქტობრივი გაქრობა), ვარდების რევოლუციის ავტორების მიმართ იმთავითვე (2003 წლის 23 ნოემბრიდანვე!) პიროვნული ზიზღით გამსჭვალულ პოლიტიკოსებს – ასეთი კი მრავლადაა კოალიცია “ქართული ოცნების” რიგებში – ჰქონდათ იმედი, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც გაქრებოდა პოლიტიკური სცენიდან.

ეს არ მოხდა. უფრო მეტიც, უკვე კოალიცია “ქართული ოცნების” ყველაზე რადიკალური ლიდერებიც კი დარწმუნდნენ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დარჩება საქართველოს სერიოზულ პოლიტიკურ პარტიად. ბიძინა ივანიშვილის ყოველი შემდეგი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან იქნება მიხეილ სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის ლეგიტიმაცია კოალიციის ამომრჩევლისავე თვალში, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს არსებობის უფლება.

როგორც უამრავ სხვა ასპექტში კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაკომპლექტებული მთავრობა ხდება საკუთარი, განსაკუთრებით საპარლამენტო ლიდერების აგრესიული რიტორიკის ტყვე და უხდებათ ამ აგრესიული რიტორიკით შექმნილი მოლოდინების მართვა, ასეა ამ საკითხშიც: თავად შეუქმნეს საზოგადოებას მოლოდინი, რომ დაჭერებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დაშლიდნენ და ახლა, როცა ეს არ ხდება, საჭიროა ეს იმავე ადამიანებს რამენაირად განემარტოთ.

26 თებერვლიდან მოყოლებული სწორედ ამას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი. საქართველოს პრეზიდენტისადმი ფეისბუქით მიწერილი წერილით მან გააცოცხლა საზოგადოებრივი დისკუსია, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს მომხდარმა დაპირსპირებამ გაანელა. ამჯერად ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებში იკითხება შემდეგი: “შევეგუეოთ მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არსებობას… ოღონდ რაც შეიძლება მკვეთრად ვლანძღოთ”.

თუ საზოგადოებრივი ინტერესით ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტად რაც უნდა უნდოდეს საზოგადოების უმრავლესობას – პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად – ესაა დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მიერ დაკომპლექტებული მთავრობითა და ქმედითი ოპოზიციით, რომელიც საზოგადოებას მნიშვნელოვან საკითხებზე მეტ ინფორმაციასა და ალტერნატიულ ხედვებს სთავაზობს.

საქართველოს დღეს პირველად ჰყავს არა მხოლოდ ანგარიშგასაწევი ძლიერი ოპოზიცია, არამედ პირველად ჰყავს ხელსუფლებაში ყოფნის გამოცდილების მქონე ოპოზიცია. დამოუკიდებელ სასამართლოსა და პლურალისტულ მედიასთან ერთად, ესეც ის ფუნდამენტია, რომელიც, სწორად გამოყენების შემთხვევაში, საზოგადოებას ახალ საფეხურზე აიყვანს.

დასკვნა.

გავიმეორებ: სამწუხაროდ, არც დამოუკიდებელი სასამართლოს, არც პლურალისტული მედიისა და არც ძლიერი ოპოზიციის არსებობა სამომავლოდ საქართველოში გარანტირებული არაა და მათი დღევანდელი არსებობა ჯერჯერობით არ გამოდგება დასაიმედებლად, რომ ისინი შეაკავებენ ქვეყანაში ისეთ ტენდენციებს, რაც არ პასუხობს ქვეყნის ინტერესებს.

ამ ინსტიტუტების არსებობა დღეს უფრო შანსია, რომელიც ნათლად 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა. დავიტოვოთ იმედი, რომ ქართული საზოგადოება ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.

3 thoughts on “1 ოქტომბრის არჩევნების პოზიტიური შედეგები

  1. კარგი ანალიზია. მთავარია შენარჩუნება მოხერხდეს სასამართლოს და მედიის ასეთი მდგომარეობის. ძალიან ცუდია რომ ეს ყბადაღებული კოაბიტაცია სრულ ბალაგანად იქცა, რასაც ქვეყნისთვის უარყოფითი შედეგები მოაქვს.
    ნაციონალურ მოძრაობას კი ნამდვილად სჭირდებოდა გამოცოცხლება. ბოლო 2 წლის მანძილზე აქტიურ-რეფორმატორული ხასიათი სტანგაციამ და საკუთარი თავით ტკბობამ შეცვალა, რაც დამარცხების ერთ-ერთი, თუმცა არა ძირითადი მიზეზი გახლდათ.

  2. Pingback: 1 ოქტომბრის არჩევნების პოზიტიური შედეგები | თავისუფალი ზონა

  3. romeli “damoukidebeli” sasamartlos shenarchunebisaken mogvicodebs am statiis avtori? romelic saqartvelos arasodes hqonia? romelic tavad prezidenti saakashvilis shefasebitac ki ar iko damoukidebeli? koveltvis, roca qartuli sasamartlo xelisuflebis damoukideblobaze saubroben, tavs vgrznob sheuracxkofilad. am statiis cakitxvis shemdeg ormagad sheuracxkofili var, vinaidan avtori shefarvit cdilobs dagvarcmunos davicvat da shevinarchunot aradamoukidebeli da mikerzoebuli sasamartlo. es ki namdvilad samudamod dagvashorebs evropisaken mimaval gzas.
    P.S. tqven, nacionalebi, mashin ushvebt kvelaze mzime shecdomas, roca samoqmedo strategias agebt mosazrebaze, rom kvela qartveli idioti da gaunatlebelia.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s