ივანიშვილი: არაა გამორიცხული კუბლაშვილი ვალს აბრუნებდეს

როდესაც საქართველოს მილიარდერი პრემიერ-მინისტრის 5 თებერვლის პრესკონფერენციას ვაანალიზებდი, დავწერე: “რამდენიმე პასაჟი მისი პრესკონფერენციიდან ნამდვილად იძლევა საბაბს, გავაკეთოთ დასკვნა, რომ მას საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ საკუთარი განსაკუთრებული კონცეფცია აქვს და ეს კონცეფცია ერთი ფრაზით სწორედ ასე გამოითქმის: ვაცადოთ ადამიანებს ლუარსაბ თათქარიძეობა.”

{!!! თუ თქვენ ამ ბლოგის განახლებების გამოწერა გსურთ: დააჭირეთ ღილაკს +Follow    მარჯვენა ქვედა კუთხეში და ღია გრაფაში თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი ჩაწერეთ; თქვენს ელეტრონულ ფოსტაში მიიღებთ გზავნილს, რომელში მითითებულ ბმულზე დაჭერით უნდა დაადასტუროთ, რომ გსურთ ამ ბლოგის გამოწერა; მომავალში ბლოგის განახლებისთანავე მიიღებთ გზავნის და წაიკითხავთ ახალ სტატიას.!!!}

დღევანდელი პრესკონფერენციის რამდენიმე პასაჟი უთუოდ იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას, რადგან პრემიერ-მინისტრის მსოფლმხედველობაში “ახალი პლასტების” დანახვას სულ უფრო მივყავართ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის უახლოესი მომავლის შესახებ საკმაოდ საინტერესო დასკვნებთან. მივყვეთ პუნქტებად:

1. დასაწყისში ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ სწრაფად და ზერელედ ჩაიკითხა იმ “თავმოსაწონი” საქმეების ჩამონათვალი, რაც მისმა მინისტრებმა პრეს-კონფერენციისათვის მოუმზადეს. (ვიმეორებ: “პრეს-კონფერენციისათვის მოუმზადეს” და არა გააკეთეს.) რეგიონული ჟურნალისტების დიდი ინტერესი კოალიცია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება-არშესრულების საკითხს არ გამოუწვევია, თუმცა რამდენიმესაათიანმა კითხვა-პასუხმა გამოავლინა შემდეგი:

მილიარდერი პრემიერ-მინისტრი დაკავებულია არა იმაზე ფიქრით, როგორ შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები, არამედ იმით, როგორ შეინარჩუნოს საკუთარი ამომრჩევლის აგრესია მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ბიძინა ივანიშვილს სურს, 2013 წელი მაინც ისე გაატაროს, რომ სათქმელად მხოლოდ ეს ჰქონდეს – რომ არა სააკაშვილი, ოქროს კოშკებს დაგიდგამდით.

პრესკონფერენცია “ქართული ოცნების” დასრულება იყო განსაკუთრებით იმ იპოთეკარებისათვის, რომლებმაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილს იმ იმედით დაუჭირეს მხარი, რომ მათ გადაუხდელი ვალების გამო საკუთარი საცხოვრისიდან არ გამოასახლებდნენ. ბათუმში ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარმა გამოსახლებებმა და პრესკონფერენციაზე ივანიშვილის მიერ ამ ფაქტზე რეაგირებამ ნათელი გახადა, რომ იპოთეკარებს თავად მოუწევთ საკუთარ მევალეებთან ურთიერთობების გარკვევა.

ამის ფონზე უნდა გავიხსენო ციტატა წერილიდან “სამი კაკალი კონკიასათვის”: “დღეს უკვე მეტი და მეტი ადამიანისათვის ხდება ნათელი, რომ როგორი “სოციალურად ორიენტირებულიც” არ უნდა გახადოს კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო ბიუჯეტი, რამდენიც არ უნდა იდაოს კოალიციამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ იმაზე, როგორია მართებული ბალანსი განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებზე მიმართულ ფინანსებსა და სოციალურ დანახარჯებს შორის, “ჯადოსნური ჯოხი”, რომელიც ერთ წამში გოგრას ეტლად აქცევდა, არ არსებობს. შესაბამისად, კოალიცია “ქართული ოცნების” მმართველობა იქნება იმ უტოპიის დასრულება, რომ “ყველანი უცბად მაგრად და ჯიგრულად ვიქნებით”.

2. 26 თებერვლიდან მოყოლებული, კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ, პოლიტიკური ვითარების გამუდმებით დაძაბვის ფონზე, საზოგადოებამ უცნაურად აღიქვა მილიარდერი პრემიერ-მინისტრის მოულოდნელი ვიზიტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. საქართველოს პოლიტიკური რუკიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაქრობის, პლურალისტულ მედიაზე გავლენის მოპოვებისა და სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის დაწესების ღია და დაუფარავი სურვილის ფონზე, ეს ვიზიტი, ერთი შეხედვით, არ ჩაჯდა რუსი ოლიგარქის ტიპური რუსული აგრესიული ქცევის კონტექსტში.

არადა ეს ვიზიტი სწორედაც რომ მკაფიო დასტურია რუსი ოლიგარქისთვის დამახასიათებელი ქცევისთვის: თუ მეორე მხარესთან აგრესიულობა არ გაგდის, მოჩვენებითი თანაარსებობის გზა უნდა მოძებნო. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის შეზღუდული პოლიტიკური ცნობიერებისა და გამოცდილებისთვისაც კი ნათელი აღმოჩნდა დასავლეთის მკაფიო მესიჯი, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე შეხება წითელი ხაზების გადაკვეთა იქნება.

