ჭინჭრების რევოლუცია

კარგი სცენაა ვაჟა ფშაველას მოთხრობების მიეხედვით აბელ ჩარკვიანის მიერ დაღებულ ფილმში “ზოგი ჭირი მარგებელია”: ჭინჭრებით “შეიარაღებული” ქალები როგორ სუსხავენ მსახიობ ბორის წიფურიას გმირს, ვაჭარ ხიზანას. თუმცა ხიზანა მართლაც უღირსად იქცევა და მისი ქმედება ძალადობის ზღვარზე გადის, ლგბტ პირები კი სწორედ მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობის გაპროტესტებას აპირებდნენ, 17 მაისს ეს სცენა ფილმიდან ძალიან რელევანტური იყო მთელი ქართული საზოგადოებისათვის: თბილისის ცენტრში სასულიერო პირების მიერ მობილიზებული მრევლის მდედრობით ნაწილს სწორედ ჭინჭარი ეპყრა ხელთ. პარალელები შეინიშნებოდა თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხესთანაც” (სადაც ბორის წიფურია მსგავს ტიპაჟს თამაშობს): 17 მაისს თბილისის ცენტრში უამრავი ციციკორე ვიხილეთ, მათ შორის, “ტაბურეტკით” ხელში.

17 მაისის მოვლენების მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ანალიზისას, ვფიქრობ, რამდენიმე საკითხის გარკვევა გვჭირდება: რის შესახებ იყო ორგანიზაცია “იდენტობის” მიერ დაგეგმილი აქცია; რა გამოავლინა “ცალკეული სასულიერო პირების” მიერ დაგეგმილმა და განხორციელებულმა კონტრ-აქციამ; როგორ მოიქცა სახელმწიფო (იმის ჩათვლით, როგორ იქცეოდა სახელმწიფო ადრე, წინა ხელსუფლებების პირობებში); რა შეიძლება მოხდეს ხვალ.

აქცია

17 მაისს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით გაიმართა – იმ ქვეყანაში ლგბტ პირების მიმართ საზოგადოების ტოლერანტულობის ხარისხის გათვალისწინებით. ზოგგან ამას აღლუმის სახე ჰქონდა ანუ ლგბტ პირები ღიად აფიქსირებდნენ გარკვეული სექსუალური პრაქტიკისადმი თავიანთ მიკუთვნებულობას. ზოგგან ლგბტ პირები და ადამინის უფლებების მართლა დამცველები უფრო შორს წავიდნენ და ყურადღება ლგბტ პირების სამოქალაქო (მათ შორის, ქორწინებისა და ბავშვის შვილად აყვანის) უფლებების გაფართოების მოთხოვნებით გამოვიდნენ.

საქართველოში ორგანიზაცია “იდენტობამ” დაგეგმა მინიმალური სტანდარტის აქცია – პროტესტი ლგბტ პირებისადმი ძალადობის მიმართ. საზოგადოებაში, რომლის ნაწილი 17 მაისს ასეთი აგრესიით შეხვდა ასეთი მინიმალური სტანდარტის აქციას, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, სხვაგვარი აქცია რომ დაგეგმილიყო და ლგბტ საზოგადოება ისეთი ექსტავაგანტული ჩაცმულობით გამოსულიყო ქუჩაში, როგორც ეს მსოფლიოს სხვა, არა ყველა ქვეყანაში ხდება.

იმათგან, ვინც ლგბტ პირებისადმი შეუწყნარებელია, ყველაზე შემწყნარებლური არგუმენტი იყო: სახლში ხომ არავინ უვარდება მათ, იყვნენ თავისთვის, მაგრამ გარეთ ნუ გამოდიან და თავიანთ ორიენტაციას თავს ნუ გვახვევენ [ზრდილობიანები ამბობენ უბრალოდ “ორიენტაციას”, აგრესიულები – “გაუკუღმართებულ”, “ავადმყოფურ” და ა.შ. “ორიენტაციას].

იმათი, ვინც ორგანიზაცია “იდენტობის” მიერ დაანონსებული, მაგრამ ვერშემდგარი აქციის ჩატარებაში პრობლემას ვერ ხედავდნენ, არგუმენტაცია ისე იყო აგებული, რომ საზოგადოების ლგბტ პირებისადმი შეუწყნარებელ ნაწილთან (რომელიც ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას წარმოადგენს), სუსტი, მაგრამ მაინც გარკვეული ხიდი გაედო. აგერაა არგუმენტებიც:

–                 აქცია ლგბტ სექსუალური პრაქტიკის პროპაგანდას კი არ ისახავდა მიზნად, არამედ ლგბტ პირებისადმი ძალადობას აპროტესტებდა

