ივანიშვილი სოჭში

წერილში “ივანიშვილი კრემლში” ვწერდი: “პრემიერ-მინისტრს ძალიან ეჩქარება მიხეილ სააკაშვილის “პოლიტიკურ გვამად” ქცევა სხვა მიზეზის გამოც: სხვაგვარად მას კრემლში არ მიიღებენ. არადა დრო გადის და საკუთარ ამომრჩეველს ბიძინა ივანიშვილმა უნდა აჩვენოს, რომ იგი პუტინის კარზე მიღებული კაცია.”

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არდაშლამ – როგორც ამას კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი და მისი ამომრჩეველი ელოდა – მნიშვნელოვან კორექტირებას ახდენს პრემიერ-მინისტრის გეგმებში. მისი ოცნება იყო მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის სრული პოლიტიკური განადგურება – დაახლოებით იმის მსგავსი, რაც მოუვიდა მოქალაქეთა კავშირს 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდგომ – და ამის კვალად, კოალიციის შემადგენელი “სუბიექტებისათვის” ხელისუფლება-ოპოზიციის როლების განაწილება. [ამით, სხვათა შორის, ივანიშვილის ოცნებები არაფრით შორს არ დგას პატარკაციშვილის იმედებისაგან.]

მოვლენები ასე რომ განვითარებულიყო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური სცენიდან გამქრალიყო, რა თქმა უნდა, არაფერი დაუშლიდა მილიარდერ პრემიერს, სწვეოდა “უფროს ძმას” და ამ სიმბოლური ვიზიტით დასრულებულიყო რუსეთის გავლების სფეროს დატოვების საქართველოს ბოლო 21-წლიანი მცდელობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არათუ დარჩა პოლიტიკურ სცენაზე, იმის თავიც კი აქვს, რომ პარლამენტში “ფილიბასტერის” მეთოდს მიმართოს და ამ “პროცედურული ომით” შეუშალოს ხელი საქართველოს ოკუპაციის კანონის შესახებ შესატანი ცვლილებების კანონად ქცევას.

ამიტომ მილიარდერი პრემიერი იძულებულია კორექტივები შეიტანოს თავის პირვანდელ ოცნებებში. თებერვლიდან მოყოლებული ყოველი მისი პრესკონფერენცია არის მცდელობა, საკუთარი ამომრჩეველი ისე შეაგუოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არსებობას, რომ საზოგადოების “სამართლიანობის აღდგენის” მოსურნე, ტელეფონებზე თავისუფლად მოსაუბრე და, საერთოდ, 1 ოქტომბრის შემდეგ თავისუფლად მსუნთქავ ნაწილს უიმედობა არ შეჰყაროს და მილიარდერი ლიდერის ძლევამოსილებაში ეჭვი არ შეატანინოს. [აკი იკითხა კიდეც უკვე 14 მაისის პრესკონფერენციაზე: ჩემი ხომ ისევ გჯერათ?]

პირვანდელ ოცნებებში შესატანი კორექტივების ნაწილია ის, რომ საქართველოს მილიარდერი პრემიერი ჯერ ვერ მიდის კრემლში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრიტიკის ფონზე, რომ ივანიშვილი საქართველოს რუსულ ორბიტაზე აბრუნებს, მისი ეს ნაბიჯი სააკაშვილის ყველაზე აქტიურ მოძულესაც კი გაუძნელებდა პრემიერის პრორუსულობის უარყოფის ამოცანას. გაცილებით უმჯობესია, მოძებნო ისეთი კონტექსტი, რაც კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს საშუალებას მისცემს, რაღაცნაირად მაინც გაამართლოს ივანიშვილის პუტინთან მიახლების ფაქტი.

“უფროსმა ძმამ” ამაზე დიდი ხნის წინ იზრუნა. სოჭის ოლიმპიადა სწორედ ის კონტექსტი იქნება, რომელიც მილიარდერ პრემიერს საშუალებას მისცემს, პუტინს ხელი ჩამოართვას. კაცი რუსეთის დუმის წევრ პუშკოვს დაუმეგობრდა სტრასბურგში საგანგებოდ ორგანიზებულ სადილზე და რუსეთის პრეზიდენტისგან სოჭის ოლიმპიადაზე დასწრების მოწვევა რომ მიიღოს, როგორ გგონიათ, რას იზამს?

პუტინი ივანიშვილს მოსაწვევს, სავარაუდოდ, გამოუგზავნის. რას კარგავს? თუ ივანიშვილს “უფროსი ძმის” გაღიზიანების მოერიდება და, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გააფთრებული კრიტიკის ფონზე, მაინც წავა, კრემლი კიდევ უფრო გაამყარებს არგუმენტს დასავლეთთან, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის “ნორმალიზება” ხდება და აღარ არის საჭირო საერთაშორისო ფორუმებზე 2008 წლის ომის თემის წამოწევა. ურთიერთობის “ნორმალიზების” არგუმენტს კრემლი გამოიყენებს საიმისოდ, რომ საქართველო იზოლაციაში მოაქციოს და საკუთარი პირობები უკარნახოს.

