“გადატვირთვა” ქართულად

“თქვენი მშვიდობისმყოფელი პოლიტიკა იმ ადამიანის საქციელს ჰგავს, რომელიც ნიანგს იმ იმედით აჭმევს, რომ ნიანგი მას ყველაზე ბოლოს შეჭამს!”

 უინსტონ ჩერჩილი ნევილ ჩემბერლენს

დიდი ბრიტანეთის თემტა პალატა, 1938 წელი

 

2008 წელს შეერთებულ შტატებში ბარაქ ობამას პრეზიდენტად არჩევას შედეგად მოჰყვა “გადატვირთვის” პოლიტიკის დაწყება რუსეთთან. არგუმენტი, უტრირებული სახით, დაახლოებით ასეთი იყო: საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან დღემდე დასავლეთის ურთიერთობა რუსეთთან ემყარებოდა “ცივი ომის” დროინდელ მიდგომებს და, ამდენად, აღრმავებდა უნდობლობას კრემლსა და განვითარებულ, დემოკრატიულ სამყაროს შორის; შედეგად, 2008 წლისთვის ეს ურთიერთობა უმდაბლეს ნიშნულზე დავიდა (2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი ამ უმდაბლესი ნიშნულის ერთ-ერთი გამოხატულება იყო); ამიტომ მოდით შევცვალოთ მიდგომები და იქნებ კრემლმაც, კეთილი ინებოს, და შეცვალოს თავისი აგრესიული პოლიტიკა, განსაკუთრებით სამეზობლოში.

{!!! თუ თქვენ ამ ბლოგის განახლებების გამოწერა გსურთ: დააჭირეთ ღილაკს +Follow    მარჯვენა ქვედა კუთხეში და ღია გრაფაში თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი ჩაწერეთ; თქვენს ელეტრონულ ფოსტაში მიიღებთ გზავნილს, რომელში მითითებულ ბმულზე დაჭერით უნდა დაადასტუროთ, რომ გსურთ ამ ბლოგის გამოწერა; მომავალში ბლოგის განახლებისთანავე მიიღებთ გზავნის და წაიკითხავთ ახალ სტატიას.!!!}

“გადატვირთვის” პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოხატულება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში თავდაცვის ანტი-სარაკეტო სისტემების განლაგების ბუშისდროინდელ გეგმებში სერიოზული ცვლილებების შეტანა იყო. თვითონ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების პოლიტიკურ წრეებში მოვლენათა ამგვარ განვითარებას სერიოზული შფოთვა მოჰყვა იმდენად, რომ ვაშინგტონს არაერთხელ მოუწია მაღალი ვიზიტების განხორციელება რეგიონში თავისი მოკავშირეების დასაშოშმინებლად.

სამწუხაროდ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების პოლიტიკურ წრეების არგუმენტი, რომ ნებისმიერ ასეთ “გადატვირთვას” რუსეთი უპასუხებს არა შემხვედრი დამთმობი ნაბიჯებით, არამედ თავისი იმპერიული პოლიტიკის უფრო გააქტიურებით, მართალი აღმოჩნდა. დღეს უკვე ლამის საყოველთაო კონსენსუსია, რომ “გადატვირთვის” პოლიტიკა მკვდრადშობილი იყო. 2012 წლის დეკემბერში მოსკოვის მიერ დსთ-ს ფარგლებში ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების მცდელობას შეერთებული შტატების მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა უწოდა “ნაბიჯი რეგიონის გასაბჭოებისკენ”. “ახალ წარმონაქმნს არავინ დაარქმევს “საბჭოთა კავშირს”. დაარქმევენ საბაჟო კავშირს, ევრაზიულ კავშირს ან რაღაც ამგვარს. მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ. ჩვენ ვიცით, რა მიზანი ამოძრავებთ და ვეძებთ ამის შენელების თუ შეჩერების ეფექტურ გზებს”, – განაცხადა კლინტონმა.

უკვე დღეს დასავლეთი კიდევ უფრო საგანგაშო სიგნალს იღებს მოსკოვიდან. რამდენიმე დღის წინ რუსეთმა განახორციელა შვედეთის (!) ორი სტრატეგიული სამიზნის დაბომბვის სიმულაცია (მასში მონაწილეობდა 2 რუსული ბომბდამშენი, რომლის დაცვას უზრუნველყოფდა 4 მოიერიშე თვითმფრინავი), ხოლო გუშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ბელორუსიაში ახალი სამხედრო-საჰაერო ბაზის მშენებლობის შესახებ გააკეთა განცხადება.

არ უნდა შეგვეშალოს: შეერთებულ შტატებს აქვს იმის ფუფუნება, რომ მისმა ერთმა რომელიმე ადმინისტრაციამ რამდენიმე წლით სცადოს სტრატეგიულ მოწინააღმდეგესთან მსგავსი ჯენლტმენური ნაბიჯების გადადგმა. მოწინააღმდეგის კიდევ უფრო არაჯენლტმენურად მოქცევა შეერთებული შტატების შემდგომ (სავარაუდოდ, არაჯენლტმენურ) ნაბიჯებს კიდევ უფრო მეტ ლეგიტიმაციას მიანიჭებს დანარჩენი სამყაროს თვალში.