შესაბამისად, “ბატონ კოტეზე” საკმაოდ მშვიდ ტონში დადებითი საუბარი (ერთი გამონაკლისის გარდა, მაგრამ ამაზე ქვემოთ) უნდა აღვიქვათ იმის ნიშნად, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთს ჯერჯერობით ანგარიშს უწევს. თუმცა ეს არ უნდა იყოს საზოგადოების თვითდამშვიდების საფუძველი, რადგან მილიარდერი პრემიერ-მინისტრის უახლოესი PR-სტრატეგია ასეთია:

(ჯერ კიდევ მრავალრიცხოვანი) საკუთარი ამომრჩევლის აგრესიის გაზრდა დასავლეთის მიმართ შემდეგი არგუმენტით – ისინი ხელს უშლიან ქვეყანაში “სამართლიანობის” აღდგენას; ისინი ხელს აფარებენ სააკაშვილის “რეჟიმს”. სწორედ ესაა ივანიშვილის ევროპარლამენტარებისადმი გაგზავნილი წერილის პათოსი.

იგივე არგუმენტით მუშაობს კოალიცია “ქართული ოცნება” სასამართლო ხელისუფლების (და ბატონ კოტე კუბლაშვილის) რეპუტაციის წინააღმდეგ. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა მის ამომრჩეველში საკმარის აგრესიას გააღვივებს, რათა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ კვლავ აამოქმედოს ის ბერკეტები, რისი მაგალითიც 8 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ ვიხილეთ.

3. წარმოვიდგინოთ, რომ დასავლეთი და “შეცდომაში შეყვანილი” 23 ევროპარლამენტარი არ სცემს ისეთ პასუხს რუს ოლიგარქს, როგორც ეს შანტაჟის ენით მოლაპარაკე ბიძინა ივანიშვილს წარმოუდგენია. ეს კიდევ უფრო უკეთესია რუსეთისთვის, რომლის ტაქტიკური ოცნება, დაკავშირებული საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან, სწორედ ისაა, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობაში სულ უფრო მეტი და მეტი ბზარი გაჩნდეს.

ახალი ხელისუფლება ვერ გადავა პოლიტიკური ოპონენტების სრულმასშატაბიან ტერორზე, ვიდრე საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს დასავლეთთან ურთიერთობის უკვე მყარი ტრადიცია და ფორმალიზებული სტრუქტურები, რასაც ანგარიში უნდა გაეწიოს. კოალიცია “ქართული ოცნების” უდიდესი ნაწილი შვებით ამოისუნთქებს, თუკი დასავლეთთან ფორმალიზებული ურთიერთობების რღვევა და ეროზია მოხდება. ასეთ პირობებში ხომ უფრო ადვილის იქნება პუტინის პირმშოსთან – ევრაზიულ კავშირთან დაახლოების უალტერნატივობაზე საუბარი, რასაც გოგი თოფაძისნაირი რუდიმენტები დიდი ენთუზიაზმით დღესაც ახერხებენ.

აქ ორი რამის იმედი შეიძლება ჰქონდეთ საზოგადოების დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებულ ნაწილს: ესაა თავად დასავლეთი და თავად ქართველი ხალხი. დასავლეთი ასე ადვილად არ წირავს თავისუფლებისათვის მებრძოლ ერებს, თუკი მათ მართლა სურთ თავისუფლების მოპოვება; ქართველი ხალხს დიდხანს ვერ მოატყუებ იმ ტიპის ჭორაობით (როგორც თავად უწოდა), რაც მილიარდერი მრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაზე ვიხილეთ. საქმე კი, როგორც განვლილი 5 თვე მოწმობს, არ კეთდება.

4. და ბოლოს, პრესკონფერენციის მორალური მხარე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე საუბრისას მილიარდერმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: თავის დროზე ძვირადღირებული მკურნალობა სააკაშვილმა დაუფინანსა და რაღაცეებზე უარს ამიტომ ვერ ეუბნებოდაო (უკაცრავაა ციტატის უზუსტობისთვის, მაგრამ ჭორაობის აზრი ეს იყო).

ამასთან დაკავშირებით სრულიად მართებულად შენიშნა ზაზა ბიბილაშვილმა ფეისბუქზე: “როგორც შორენა შავერდაშვილი იტყოდა, “არაა გამორიცხული კუბლაშვილი ვალს აბრუნებდეს”. იგივე მორალია. განა ტყულად ესმით ერთმანეთის.”

ამ მორალზე ბევრს არ გავაგრძელებ, რადგან წერილი “ბექას ვალი დავუბრუნოთ” სწორედ ამ საბჭოთა “მორალურობას” მივუძღვენი. “ყველას და ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენება ერთგვარი თავდაცვითი ინსტიქტის გამოვლენაა: რაც მეტი ადამიანის მორალურობა იქნება ეჭვქვეშ დაყენებული, მით უფრო ადვილია არსებობა იმის შემდეგ, რაც ერთ დღეს შენს რეპუტაციას დააყენებენ ეჭვქვეშ,” – ვწერდი მაშინ.

და რას იტყვის მაშინ ბიძინა ივანიშვილი, როცა ხალხის სამსჯავროზე მისი რეპუტაცია დადგება?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s