თუ მოხდა და ივანიშვილი არ წავიდა სოჭში, პუტინს თამამად შეუძლია, საქართველოს მიმართ ყველა მისი აგრესიული ნაბიჯი ისევ საქართველოს და, ამჯერად უკვე, პრემიერ ივანიშვილს დააბრალოს.

ეს ბოლო წინადადება ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოსდა თუკი ივანიშვილი წავა სოჭში, რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიულ ნაბიჯებს აღარ გადადგამს. რუსეთმა სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები აწარმოა საქართველოს ტერიტორიაზე უკლებლივ ყველა ლიდერის – ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის და მიხეილ სააკაშვილის – პირობებში იმის მიუხედავად, რომ ამ ლიდერების პირობებში საქართველომ სცადა ყველანაირი პოლიტიკა რისეთთან მიმართებაში, მათ შორის, (ედუარდ შევარდნაძის) დათმობების პოლიტიკაც.

ამიტომ, სულ მცირე, გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ მოსკოვში “ერისიონის” კონცერტი ანდა სოჭის ოლიმპიადაზე საქართელოს მონაწილეობა რამეს შეცვლის რუსეთის 200-წლოვან პოლიტიკაში კავკასიის მიმამართ. ამ ეტაპზე რუსეთს სამხედრო მოქმედებები არ დასჭირდება, მაგრამ მისი აგრესიული ნაბიჯების ჩამონათვალში იქნება:

–       გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ დევნილების თაობაზე წარდგენილ რეზოლუციაზე მხარდამჭერთა რიცხვის შემცირება და მოწინააღმდეგეთა რიცხვის გაზრდა (რასაც რუსეთი მუდმივად ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო პოლიტიკის პირობებში)

–       რეგიონულ ფორმატებში (ეუთო, ევროპის საბჭო) საქართველოს ოკუპაციის საკითხის თანდათანობითი ნიველირება

–       საერთაშორისო გამოცემებში იმ ექსპერტების პუბლიკაციების გახშირება, რომლებიც (უსაფუძვლოდ და უსამართლოდ) ცდილობენ, დაინახონ მსგავსება კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის [ექსპერტთა ეს ნაწილი საკამოდ დიდ გავლენას ინარჩუნებს ივანიშვილის კარზე – ზ.ე.]

–       ყველაზე მთავარი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების “დამოუკიდებლობის” მაღიარებელი ქვეყნების რაოდენობის გაზრდა (წინა სამი ამ მთავარი მიზნის საშუალებებია)

წერილში “სამი კაკალი კონკიასათვის” ვწერდი: “რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ვერ მოხდება, საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზეც კი! [სხვათა შორის, დღეს გავრცელებული აზრი, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია, მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე, არასწორი მგონია]”.

უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველგვარ ანალოგს კოსოვოსთან, ყოველგვარ მცდელობას, სააკაშვილი აღმოჩნდეს ჰააგის ტრიბუნალის განსასჯელის სკამზე (კი ღიმილს იწვევს ამ მცდელობის აბსურდულობა, მაგრამ რუსეთი საქართველოში გაჟღერებულ ამ განცხადებებს წარმატებით გამოიყენებს საერთასორისო არენაზე), მივყავართ იმასთან, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაეჭვდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის de jure კონტროლის (რაც დღეს საქართველოს ხელშია) მართებულობაში და რუსეთმა შეუქცევადი სახე მისცეს საქართველოს დეზინტეგრაციის პროცესს.

მე-20 საუკუნეში საქართველომ დათმო სოჭზე ტერიტორიული პრეტენზია – ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ. სხვათა შორის, იმავე გარიგებით, საქართველოს ციხეებიდან გამოვიდა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით პატიმრობაში მყოფი 300-ზე მეტი ადამიანი; თბილისში გაიხსნა რუსეთის საელჩო, სადაც მუშაობდა 300-ზე მეტი “დოპლიმატი”. ასეთ დათმობას მოჰყვა სოჭის, ხოლო შემდგომ დამოუკიდებლობის დაკარგვა.

21-ე საუკუნეში სოჭი კვლავ აქტუალური თემაა საქართველოსთვის: იგი კვლავ დგას საშიშროების წინაშე, ოლიმპიადაზე არა მხოლოდ სპორტსმენების, არამედ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დასწრება რუსეთმა ირიბად მაინც გააფორმოს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მიერ პრეტენზიის უკან წაღება. რა შეიძლება მოჰყვეს ამას, იმედია, მილირდერი პრემიერის ოცნებად დარჩება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s