ნაციონალური მოძრაობის შეცდომები (ნაწილი მეორე)

ამ წერილის დასაწყისში ვწერდი: “2003 წლიდან სულ რომ ფეხის წვერებზე ევლო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ქართული საზოგადოების რევანშისტული და რეტროგრადული ნაწილი რაღაც მომენტში აუცილებლად დაამარცხებდა მას. ასევე, უფრო მეტად “ყინულმჭრელად” რომ ემოქმედა, შესაძლოა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 9 წელიც ვერ ემართა ქვეყანა და ვერ ჩაეტარებინა ის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი რეფორმები, რისი ჩატარებაც მან ამ პერიოდის განმავლობაში მოასწრო.”

{!!! თუ თქვენ ამ ბლოგის განახლებების გამოწერა გსურთ: დააჭირეთ ღილაკს +Follow    მარჯვენა ქვედა კუთხეში და ღია გრაფაში თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი ჩაწერეთ; თქვენს ელეტრონულ ფოსტაში მიიღებთ გზავნილს, რომელში მითითებულ ბმულზე დაჭერით უნდა დაადასტუროთ, რომ გსურთ ამ ბლოგის გამოწერა; მომავალში ბლოგის განახლებისთანავე მიიღებთ გზავნის და წაიკითხავთ ახალ სტატიას.!!!}

ზემოთქმული სულაც არ გამორიცხავს, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ტაქტიკური შეცდომები არ დაუშვა და 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მარცხი სწორედ ამ შეცდომების გამო არ იწვნია. ერთ-ერთი ასეთი ძირითადი შეცდომა, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თავადაც აღნიშნავენ, საზოგადოებასთან არასაკმარისი კომუნიკაცია იყო.

ერთი შეხედვით ყველაფერი სწორად კეთდებოდა: პრეზიდენტი, პარლამენტისა და მთავრობის წევრები მუდმივად ტელეეკრანზე ჩანდნენ; ხსნიდნენ ახალ გზებს, ხიდებს, გარემონტებულ სკოლებს, თანამედროვე საავადმყოფოებს, მექანიზაციის ცენტრებს, გადამამუშავებელ საწარმოებს; საუბრობდნენ ეკონომიკის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის აუცილებლობაზე; ხაზს უსვამდნენ სოციალური პროგრამების მნიშვნელობას და იქვე აღნიშნავდნენ ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს შექმნის მიზანშეწონილობას.

და ამ დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აგებს 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. აგებს ოპოზიციასთან, რომლის უდიდეს ნაწილს არც პიროვნულად და არც პარტიულად რაიმე კვალფიციური პოლიტიკური რეიტინგი არ გააჩნია. აგებს ოპოზიციასთან, რომის საარჩვენო პროგრამა იმტავითვე კითხვებს ბადებს მისი შესრულების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

მილიარდერი ივანიშვილის ფაქტორს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ. და მაინც, თქმა იმისა, რომ ქართველი ამომრჩევლის 54% მისმა ქონებამ “დააბრმავა”, საკითხის გამარტივება და კიდევ ერთი შეცდომის დაშვება იქნებოდა. უდაოდ, ფულმა, უფრო სწორად, მუქთა ფულის მოლოდინმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ქართველი ამომრჩევლის ნაწილზე. მაგრამ 54%-ში იყო ისეთი ნაწილიც, რომელიც “მიშას მოსაშორებლად თუნდაც პუტინს შეეკვრებოდა”.

ჩვენი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რატომ დაიჯერა ამომრჩეველმა კოალიცია “ქართული ოცნების” (საარჩევნო პროგრამა) უფრო მეტად, ვიდრე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (საარჩევნო პროგრამა); იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვინ რას ლაპარაკობდა, რატომ გახდა ის, თუ ვინ ლაპარაკობდა. ხომ ფაქტია, რომ ამომრჩევლის მნიშვნელოვან ნაწილს სჯეროდა (და ჯერ კიდევ სჯერა) ყველაფერი, რასაც იტყოდა (და ამბობს) მილიარდერი ივანიშვილი და არ სჯეროდა (არ სჯერა) არაფერი, რასაც იტყოდა (იტყვის) პრეზიდენტი სააკაშვილი.