–                 დამდგარიყვნენ ნახევარი საათით, ასე ხომ უფრო მოხდა მათი პროპაგანდა

–                 რას იტყვის დასავლეთი (ფეისბუქზე დამწუხრებული სახის სმაილიკით)

ვფიქრობ, აქციის ჩატარების მოწინააღმდეგე ჯგუფშიც და მომხრე ჯგუფშიც ის ადამიანები სჭარბობენ, ვინც ძალადობის წინააღმდეგია და ვისთვისაც თუ “ჯიპიანი მამაო” კიდევ ასატანი იყო, “ტაბურეტკიანი მამაო” მიუღებელი გახდა. მაგრამ უბრალოდ ძალადობის დაგმობა (უკეთეს შემთხვევაში) ანდა ძალადობისგან გამიჯვნა (უარეს შემთხვევაში) ჯერ არაფერს გვეუბნება იმის თაობაზე, თუ რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენ, როგორც საზოგადოებას ლგბტ პირების მიმართ.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ სიტუაციაში ყველაზე გულწრფელები “ტაბურეტკიანი მამაოები” არიან. მათ კარგად იციან, რომ თუ წელს ლგბტ პირებისადმი ძალადობის საპროტესტო აქციას დაუშვებენ, გაისად 17 მაისს შეიძლება აქციამ აღლუმის ფორმა მიიღოს, ხოლო იმის მომდევნო წლებში ორგანიზაცია “იდენტობამ” ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს ლგბტ პირების სამოქალაქო უფლებების გაფართოების მოთხოვნით.

ამიტომ გაჟეჟილს გატეხილი სჯობია და ახლავე უნდა დავუსვათ თავს კითხვა: ვართ თუ არა მზად ინდივიდუალურად და კოლექტიურად, რომ საზოგადოებაში ლგბტ პირების ღია და საჯარო ყოფნა ავიტანოთ. ღია და საჯარო ყოფნაში ვგულისხმობ შემდეგს: ვართ თუ არა მზად, ერთ დღეს საჯარო ადგილას – ვთქვათ, ქუჩაში – ხელიხელჩაკიდებულ ჰომოსექსუალ წყვილს შევხვდეთ და ეს ავიტანოთ.

პასუხი – თუ ეს ნატოში და ევროკავშირში ჩვენს ინტეგრაციას  სჭირდება – ყველაზე დამთრგუნველია. ამგვარი პასუხით გამოდის, რომ ადამიანის თავისუფლება – პირადი ცხოვრების, შეკრების, სიტყვის, შეხედულების, პოლიტიკურ გემოვნების – თავისთავადი ღირებულება კი არ ყოფილა, არამედ საჟონგლიორო რამ, რსაც იმის მიხედვით უნდა მოვეპყრათ, როგორია ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონიუნქტურა.

იმისდა მიუხედავად, როგორია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ჩვენ, როგორც საზოგადოების წევრებს უნდა გვაინტერესებდეს, ლგბტ პირი არის თუ არა საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და აქვს თუ არა საჯარო სივრცეში მოქმედებისა და მოღვაწეობის იგივე უფლებები და ვალდებულებები, რაც საზოგადოების სხვა წევრებს. პრობლემა აქ იგივეა, რაც ჩვენი ტიპის საზოგადოებებისათვის დამახასიათებელ ნებისმიერ სხვა სიტუაციაში: იყოს, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ნუ ვილაპარაკებთ; იყვნენ თავისთვის, მაგრამ არა საჯარო სივრცეში.

პირდაპირ უნდა ითქვას: ან საზოგადოების ყველა წევრი თანაბარი და თანაბრად თავისუფალია, ან თუ ერთი წევრი მაინც ითრგუნება, გარდაუვალია სხვა წევრების თანდათანობითი დათრგუნვა. შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს კიბეებზე მდგომი ლარი ფლინტი, რომელიც პორნოგრაფიული ჟურნალის გამომცემელია, ჟურნალისტებს, რომლებიც პოლიტიკურ ახალ ამბებს აშუქებენ, ეუბნება: “მე თქვენს შორის ყველაზე ცუდი ვარ. მაგრამ თუ დღეს შემზღუდავენ მე, ხვალ აუცილებლად თქვენ მოგადგებიან”.

კონტრ-აქცია

“ტაბურეტკიანი მამაოების” მიერ ორგანიზებულმა კონტრ-აქცია, ერთი შეხედვით, “აღვირახსნილობის პროპაგანდის” საწინააღმდეგო ლოზუნგებით ჩატარდა. სინამდვილეში, პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ლგბტ პირებისადმი საზოგადოების ნაწილის შეუწყნარებლობა.

