ჯინი მეტსახელად “ოცნება”

როდესაც “სამართლიანობის აღდგენის” ლოზუნგით გამოდიოდა და სახელმწიფო სტრუქტურების ნებისმიერ ქმედებას “უსამართლოს” უწოდებდა, კოალიცია “ქართული ოცნება” და მისი ლიდერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ვერც კი წარმოიდგენდა, საზოგადოებაში რა ტენდენციებს აღვიძებდა.

{!!! თუ თქვენ ამ ბლოგის განახლებების გამოწერა გსურთ: დააჭირეთ ღილაკს +Follow    მარჯვენა ქვედა კუთხეში და ღია გრაფაში თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი ჩაწერეთ; თქვენს ელეტრონულ ფოსტაში მიიღებთ გზავნილს, რომელში მითითებულ ბმულზე დაჭერით უნდა დაადასტუროთ, რომ გსურთ ამ ბლოგის გამოწერა; მომავალში ბლოგის განახლებისთანავე მიიღებთ გზავნის და წაიკითხავთ ახალ სტატიას.!!!}

როდესაც ყვითელი ავტობისებისა თუ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები იფიცებოდნენ, კოალიციის ბევრ ლიდერს, ალბათ, ეგონა, რომ ეს საკითხი მხოლოდ თბილისის მერიის პრობლემა იყო და გაფიცვების ტალღა ახალი ხელისუფლების კონტროლქვეშ გადასულ ცენტრალურ და ადგილობრივ სტრუქტურებს არაფრით შეეხებოდა.

როდესაც მსოფლიოში გაუგონარი მასშტაბის ამნისტიით ერთბაშად უამრავ პატიმარს უშვებდა გარეთ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, ალბათ, ფიქრობდა, რომ ყოფილი პატიმრების ნაწილი მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის შეიძლებოდა გამხდარიყო პრობლემა, როგორც ეს 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლეთან მოხდა.

სულ მალე “სამართლიანობის აღდგენის” კონკრეტულ მთხოვნელთა განცხადებათა რაოდენობამ საქართველოს მთავარ პროკურატურაში ორ ათეულ ათასს გადააჭარბა და საქართველოს ხელისუფლებისათვის პრობლემა გახდა ამ განცხადებების განხილვის საკითხი. კოალიცია “ქართული ოცნება” დღემდე თავს იმტვრევს, რა სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს ამ განცხადებათა განხილვა. უკვე კოალიციიას ლიდერებსაც ესმით, რომ მომჩივანთა შორის უამრავია, ვინც “სამართლიანობის აღდგენის” მომენტით სარგებლობს და მღვრიე წყალში (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს ხელიდან გაშვებული) თევზის დაჭერას ცდილობს.

ასევე ძალიან მალე იხილა საზოგადოებამ სოციალურად დაუცველთა ნაწილი მილიარდერის ბიზნეს-ცენტრთან და უკვე პრემიერ-მინისტრად დამტკიცებულმა ივანიშვილმა პრემიერისეული პასუხი გასცა: მთავრობა დაგეხმარებათ ისე და იმდენით, როგორც ამას წესი მოითხოვს და რამდენდაც ეს სახელმწიფო ბიუჯეტს შეუძლია. წესით, მასობრივი მოლოდინი “კეთილი მილიარდერის” შესაძლო ქველმოქმედების შესახებ იმ დღეს უნდა გამქრალიყო.

გასულ კვირას 2 ფაქტი მოხდა, რომელიც ცხადად მიუთითებს, რომ ბოთლიდან ამოშვებული ჯინი, მეტსახელად “ოცნება”, ახალი ძალებით უტევს – არა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, არა კოალიცია “ქართულ ოცნებას”, არა მილირდერ პრემიერ-მინისტრს, არამედ ქართულ სახელმწიფოს და მის ინსტიტუტებსა თუ ფუძემდებლურ პრინციპებს.