ვფიქრობ, ამის ობიექტური (ისეთი, რომელსაც ვერცერთი პოლიტიკური პარტია აიცილებდა) მიზეზებია:

–       პოლიტიკური ცვეთა. 9 წლის განმავლობაში ამომრჩეველმა კარგად შეისწავლა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ამდენად, მილიარდერი ივანიშვილსგან ხეირის მუქთად მიღების მოლოდინის ფონზე, ამომრჩეველმა უკვე კარგად იცოდა, რას მიიღებდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან. იცოდა და ამით მაინც არ დაკმაყოფილდა, თუმცა იცოდა ისიც, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო იმის შემსრულებელი, რასაც ამომრჩეველს ჰპირდებოდა;

–       სიღარიბე. 9 წლის განმავლობაში მიღწეული შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ მოახერხა ამ ზრდის პოზიტიური შედეგების თითოეულ ოჯახამდე მიტანა. ვერ გაამტყუნებ. წლიური 3200 აშშ ერთ სულზე მაინც არასკმარისი მაჩვენებელია საიმისოდ, რომ ჩავთვალოთ – საქართველო გამოვიდა სიღარიბიდან. შედეგად, ნოყიერი ნიადაგი არსებობდა და, სამწუხაროდ, კარგა ხანს იარსებებს პოლიტიკური პოპულიზმისთვის.

–       სიჩქარის კონტრასტი. ღარიბი საზოგადოება უიმედო და ინეტრულია. ღარიბი საზოგადოებისთვის აგრობიზნეს-გეგმის შედგენა უფრო რთულია (არა ინტელექტუალურად, არამედ ფსიქოლოგიურად), ვიდრე ტოტალიზატორში თამაში. შედეგად, საზოგადოება ფეხს ვერ უწყობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიჩქარეს და სურვილს, დროის მოკლე მონაკვეთში  მოესწრო რაც შეიძლება მეტის გაკეთება.

ამ ობიექტური მიზეზების ფონზე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოებასთან კომუნიკაციაში დაუშვა შემდეგი შეცდომები:

–       პოლიტიკური გაურკვევლობა. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაურკვეველი დატოვა საკითხი, ვინ იქნებოდა ლიდერი 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ამ გაურკვევლობამ არა მარტო ნოყიერი ნიადაგი შექმნა ათასგვარი სპეკულაციისათვის (განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავლის შესახებ), არამედ გაათკეცა პოლიტიკური ცვეთის შედეგები.

–       წარმატების ზედმეტი პრეზენტირება. ღარიბი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ერთი უცნაურობა ახასიათებს: იგი იწვევს საოცარ შურს იმათ მიმართ, ვინც ეკონომიკური ზრდით თუნდაც კეთილსინდისიერად სარგებლობს. ამიტომ ბათუმისა თუ მესტიის, გორისა და თუ სიღნაღის განახლების პრეზენტირებას სჭირდებოდა გაცილებით მეტი ზომიერება. საზოგადოების ინეტრული ნაწილი ისედაც მიდრეკილია, ვინმეს წარმატება არა იმ ადამიანის უნარებსა და შრომას მიაწეროს, არამედ “ჩაწყობასა” და “ელიტურ (!) კორუფციას”. ამიტომ საჭირო იყო მეტი ახსნა, რატომ იყო ეკონომიკური ზრდა, რეფორმები, ტურიზმის განვითარება საჭირო სიღარიბის დასაძლევად.

–       “დაუმსახურებელი” სარგებელი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიჩქარე დამატებით კიდევ ერთ უკუეფეტს იწვევდა. კერძოდ, საზოგადოების ნაწილმა ასეთ მოკლე დროში ამდენი რამის კეთება მიიღო, როგორც მოცემულობა, თითქოსდა ამ ტემპში მუშაობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს ნებისმიერი მთავრობის პირობებში. სიჩქარემ და, იმავდროულად, წარმატების გადაჭარბებულმა პრეზენტირებამ მოქალაქისათვის ფასი დაუკარგა სოფელში სკოლის გარემონტებას, დაბაში გზის გაყვანას, რაიონულ ცენტრში ახალი საავადმყოფოს აშენებას და მაგისტრალებზე გვირაბების გაყვანას. ადამიანთა ნაწილმა ჩათვალა, რომ ამ ყველაფერს პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა თავისთვის (და არა ხალხისთვის) აკეთებდა.

