ნაციონალური მოძრაობის შეცდომები (ნაწილი პირველი)

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც კი პოლიტიკურ დღის წესრიგს მეტწილად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განსაზღვრავს. ამის ძირითადი მიზეზები შემდეგია:

–       კოალიცია “ქართული ოცნება” არ ელოდა, რომ არჩევნების შემდეგ მას მოუწევდა მთავრობის დაკომპლექტება, ქვეყნის მართვა და, შესაბამისად, წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება

–       კოალიციის წინასაარჩევნო დაპირერები შესრულებადიც რომ იყოს, ახალი მთავრობა განიცდის კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტს

–       ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, შერჩევითი სამართლისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აშკარა და ღია პოლიტიკური დევნის პირობებშიც კი, რჩება პოლიტიკურ სცენაზე

–       ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს რამდენიმე საკვანძო ინსტიტუტს: პრეზიდენტი, გუბერნატორები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნაწილი

–       (ჯერჯერობით) მედია პლურალისტულია, ხოლო სასამართლო – რეალურად დამოუკიდებელ სახელისუფლო შტოდ ქცევის პროცესში

{!!! თუ თქვენ ამ ბლოგის განახლებების გამოწერა გსურთ: დააჭირეთ ღილაკს +Follow    მარჯვენა ქვედა კუთხეში და ღია გრაფაში თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი ჩაწერეთ; თქვენს ელეტრონულ ფოსტაში მიიღებთ გზავნილს, რომელში მითითებულ ბმულზე დაჭერით უნდა დაადასტუროთ, რომ გსურთ ამ ბლოგის გამოწერა; მომავალში ბლოგის განახლებისთანავე მიიღებთ გზავნის და წაიკითხავთ ახალ სტატიას.!!!}

დრო ყოველთვის მთავრობის წინააღმდეგ მუშაობს, მით უმეტეს, ძლიერი და ორგანიზებული ოპოზიციის პირობებში. თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოებას ასე ადვილად მოუბრუნდება გული ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე, რაოდენ გაწბილებულიც არ უნდა დარჩეს მილიარდერი პრემიერ-მინისტრის მიერ წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობით. ამის მიუხედავად, საზოგადოებაც და პოლიტიკური კლასიც აცნობიერებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარეშე საქართველოს მომავალი პოლიტიკური ცხოვრება არ შედგება, მით უმეტეს, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე 21 მარტის კენჭისყრის შემდეგ.

აქედან გამომდინარე, საზოგადოების (და არა მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის) ინტერესში უნდა იყოს იმის გაანალიზება, რა შეცდომები დაუშვა მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ. ეს საშუალებას მისცემს ამომრჩევლს, არა მხოლოდ კოალიცია “ქართული ოცნების” მთავრობა აკონტროლოს უფრო ეფექტურად, არამედ უფრო მოღონიერებული დახვდეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, როცა ეს უკანასკნელი კვლავ დაიბრუნებს მართვის სადავეებს მთლიანად ან რომელიმე კოალიციური მთავრობის პირობებში.

ნახევრად სავსე თუ ნახევრად ცარიელი ჭიქის ამბავი

მართალია, დღევანდელისაგან განსხვავებით, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპირწონე პოლიტიკური ძალა აღარ არსებობდა და შევარდნაძის ხელსიუფლების კორუმპირებულ ჩინოვნიკებს სახელმწიფო ბიუჯეტში ათეულობით მილიონი ლარის დაბრუნება მოუწიათ, მაგრამ არავის ჰქონია იმის ილუზია, რომ მაშინდელი პოლიტიკური ელიტა ასე ადვილად შეეგუებოდა (მათი გაგებით) “ისტორიის გამრუდებას”.

“მაშინდელ პოლიტიკურ ელიტაში” ვგულისხმობ არა მაინცდამაინც ოდიოზურ ლევან მამალაძეს ან ასლან აბაშიძეს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ედუარდ შევარდნაძისგან სწორედ მათ, და არა მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიას, უნდა გადაებარებინათ ქვეყნის მართვის სადავეები. შესაბამისად, 2003 წლის 23 ნოემბერსვე არსებობდა ადამიანთა წრე, რომელსაც, რაც უნდა გაეკეთებინა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ყველაფერს “ქვეყნის დაქცევად” შეფასებდა.

ამას დაერთო მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის სერიოზული რეფორმისტული ნაბიჯები – ზოგი შედეგიანი, ზოგი უშედეგო – ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სფეროში, რასაც ბუნებრივად მოჰყვებოდა საზოგადოების სხვადსხვა ნაწილის უკმაყოფილება და რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა “ვარდების რევოლუციით” დასუსტებული პოლიტიკური ელიტისთვის, აეღო რევანში და მოეხდინა კონტრევოლუცია.

სწორედ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მთავრობის სტრატეგიული არჩევნის საკითხი.