ეს 2 ფაქტია:

–                60-მა რეკრუტმა პალდოს სამხედრო ბაზაზე შინაგანაწესი გააპროტესტა და თავდაცვის სამინისტრომ ისინი ბაზიდან დაითხოვა

–                გორის რაიონის სოფელ დიცის მცხოვრებლებმა ინდოელ ფერმერებს ვაშლის ნერგების დარგვის უფლება არ მისცეს

პირველი შემთხვევა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ხელსუფლების მიზანმიმართულ კამპანიას, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წვრთნის აუტანელი პირობები იყო. მეორე კი შედეგია იმისა, რომ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო პერიოდში ასევე მიზანმიმართულად აწარმოა კამპანია საქართველოს მოქალაქეებში უცხოელების წინააღმდეგ აგრესიის დასათესად.

10 აპრილის პრესკონფერენციაზე, როდესაც საქართველოს ნაციონალური მასშტაბის მაუწყებლებსა და პრესის რედაქტორებს ესაუბრა, ბიძინა ივანიშვილმა თხოვნით მიმართა ქართულ საზოგადოებას, რომ “უცხოელებზე ნუ გექნებათ გართულება”. პრემიერის რანგში მან, სავარაუდოდ, გააცნობიერა, რომ საქართველოს ეკონომიკა გარე ინვესტიციებზეა დამოკიდებული და უცხოელების მიმართ ისეთი აგრესიის გამოვლინება, რაც სოფელ დიცში მოხდა, ეკონომიკას კარგს არაფერს უქადის.

[ამ სტატიაში შეგნებულად არ ვეხები თემას, როგორი უნდა იყოს ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკა. ვვარაუდობ, რომ ეს თემა აქტუალური გახდება მომდევნო თვეების განმავლობაში და შრომის კოდექსის ცვლილებათა ავტორები ახლა ამ ფრონტზე მოგვევლინებიან “ინოვაციური” იდეებით. სამწუხაროდ, პოპულიზმისთვის ერთნაირად ნოყიერი ნიადაგია ეთნოცენტრიზმიცა და სოციალიზმიც.]

ბიძინა ივანიშვილის პოზიცია უცხოელებთან დაკავშირებით – იმ დროს, როდესაც იგი კვლავ პოპულისტობს სხვა საკითხებში (იხილეთ იუსტიციის სახლების შესახებ მისი პასაჟი ქვემოთ) – გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს ეკონომიკა მართლაც სერიოზულ სტაგნაციას განიცდის. ამაზე მეტყველებს 10 აპრილის პრესკონფერენციის დროს პრემიერ-მინისტრის მიერ ნათქვამი კიდევ ერთი ფრაზა “ბიზნესი ინერტულია”.

დიახ, მილიარდერი გაკვირვებული ბიზნესის “ინერტულობით”. მას, ალბათ, გულწრფელად ეგონა, რომ ინვესტორები ისეთივე ენთუაზიაზმს განიცდიდნენ 2012 წლის 1 ოქტომბერს მომხდარი ხელსუფლების მანამდე უპრეცედენტო ცვლილებით, როგორი ენთუზიაზმითაც ელოდა კოალიცია “ქართული ოცნების” ამომრჩეველი სუფთა ფურცელზე “კეთილი მილიარდერისათვის” გამხელილი ოცნებების ასრულებას. ბიზნესი კი ფრთხილად აკვირდება მოვლენებს და ჯერ იცდის, რადგან სურს, მეტი კონკრეტულობა დაინახოს მთავრობის დაპირებების მიღმა.

სამაგიეროდ, არ იცდის ჯინი, მეტსახელად “ოცნება”. რაც დრო გადის, იგი სულ უფრო მომთხოვნი ხდება და მეტ სოციალურ დანახარჯს ითხოვს ბიუჯეტიდან. “საყოველთაო ჯანდაცვას” მოჰყვა უფასო სასკოლო წიგნები. ჯერ არ ვიცით, რა მოჰყვება უფასო ხვნა-თესვის პროგრამას. იმავდროულად, “ბიზნესი ინერტულია” და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა მოსდის ბიუჯეტში ასაკრეფ გადასახადებს. ჯანმრთელობაზე თამბაქოსა და ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების შესახებ პრემიერ-მინისტრის წუხილის უკან სინამდვილეში იმალება საბიუჯეტო დეფიციტის შიში. არაა გამორიცხული, სულ მალე თამბაქო და ალკოჰოლური ნაწარმი უფრო მეტად დაიბეგროს და ამ პროდუქციაზე ფასები გაიზარდოს.