სხვადასხვა დოზით ყველა ამ ფაქტორმა შექმნა საფუძველი, რომ საზოგადოების ნაწილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფლის პერიოდში გაკეთებული საქმეები მიეღო, როგორც დამსახურებელი სარგებელი, თავად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოწურული ლიმონივით გადაედო გვერდზე და კოალიცია “ქართული ოცნებისაგან”, უფრო სწორად მილიარდერი ივანიშვილისაგან დალოდებოდა ახალ, რა თქმა უნდა, “დამსახურებულ” სარგებელს.

მთავარი მაინც ჯერ არ გვითქვამს. ეს მთავარი კი შემდეგია: ზემოაღწერილი თემები, მათზე საუბარი, მეტი განმარტება და უკეთესი კომუნიკაცია რამეს შეცვლიდა, იმ სატელევიზიო ეთერების დღის წესრიგში რომ ეს თემები ყოფილიყო, სადაც საათობით ისხდნენ ოპოზიციის ლიდერები და სრულიად განსხვავებულ დღის წესრიგზე ესაუბრებოდნენ ამომრჩეველს.

შესაბამისად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძირითადი შეცდომა იყო ის, რომ ხელიდან გაუშვა საზოგადოებრივი დებატების დღის წესრიგის ფორმირების ავტორობა: მედიის ნაწილში საერთოდ არ იყო სრულფასოვანი მსჯელობა საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე, ხოლო სადაც იყო მსჯელობა, იქ ადგილი საერთოდ არ ეთმობოდა იმ საკითხებს, სადაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დებატების მოგება შეეძლო.

კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. მხოლოდ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გაჩნდა მედიაში (ჯერ-ჯერობით მხოლოდ ბეჭდვით და ინტერნეტულ მედიაში) სტატიები, (1) რატომ ვერ მოხერხდება ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფების განახევრება, როგორც ამას კოალიცია “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო პერიოდში პირდებოდა ამომრჩეველს (გთხოვთ, იხილოთ არჩილ მამათელაშვილის წერილები ჟურნალ ტაბულაში  – “ტარიფის „ანატომია“ ბმულზე http://www.tabula.ge/article-25887.html და “რატომ არ უნდა ვთქვათ უარი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე” ბმულზე http://www.tabula.ge/article-27446.html) ან (2) რატომაა უზომოდ გადაჭარბებული მოლოდინი, რომ რუსული ბაზრის გახსნა დიდ შერავათს მისცემს ქართული ღვინის წარმოებას (გთხოვთ, იხილოთ გია ჯანდიერის წერილი “რუსული ბაზარი თუ დანარჩენი მსოფლიო – გიფიქრიათ რა დაგვიჯდება რუსეთის ბაზარზე დაბრუნება?” ჟურნალ “ტაბულას” 123-ე ნომერში და ბმულზე http://www.tabula.ge/article-28748.html).

არჩევნებამდე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არც უცდია, ამ დაპირების არარეალობაში დაერწმუნებინა ამომრჩეველი. ჯერ ერთი, როგორც უკვე ვთქვი, საზოგადოებრივი დებატის დღის წესრიგის (ანუ “იმის, რასაც წყაროზე ლაპარაკობენ”) ფორმირებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვეღარ ახდენდა. მეორეც, სავარაუდოდ მიიჩნეოდა, რომ არ იყო საჭირო იმ ამომრჩევლის გაღიზიანება, რომელსაც ტარიფის განახევრების წარმოდგენაც კი სიამოვნებას ჰგვრიდა.

ესეც შეცდომაა. ამომრჩევლის საკითხებში გარკვევა არასოდესაა ადრე. მესმის, რომ ღარიბ ქვეყანაში პოლიტიკური პოპულიზმისათვის ნოყიერი ნიადაგია, მაგრამ ამომრჩევლის ინფორმირებულობა ერთადერთი საშუალებაა, რაც შეიძლება ცოტა ადგილი დავუტოვოთ პოპულიზმს. საზოგადოებრივი დებატის ერთიანი და რეალური დღის წესრიგი – ესაა ამომრჩევლის ინფორმირებულობის გაზრდის მეთოდი.