ერთი მიდგომა იყო ასეთი: ჭიქა მთლად ცარიელი არ არის; თუ უფრო ფრთხილად და ადექვატურად ვიმოქმედებთ, საზოგადოებაში ის ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ პროდასავლურ, დემოკრატიულ კურსს, უფრო მომძლავრდებიან და ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც უფრო შეინარჩუნებს ელექტორალურ მხარდაჭერას; არ არის საჭირო ყველგან და ყველაფერში “ყინულმჭრელის” როლის თამაში.

მეორე მიდგომა იყო ასეთი: ჭიქა ნახევრამდეც კი არ არის სავსე; იმის იმედით რომ ვიმოქმედოთ, რომ საზოგადოება მალევე გაიგებს და დაგვიფასებს, რასაც ვაკეთებთ, ბევრ დროს დავკარგავთ და რევანშისტები ძალიან მალე მოახდენენ მათ გარშემო საზოგადოების კონსოლიდირებას; ამიტომ რამდენადაც მეტზე “გავჭრით ყინულს”, მით უკეთესი.

პოლიტიკას ერთი უცნაურობა ახასიათებს: უნივერსალური მიდგომები არ არსებობს. და უფრო მეტიც, არც უნივერსალური შეფასებები არსებობს.

ის ხალხიც კი, ვინც მიხეილ სააკაშვილის მთავრობას “ყინულმჭრელობას” (არსებითად კი, აროგანტულობას) უწუნებს, უკმაყოფილოა, რომ რაღაც სფეროში (გააჩნია, კრიტიკოსი რა სფეროს მიეკუთვნება ან რა  სფერო “სტკივა”) ეს მთავრობა საკმარისად რეფორმატორი არ იყო. მაგალითად მოჰყავთ ხოლმე კახა ლომიას მიერ დაწყებული საგანმანათლებლო რეფორმის დამუხრუჭება ანდა ჯანდაცვის სფეროში გასატარებელი რეფორმის შესახებ მეტ-ნაკლებად გამართული კონცეფციის ძალიან გვიანდელ ეტაპზე ჩამოყალიბება.

ხოლო ის ხალხი, ვინც “ყინულმჭრელობის” მომხრე იყო, გარკვეულ ეტაპზე (როგორც წესი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად) ზომიერების დაცვისა და “ამომრჩევლის ძალიან არგანაწყენების” არგუმენტით გამოდიოდა. პოლიტიკაც ხომ ესაა, ბალანსი სასურველსა და შესაძლებელს შორის.

მე მგონი, ყველა ვხვდებით, რომ კამათი, რომელი მიდგომა იქნებოდა მართებული, დღეს ბევრის არაფრის მომცემია. 2003 წლიდან სულ რომ ფეხის წვერებზე ევლო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ქართული საზოგადოების რევანშისტული და რეტროგრადული ნაწილი რაღაც მომენტში აუცილებლად დაამარცხებდა მას. ასევე, უფრო მეტად “ყინულმჭრელად” რომ ემოქმედა, შესაძლოა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 9 წელიც ვერ ემართა ქვეყანა და ვერ ჩაეტარებინა ის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი რეფორმები, რისი ჩატარებაც მან ამ პერიოდის განმავლობაში მოასწრო.

მთავარი “შეცდომა”

და მაინც, არსებობს ზღვარი “ყინულმჭრელობასა” და “თავხედურობას” შორის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარი “შეცდომა” ის იყო, რომ იგი “დაუმარცხებლის” იმიჯს ასხივებდა და 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგები სწორდაც ამიტომ იყო შოკისმომგვრელი. არათუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, არამედ კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერებიც კი გაოგნდნენ, როცა ეკრანებზე ეგზითპოლების შედეგები იხილეს. გაოგნება კიდევ უფრო დიდი იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ არჩევნების შედეგებისა და ამ შედეგებით მიხედვით მისი პარტიის დამარცხების  აღიარებით.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სიძლიერის დემონსტრირება. მაგრამ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან შედარებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  განისაზღვერელი სიძლიერე მის მთავარ სისუსტედ იქცა.

ის არგუმენტი, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად გააყალბებდა არჩევნებს და, თუ ამითაც ვერ მოიგებდა, ჯარისა და პოლიციის მეშვეობით ჩაახშობდა არჩევნების გაყალბებით აღშფოთებული ქართული საზოგადოების მასობრივ მღელვარებას, სამწუხაროდ სჯეროდა ამომრჩევლის ანგარიშგასაწევ ნაწილს.