როგორც არ უნდა “შეეფუთა” მიხეილ სააკაშვილს, ან როგორც არ უნდა “შეფუთოს” ბიძინა ივანიშვილმა (თუ ამ უკანასკნელს მართლა სურს საქართველოს დაახლოება დასავლეთთან და მისი განცხადებები მხოლოდ რიტორიკა არ არის), “ცალკეულმა სასულიერო პირებმა” კარგად უწყიან, რომ საქართველოს დასავლეთთან დაახლოებას – როგორც ინსტიტუციურ, ისე ხალხთა შორის კავშირების დონეზე – გარდაუვლად მოჰყვება ლგბტ პირების საჯარო სივრცეში ლეგალიზაცია.

გაგახსენებთ, რომ ქართულმა საზოგადოებამ გაიარა

–                 ეთნიკური უმცირესობებისადმი აგრესიული გამონათქვამების პერიოდი (1990-1991 წლები, ზურაბ ჟვანიას ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებული სამარცხვინო საჯარო დისკუსია 1999-2002 წლებში) და საბოლოოდ იქამდე მივიდა, რომ პარლამენტარ, უმრავლესობის წევრ ბესარიონ ჯუღელის გამონათქვამი საჯაროდ დაიგმო. მართალია, გაზეთი “ასავალ-დასავალი” დღემდე აგრძელებს ეთნიკური საკითხებით პოლიტიკურ მანიპულირებას, მაგრამ დღეს ეს უფრო მარგინალურ ხასიათს ატარებს;

–                 რელიგიური უმცირესობებისადმი აგრესიული არათუ გამონათქვამების, არამედ ქმედებების პერიოდი (2001-2004 წლები) და, სამწუხაროდ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც აქვს ამას სპორადული ხასიათი, მაგრამ დღეს რელიგიური შემწყნარებლობის დონე საქართველოში გაცილებით მარალია, ვიდრე თუნდაც 10 წლის წინათ იყო.

სექსუალური უმცირესობების თემა ბოლო ბარიერია, რომლის დათმობა “ცალკეული სასულიერო პირებისათვის” ქართული “იდენტობის” (ამ შემთხვევაში ეს სიტყვა 17 მაისის აქციის ორგანიზატორ ჯგუფს არ ნიშნავს) საბოლოო რღვევას მოასწავებს. ამასთან, რაკი ეს საზოგადოების ყველაზე ტაბუირებული საკითხია, ქართული “იდენტობის” გადასარჩენად მომართულ “ტაბურეტკიან მამაოებს” ამ თემის გარშემო ყველაზე უფრო უიოლდებათ აგრესიული მასების მობილიზება.

თუ “ტაბურეტკიანი მამაო” პირდაპირ რუსულ ხაზზე ზის და/ან მრევლის მიერ წაკითხულის გვერდების რაოდენობა გაზეთ “ასავალ-დასავალის” ფურცლებს არ სცილდება, არგუმენტაცია ასეთია: მათ – დასავლეთის აგენტებს, მასონებს, სოროსელებს და ათასი ჯურის მამაძაღლებს – ჩვენი გადაჯიშება უნდათ. (კითხვა “რატომ?” აქ უადგილოა, ლოგიკური ხაზის დაჭერა ამ საუბარში შეუძლებელია.)

თუ “ცალკეული სასულიერო პირი” მთლად რუსულ ხაზზე არ ზის და გულწრფელადაა შეწუხებული იმით, რომ თავისუფლებას თან სდევს “ვიღაცეების მიერ თავისუფლების არასწორად, ბოროტად გამოყენება”, მაშინ იწყება ძიება იმისა, ვინაა ამაში დამნაშავე და საერო ხელისუფლებაში “განტევების ვაცის” დანახვა ყველაზე ადვილია.

ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს: კონტრ-აქციის მთავარი სამიზნე იყო არა ორგანიზაცია “იდენტობის” აქცია და მასში მონაწილე 50-მდე მოქალაქე, არამედ ისინი, ვინც ეს დაუშვა. ჯერჯერობით, ეს “ისინი” ისევ მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.

იმის მიუხედავად, რომ 9 წლის განმავლობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება სერიოზულ თანხებს აძლევდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს, “ცალკეული სასულიერო პირების” გული მაინც ვერ მოიგო. უფრო მეტიც, “ცალკეულმა სასულიერო პირებმა” 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მხარი ღიას დაუჭირა კოალიცია “ქართულ ოცნებას”, როგორც რუსეთთან ძმური და სულიერი კავშირების აღმდგენ და დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობების გამწყვეტ უკანასკნელ იმედს.