ნებისმიერი მთავრობა, რომელიც აყოლილია სოციალურ პოპულიზმს და რომლის პოლიტიკას განსაზღვრავს ჯინი მეტსახელად “ოცნება”, გარდუვალად მიდის საბიუჯეტო ხარჯების იმგვარ ზრდასთან, რომ არსებული საგადასახადო განაკვეთი ვეღარ უზრუნველყოფს საკმარისი გადასახადების აკრეფას ბიუჯეტში (სიმარტივისთვის ვივარაუდოთ, რომ კორუფციის დინე არ იმატებს). მთავრობა მიდის ცდუნებამდე, გაზარდოს გადასახადები ანუ უფრო მეტი საგადასახადო ტვირთი დაადოს ბიზნესს. შედეგად, ბიზნესი კიდევ უფრო ინერტული ხდება და ასე საოცნებო სამუშაო ადგილები, მატების ნაცვლად, იკლებს.

წერილში “ვაცადოთ ადამიანებს ლუარსაბ თათქარიძეობა” ვწერდი: ”რამდენიმე პასაჟი საქართველოს პრემიერ-მინისტრის 5 თებერვლის პრესკონფერენციიდან ნამდვილად იძლევა საბაბს, გავაკეთოთ დასკვნა, რომ მას საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ საკუთარი განსაკუთრებული კონცეფცია აქვს და ეს კონცეფცია ერთი ფრაზით სწორედ ასე გამოითქმის: ვაცადოთ ადამიანებს ლუარსაბ თათქარიძეობა.” შეგახსენებთ: 5 თებერვლის პრესკონფერენციაზე მან გვითხრა, რომ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ნათესაობა-ნაცნობობა არის და დარჩება საჯარო სამსახურში სამუშაოდ აყვანის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი.

კვლავ უნდა გავიმეორო რაშია ბოლო 9 წლის რეფორმების ყველაზე მკაფიო და ხელშესახები რეფორმის – იუსტიციის სახლის ქოლგის ქვეშ საჯარო სამსახურების გაერთიანების  – წარმატების გასაღები. ესაა სამსახურში აყვანის მექანიზმი. იუსტიციის სახლებში სამსახურში აყვანის პრინციპი არ ყოფილა ნაცნობობა, ნათესაობა და ახლობლობა. იმავე წერილში ვწერდი: “იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებამ პირველად დაიწყო კვალიფიკაციასა და ცოდნაზე დამყარებით შერჩეული პირებისაგან (ასეთები არიან სწორედ იუსტიციის სახლების თანამშრომლები) კეთილგანწყობილი, ღიმილიანი სამსახურის მიღება, ვისმენთ პრემიერ-მინისტრის საუბარს იმის თაობაზე, რომ საქართველოში ყოველთვის ხდებოდა ნაცნობ-მეგობრობით სამსახურში მოწყობა და ამას უნდა შევეგუოთ.”

10 აპრილს მილიარდერისაგან ახალი პასაჟი მოვისმინეთ იუსტიციის სახლების შესახებ. ის ზედმეტი ფუფუნება ყოფილა საქართველოს ღარიბი მოსახლეობისთვის. საბუთის 5 წუთში აღება თურმე არაა პრიორიტეტი, რადგან უმუშევარი თუნდაც მთელი დღე იდგება რიგში საბუთის ასაღებად. სამწუხაროდ, მილიარდერს არ ესმის, რომ საქმე საბუთის ასაღებად დახარჯულ დროში კი არა, ფულშია: რა წამს უშვებ, რომ ბიუროკრატმა მოქალაქე ალოდინოს, უშვებ იმასაც, რომ მოქალაქემ (რომელსაც ამის შესაძლებლობა აქვს) ბიუროკრატის “სისხარტეში” ქრთამი გადაიხადოს. თანასწორობას და სამართლიანობას სწორედ იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს, ხოლო საბჭოური “საპასპორტო მაგიდა” მოქალაქეებს ქრთამის გადახდის შემძლეებად და “დანარჩენ მასად” ჰყოფს.

განვლილი 9 წლის ქართული (წარმატებული) რეფორმების არსი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ჯინი მეტსახელად “ოცნება” ბოთლში დამწყვდეული გვყოლოდა, რომ დღევანდელ თაობას საკუთარი შვილიშვილებისათვის დასაზოგი თანხა არ ეხარჯა, რომ ბიუჯეტის სოციალური ხარჯების გვერდით განვითარებაზე ორიენტირებული ხარჯებიც ყოფილიყო.