ძალიან კარგად მესმის შემდეგი:

–       ჩვენნაირი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ქვეყნისათვის იმ ტიპის პოლიტიკური ზიგზაგები (და, სამწუხაროდ, კატაკლიზმებიც), რისი მომსწრენიც ბოლო 23 წლის განმავლობაშ ვართ, ბუნებრივია

–       ქართველ ამომრჩეველს სძლია ტოტალიზატორის სინდრომმა: შინაგანად კი არავის ეჯერა, რომ “კეთილი ძია” ჯიბიდან ამოიღებს და ფულს დაარიგებს, მაგრამ უმრავლესობამ მაინც გარისკა – იქნება და ამოიღოს, იქნება და “ზერო” დაჯდეს

–       9 წელი საკმარისზე მეტიც კი, რომ ამომრჩეველს, ელემენტარულად, მობეზრდე; მით უმეტეს, ცხოვრებისეულად ისეთ პასიურ ამომრჩეველს, როგორიც ქართველი ამომრჩეველია, ისეთი ჰიპერაქტიური პოლიტიკური ლიდერი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია

და მაინც, დამარცხების არდაშვება საკუთარ გონებაშიც კი – და მარცხისათვის მოუმზადებლობა აშკარად ეტყობოდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების შემდგომ თვეებში – იმდენად აშკარად იგრძნობოდა წინა ხელისუფლების ქმედებებში, რომ ამომრჩეველს ციხის კადრებით გადარევისათვის ნოყიერი ნიადაგი დიდწილად ამანაც შექმნა.

“ამას კიდევ 2 წელი რა აიტანს”, – იყო 2003 წლის ნოემბერში ედუარდ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველზე გამოსულ მომიტინგეთა ფიქრსა და გონებაში. “თუ ახლა არა, მაშინ ვეღარასოდეს”, – იყო 2012 წლის 1 ოქტომბერს საარჩევნო უბნებისკენ დაძრული უამრავი ამომრჩევლის მოქმედების მოდუსი. “თუ მილიარდერის დახმარებითაც ვერ გადავირჩიეთ, მაშინ ვეღარასოდეს გადავირჩევთ”, – ფიქრობდნენ ეს ადამიანები და არ უფიქრდებოდნენ რატომ უნდა გადაერჩიათ პოლიტიკური ძალა, რომელმაც მმართველობის 9 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა გაასამმაგა, პენსია 8-ჯერ გაზარდა, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი დაურიგა 2 მილიონამდე სოციალურად ყველაზე მოწყვლად მოქალაქეს, ეროვნულ გამოცდებზე წარმატების მიღწევის თანაბარი შანსი მისცა ყველა აბიტურიენტს და “კანონიერი ქურდებით” მართულ საზოგადოებაში ჩამოაყალიბა ძალიან ავტორიტეტული პოლიცია.

როცა ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს არავინ უარყოფს რამდენიმე დემაგოგი პოლიტიკოსისა და იმ ადამიანთა გარდა, რომლებიც პირადად მიხეილ სააკაშვილის მარცხზე 2003 წლის 23 ნოემბრიდანვე ოცნებობდნენ, სწორედაც რომ პოლიტიკური პარტიის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის – და არა ამომრჩევლის ბრალია, თუკი საზოგადოების 54%-მა მიღწეული პროგრესი არად ჩათვალა სხვა არგუმენტების გამო.

რაციონალურია ეს არგუმენტები? ამაზე ნუ ვიდავებთ. ფაქტია, რომ რევანშისტულმა ძალებმა (რომლის დიდი ნაწილი რეტროგრადი და რუსეთუმეა) საზოგადოების ნაწილის დარწმუნება შეძლეს იმაშიც კი, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები თითქოსდა “გარდაცვლილი პატიმრების ორგანოებით ვაჭრობდნენ”.

და აქ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთ შეცდომას მივადექით.

(გაგრძელება შემდეგ პოსტში. გამოქვეყნდება 5 აპრილს)

2 thoughts on “ნაციონალური მოძრაობის შეცდომები (ნაწილი პირველი)

  1. კიდევ ერთი პრობლემა _ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მოქმედი რევანშისტული ძალების საპირწონე კონსტრუქციული ძალის არ არსებობა.
    ჩვენ გვჭირდებოდა ოპოზიცია, რომელიც შეძლებდა ნაციონალების იკაროსის კომპლექსის დამარცხებას კონსტრუქციული მიდგომების მეშვეობით. ამ შემთხვევაში 9 წლის შემდეგ ჩვენ მივიღებდით 2 პარტიას: ერთი ძლიერი ინსტიტუციური მეხსიერებით (ნაციონალები) და მეორე ძლიერი ექსპერტული რესურსით. შესაბამისად არჩევნების შედეგები არცერთ შემთხვევაში არ იქნებოდა ქვეყნისთვის სავალალო, განსხვავებით დღევანდელი რეალობისა.

  2. რა რეალურ რეფორმებზე ან პროგრესულ ნაბიჯებზე შეიძლება სერიოზულად მსჯელობა როდესაც ქვეყანაში სასამართლო სისტემა არ არსებობდა – რაც ნიშნავს რომ ყველაფერი ფიქცია იყო!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s