საქართველო – მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებული რომც არ იყოს – საკუთარ თავს მსგავსი ფუფუნების საშუალებას ვერ მისცემს. თუკი შეერთებული შტატების ნებისმიერ ოდნავ დათმობით ნაბიჯს რუსეთი ოპორტუნისტულად პასუხობს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რას იზამს იგი ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, განსაკუთრებით კი საქართველოსთან მიმართებაში.

სტატიაში “რუსეთთან უთიერთობის ნორმალიზება – რის ფასად?” ვწერდი:

რუსეთის მოქმედების ლოგიკის გასაგებად უნდა გავიხსენოთ, რას  წერს შვეიცარელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ თავის ანგარიშში: “პრევენციული დიპლომატია და კონფლიქტის საერთაშორისო მენეჯმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა 2008 წლის კონფლიქტში, ნაწილობრივ იმის გამო, რასაც მე ვუწოდებდი მანამდე განხილული და შეთანხმებული საერთო პარამეტრების თანდათანობით ეროზიას, აგრეთვე, საერთაშორისო ვალდებულებების მზარდ უპატივცემულობას.”

უფრო ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, რუსეთი ასე მოქმედებს: იგი ახორციელებს შეტევას და იკავებს პოზიციას; მერე ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოება შეაგუოს “ახალ რეალობას” (რუსი დიპლომატების საყვარელი ტერმინი 2008 წლის ომის შემდგომი დისკუსიებისას) და ელოდება მომენტს ახალი შეტევისთვის; ახორციელებს შეტევას და იკავებს პოზიციას; და ა.შ.

საკმარისია, გადავხედოთ 1992-93 წელს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო კამპანიის წარმოებისას წარმოებული მოლაპარაკებებისა და მიღწეული შეთანხმებების ლოგიკას, ეს იმწუთასვე ნათელი ხდება. ყოველ ახალ შეთანხმებას ცეცხლის შეტევის შესახებ მოსდევდა რუსი სამხედროების, ჩრდილოკავკასიელი და აფხაზი ბოევიკების მიერ ახალი შეტევის ორგანიზება და ახალი პოზიციების დაკავება. სწორედ ასევე მოქმედებს რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ურთიერთობებში, თუკი მას ეს გაუდის. მას კი ეს გაუდის იქ, სადაც არაა უზრუნველყოფილი დასავლეთის ჩართულობა.

შესაბამისად, რუსეთის მთავარი ამოცანა დღეს არის, საერთაშორისო საზოგადოება შეეგუოს (ა) “ახალ რეალობას” კავკასიაში, და (ბ) იმას, რომ საქართველო რუსეთის “სამფლობელოა”. ამას საქართველოში “რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება” დაერქმევა, რუსეთისთვის კი ეს იქნება საშუალება, კიდევ უფრო შეითრიოს საქართველო მისი გავლენის სივრცეში.

არანაირი განსხვავება იმას შორის, რაც რუსეთმა გააკეთა 1990-91 წლებში ცხინვალის რეგიონში, რაც რუსეთმა გააკეთა 1992-93 წლებში აფხაზეთში და რაც რუსეთმა გააკეთა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ამ ორივე რეგიონში – არ არსებობს. უფრო მეტიც, რუსეთი ბომბავდა საქართველოს პრეზიდენტ შევარდნაძის მაამებლური პოლიტიკისა და რიტორიკის ფონზეც, მაგალითად, პანკისში, და რუსეთმა განახორციელა სრულმასტაბიანი სამხედრო აგრესია პრეზიდენტ სააკაშვილის პრინციპული პოლიტიკის ფონზეც.

ამიტომ ფუნდამენტურად მცადრია და აბსოლუტური ილუზიაა, თითქოს საქართველოს მიერ ფუნდამენტურ საკითხებზე უარის თქმა – და ეს საკითხებია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 90-იან წლებსა და 2008 წელს ჩატარებულ ეთნიკურ წმენდაში რუსეთის დადანაშაულება, იძულებით გადაადგილებული პირების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მოთხოვნა, კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება – მიგვიყვანს რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის შეცვლამდე.

ისეთი “გვერდითი ეფექტები”, როგორც საქართველოსათვის რუსეთთან ურთიერთობის “ნორმალიზების” გარკვეულ ასპექტებს აქვს – ქართული ღვინისა და მინერალური წყლის დაშვება რუსულ ბაზარზე ანდა ფოლკლორული (და არა მარტო) ანსამბლების გასტროლები რუსეთის ქალაქებში – ამერიკულ “გადატვირთვასაც” ჰქონდა, მაგრამ ამას არანაირი ზეგავლენა პრინციპულ საკითხებზე არ მოუხდენია.