სამწუხაროდ, დღეს ჯინი მეტსახელად “ოცნება” გარეთაა. მილირდერი მას ბოთლში ვერ დაამწყვდევს, რადგან ჯინი მას საკუთარი ჯიბიდან ფულის ამოღებას მოსთხოვს. ჯინის დამწყვდევა, თუკი ეს საერთოდ მოხერხდა, მხოლოდ მილიარდერისშემდგომ მთავრობას მოუწევს და იმას, რისი მოწმენიც, აგერ ერთი წელია, ათენის ქუჩებში ვართ, ქუთაისისა და თბილისის ქუჩებში ვიხილავთ.

ყველამ ვიცით: ჯინი უწყინარი არაა. 

3 thoughts on “ჯინი მეტსახელად “ოცნება”

  1. ” სამწუხაროდ, პოპულიზმისთვის ერთნაირად ნოყიერი ნიადაგია ეთნოცენტრიზმიცა და სოციალიზმიც”

  2. მთავრობას აქვს გარკვეული პოპულიზმი შეიარაღებაზე, ისევე როგორც ნებისმიერ მთავრობას, ნაცების ჩათვლით. მაგრამ ის რომ ეს ანონიმი ავტორი (სახელი და გვარი ვერ ვნახე) მაღალი კლასის დემაგოგია, ეს ფაქტია. განსაკუთრებით ეს ეს ჩანს ბიზნესის “ინერტულობაზე” მსჯელობისას. ნებისმიერმა ბიზნესის მცოდნემ კარგად იცის რომ ბიზნესი ფრთხილია, იცდის, აკვირდება და მხოლოდ ამის შემდეგ დებს ფულს (რადგან ინვესტორი საკუთარი ფულით რისკავს, განსხვავებით ქალაქ “ლაზიკის” აშენების იდეის ავტორისგან).. ხოდა ივანიშვილს არაფერი პოპულისტური ამ პუნკტში არ უთქვამს. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებიდან ინვესტიციების საგრძნობ ზრდამდე თვები უნდა გავიდეს თუ არა წლები. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის ქვეყანა სადაც პრეზიდენტი უცხოეთში გამოსვლისას ადანაშაულებს მთავრობას ქვეყნის ღალატში და ოკუპანტის სასარგებლოდ მოქმედებაში.. იქნებ დავიცადოთ წლის ბოლომდე მაინც როცა ეს პრეზიდენტი საპატიო პენსიაზე გავა…

  3. ბატონო ლევან როგორც თქვენ ბრძანეთ “ბიზნესი ფრთხილია, იცდის, აკვირდება და მხოლოდ ამის შემდეგ დებს ფულს”. ვერ დავიჩემებ ეკონომიკის და ბიზნესის ექსპერტობას, მაგრამ ერთი რამ ჩემთვის და თითქმის ყველასთვის (ქრონიკულ მეოცნებეებს თუ არ ჩავთვლით) გასაგებია – “ბიზნესი ფრთხილია, იცდის, აკვირდება და მხოლოდ ამის შემდეგ დებს ფულს”, მაშინ, როცა სიტუაცია გაურკვეველია, როცა პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკურ ფორუმზე უაპელაციოდ აცხადებს, რომ, თურმე საქართველოს (ქვეყანა, რომლის სათავეშიც თვითონვე დგას) ნებისმიერი მაღალი ეკონომიკური რეიტინგი ყალბი და გაბუქებულია, რომ სინამდვილეში თურმე საქართველოში ჯოჯოხეთური ბიზნეს გარემოა. თუ სააკაშვილი დღევანდელ მთავრობას და მის მეთაურს ქვეყნის ინტერესების ღალატში და რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს (და არცთუ უსაფუძვლოდ), ეს ვერანაირად ვერ მოახდენს საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე გავლენას, ივანიშვილის გაუგებარი, ჩამოუყალიბებელი, ქვეყნისთვის წამგებიანი და ზოგჯერ დანაშაულებრივი განცხადებებისგან განსხვავებით.
    პ.ს. სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკური ლიდერები ასე ნაადრევად პენსიაზე ვერ (და არა “არ”) გადიან, მას კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s