1 ოქტომბრამდელი და 1 ოქტომბრისშემდგომი სატელევიზიო ეთერების შედარებაც ცხადად გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში საზოგადოებრივი დებატის ერთი დღის წესრიგი იყოს.

2012 წლის 1 ოქტომბრამდე საზოგადოება ორ სატელევიზიო ეთერში პარალელურად ცხოვრობდა: ერთგან იყო საუბარი ადამიანის უფლებების გახმაურებულ და ჯერჯერობით მიუკერძოებელი გამოძიებითა და დამოუკიდებელი სასამართლოთი დაუდასტურებელ (ჯერჯერობით მაინც) ფაქტებზე, გაჭირვებასა და სიღარიბეზე, ხოლო მეორეგან – მიღწევებზე, წარმატებებსა და აღმშენებლობაზე. რეალობას არც ერთი ასახავდა სრულად და არც მეორე.

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ საზოგადოებრივი დებატის დღის წესრიგი ერთიანია. შეიძლება ამ დღის წესრიგის თემები არ მოგვწონდეს, მაგრამ დღეს “წყაროზე ერთსა და იმავეზე ვლაპარაკობთ” და ეს აჩენს შესაძლებლობას, საზოგადოებაში დიალოგი რეალურ საკითხებზე წარიმართოს.

არ ვამბობ, რომ რომელიმე მთავრობამ მედიას რამე უნდა უკარნახოს. მე ვამბობ, რომ მხოლოდ ორწუთიანი სიუჟეტებით მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოებასთან საუბარი ვერ ქმნის კონტექსტს საიმისოდ, რომ საზოგადოებამ ან მისმა ნაწილმა ერთი მთავრობის პირობებში მიღწეული გარატნირებულ სარგებლად არ ჩათვალოს და პოლიტიკურ ტოტალიზატორი არ ითამაშოს.

წერილში “სამი კაკალი კონკიასთავის” ვწერდი: “დღეს უკვე მეტი და მეტი ადამიანისათვის ხდება ნათელი, რომ როგორი “სოციალურად ორიენტირებულიც” არ უნდა გახადოს კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო ბიუჯეტი, რამდენიც არ უნდა იდაოს კოალიციამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ იმაზე, როგორია მართებული ბალანსი განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებზე მიმართულ ფინანსებსა და სოციალურ დანახარჯებს შორის, “ჯადოსნური ჯოხი”, რომელიც ერთ წამში გოგრას ეტლად აქცევდა, არ არსებობს. შესაბამისად, კოალიცია “ქართული ოცნების” მმართველობა იქნება იმ უტოპიის დასრულება, რომ “ყველანი უცბად მაგრად და ჯიგრულად ვიქნებით”.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა შესაძლებლობა, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ეს უტოპია არ დაეჯერებინა. სამწუხაროდ, მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიწვნიოთ ბევრი რამ, რომ საკუთარ შეცდომებს მივხვდეთ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც და მთელი საზოგადოებაც. სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს.

One thought on “ნაციონალური მოძრაობის შეცდომები (ნაწილი მეორე)

  1. საინტერესოა. მაგრამ ერთი და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია გამორჩენილი, ძალმომრეობა. ვერანაირი სტაბილური განვითარების პროცესი ვერ შედგება იქ, სადაც არ არსებობს სამართალი. იურიდიულ კატეგორიას ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არა რაღაც “ქურდული გაგების” ყაიდის “სამართლიანობას”. სხვათა შორის სულ მაოცებს, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა დიდი უმრავლესობა დღემდე ვერ აცნობიერებს ამ თემასთან დაკავშირებული პრობლემების მნიშვნელობას. “ბეზპრეძელი” მოსულა თუ საქმეს სჭირდება, ასე ფიქრობს მათი დიდი უმრავლესობა. იგივეს ფიქრობენ ოპონენტებიც. იმას კი ვერ ხვდებიან რომ ამით იმ ტოტს ვჭრით რომელზეც ყველანი ერთად ვზივართ. ამიტომაც არ დასრულებულა საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორების პრაქტიკა. ვნახოთ ვის ეყოფა გონიერება რომ ეს დაასრულოს. მაგრამ იმ შეცდომის გამოსწორება რომელიც შეცდომების ჩამონათვალშიც კი არ ხვდება, არ მგონია მთლად მარტივი იყოს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s