ამიტომ საქართველოს მიმართ რუსეთის (მომავალი) აგრესიის შეკავება მხოლოდ საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით ზემოხსენებული საკითხების მუდმივად აქცენტირებითაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, 2013 წლის 23 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა არათუ სწორი აქცენტები არ დასვა, არამედ უკან დახევა აჩვენა საქართველოსათვის პრინციპულ საკითხებში, რაც უცილობლად გამოიწვევს (ა) რუსული დიპლომატიის გააქტიურებას, რომ შესუსტდეს საქართველოსათვის მნიშვნელოვანი პუნქტები ყველა იმ მომდევნო რეზოლუციაში, რომელსაც ევროპის საბჭო – როგორც საპარალამენტო ასამბლეა, ისე მინისტრთა კომიტეტი – მიიღებს მომავალში (თუკი ეს საკითხი საერთოდ დადგა დღის წესრიგში!); (ბ) ჩვენს დასავლელ პარტნიორებში იმ სტერეოტიპის გაძლიერებას, რომ საქართველო საბოლოოდ ჩაიგდო ხელში რუსეთმა და ის, რაც ვერ მიაღწია 2008 წლის სამხედრო აგრესიით და ინტერვენციით, მიაღწია ქვეყნის სათავეში პრორუსული ხელისუფლების მოსვლით. ასევე სამწუხაროდ, რაც უფრო მეტ ადამიანს დარჩება ასეთი შთაბეჭდილება (და სტრასბურგში მილიარდერი პრემიერის გამოსვლა ნოყიერი ნიადაგი იყო ამისთვის), მით უფრო გაუჭირდება ელჩების პოლიტიკური ნიშნით გამოწვევის გამო ისედაც ძალაგამოცლილ ქართულ დიპლომატიას რუსული დიპლომატიის გააქტიურებაზე ადექვატური პასუხის გაცემა.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ წინსვლა არ ხდება დეოკუპაციის მიმართულებით, უკუსვლა მაინც არ მოხდეს არაღიარების მიმართულებით. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მუდმივად სჭირდება ძალისხმევა საიმისოდ, რომ რუსეთის ფედერაციის, ვენესუელის, ნიკარაგუის, ნაურუსა და ტუვალუს მსგავსად, სხვამაც არ აღიაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის “დამოუკიდებლობა”. თუ კოალიცია “ქართული ოცნების” მთავრობა შეეცდება, რუსეთი არ გაანაწყენოს და დასავლეთი აქტიურად არ ჩართოს არაღიარების პოლიტიკის წარმოებაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ეროზიას თავიდან ვერ ავიცილებთ.

დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, კოალიცია “ქართული ოცნების” მთავრობა აცხადებს, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობებში ნორმალიზება მოხდება და დაძაბულობა მოიხსნება, თუკი (ა) დავიწყებთ პირდაპირ, შუამავლების გარეშე, საუბარს; და (ბ) საქართველოს დეოკუპაციის საკითხი აღარ იდგება რუსულ-ამერიკული და რუსულ-ევროპული ურთიერთობების დღის წესრიგში.

ეს ორივე ასპექტი – საუბარი შუამავლების ანუ დასავლელი პარტნიორების გარეშე და საქართველოს დეოკუპაციის საკითხის მოხსნა საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგიდან – რუსეთისთვის არსებითია და ერთმანეთთან კავშირშია, რადგან ამიერიდან რუსეთი დასავლეთს ყოველთვის ეტყვის, რომ საქართველოსთან ის უშუალოდ ლაპარაკობს; საქართველო დასავლეთს აღარ სთხოვს დახმარებას დეოკუპაციის საქმეში; დასავლეთი იძულებული გახდება, უარი თქვას საქართველოს თემის აქტუალიზაციაზე რუსეთთან დიალოგში; მოხდება საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია; რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნება, რომ დასავლეთისგან იზოლირებულ საქართველოს თავისი პირობები უკარნახოს.

2013 წლის 23 აპრილს სტრასბურგში რუსეთმა არა მხოლოდ მისთვის უხერხულ თემებზე გვერდის ავლა მიიღო, არამედ ხატოვანი კადრიც: ოფიციალურ სადილზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი პუშკოვი წინ უზის საქართველოს მილიარდერ პრემიერს და გულითადად ებაასება. სუფრას ჯერჯერობით კიდევ უსხედან ევროპელი პოლიტიკოსები. თუ ასე გაგრძელდა, მალე “თსინანდალით” დამშვენებულ სუფრასთან მხოლოდ რუსები და ქართველები იქნებიან – რა თქმა უნდა, რიხიანი ქართველი თამადით და ანსამბლ “ერისიონის” შესანიშნავი შესრულებით. ეს იქნება პრემიერ ივანიშვილის სტრასბურგული პოლიტიკის უკვე არა ირიბი, არამედ პირდაპირი ეფექტი.

One thought on ““გადატვირთვა” ქართულად

  1. საინტერესო სტატიაა. განსაკუთრებით საინტერესოა რუსული სტრატეგიის ანალიზი: “უფრო ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, რუსეთი ასე მოქმედებს: იგი ახორციელებს შეტევას და იკავებს პოზიციას; მერე ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოება შეაგუოს “ახალ რეალობას” (რუსი დიპლომატების საყვარელი ტერმინი 2008 წლის ომის შემდგომი დისკუსიებისას) და ელოდება მომენტს ახალი შეტევისთვის; ახორციელებს შეტევას და იკავებს პოზიციას; და ა.შ.”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s