იმის მიუხედავად, რომ რელიგიურ უმცირესობებზე მოძალადე ბასილი მკალავიშვილი თავად იყო მარგინალი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შიგნით, საერო ხელუსფლების მიერ 2004 წელს მისი ალაგმვა “ცალკეულმა სასულიერო პირებმა” აღიქვეს, როგორც მთლიანად ეკლესიის პოზიციების დასუსტება და ისინიც მოთმინებით დაელოდნენ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დასუსტების საკვანძო მომენტს. მანამდე ჯიპებით სარგებლობას კი წინ არაფერი ედგა.

სახელმწიფო

17 მაისის მოვლენებისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება გამოჩნდა 3 ძირითადი ასპექტით:

–                 იმავე საღამოს პრემიერმა ივანიშვილმა მხოლოდ ინგლისურად გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც კანონის დამრღვევთა დასჯის გარდაუვალობის შესახებ განაცხადა. ზემოთ უკვე ვახსენე არგუმენტის – “ოღონდ დასავლეთი არ გაბრაზდეს” – ფარისევლური ხასიათის შესახებ. გავიმეორებ: მთავარია, ჩვენ როგორი საზოგადოება გვინდა ვიყოთ.

–                 17 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დავით პაიჭაძესთან იმგვარად ისაუბრა, რომ არგუმენტი ასეთი იყო: გამოხატვისა და შეკრებების თავისუფლება ყველას გარანტირებული აქვს, მაგრამ ესენიც ძალიან გამომწვევად ნუ მოიქცევიან. ევროპის ადამიანის უფლებებათა სასამართლოს ყოფილ თანამშრომელს არ დაუზუსტებია “ძალიან გამომწვევად არმოქცევის” საზღვრები.

–                 17 მაისს რიგით პოლიციელთა ადამიანური თავგანწირვა (მადლობა მათ) იყო ყველაზე ცხადი დასტური იმის, რომ მათმა ხელმძღვანელობამ, როგორც მინუმიმ, ვერ (თუ არ) გათვალა “ტაბურეტკიანი მამაოების” მხრიდან შესაძლო ძალადობის გამოვლენის მასშტაბი, ვერ უზრუნველყო პოლიციელთა საკმარისი რაოდენობა მოვლენათა ეპიცენტრში და, რაც ყველაზე მთავარია, საერთოდ არ დაგეგმა ძალადობის აღკვეთის ადექვატური და პროპორციული ღონისძიებები.

ამ ფონზე ძალიან საეჭვო ჩანს, პრემიერმა ივანიშვილმა თავისი ინგლისურენოვანი განცხადების პირობა შეასრულოს.

მას, სავარაუდოდ, აქვს იმედი, რომ “ტაბურეტკიანი მამაოების” აგრესიის მართვა შესაძლებელია “ცალკეულ სასულიერო პირებთან” ურთიერთობების “დალაგების” გზით. არადა სიტუაცია მარტივია: სახელმწიფოს ან მართავს საერო ხელისუფლება კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად, ან სახელმწიფო არ იმართება საერთოდ. ბასილი მკალავიშვილის მიერ იეღოველების დევნა საჯაროდ იყო დაგმობილი როგორც პრეზიდენტ შევარდნაძის, ისე “ცალკეული სასულიერო პირების” მიერ, მაგრამ სწორედ მკალავიშვილის აგრესიული, მცირერიცხოვანი ბრბო იყო საქართველოში იმ დროს გამეფებული ქაოსისა და სახელმწიფოს შეუმდგარობის ყველაზე მკაფიო გამოხატულება.

მსგავსი იმედი (როგორც აღმოჩნდა, ფუჭი), ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილსაც, რომელსაც დღეს ზოგიერთები დაუსაბუთებელ კომპრომისად უთვლიან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს გულუხვ დაფინანსებას. ვფიქრობ, ეს კრიტიკა ნაწილობრივ უსაფუძვლოა. “ცალკეულ სასულიერო პირთა” საერთო შემოსავალში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, სავარაუდოდ, მესამედიც არაა.

თუ რამეზე ეკუთვნის კრიტიკა მიხეილ სააკაშვილს, იმაზე, რომ მისი მმართველობის ბოლო 5 წლის განმავლობაში საერთოდ აღარ იყო საჯარო დისკუსია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ფუნდამენტურ თემებზე და უმცირესობებსიადმი დამოკიდებულების საკითხი ისევე ღვიოდა საზოგადოებაში, როგორც ნაცარწაყრილი ნაღვერდალი.

როდესაც წერილს “ჯინი მეტსახელად “ოცნება” ვწერდი, ძირითად პრობლემად 2 საკითხი გამოვარჩიე: კოალიცია “ქართული ოცნების” სოციალური პოპულიზის შედეგად სტაგნაციაში მყოფი ქართული ეკონომიკა და “სამართლიანობის აღდგენის” ლოზუნგით საზოგადოებაში გაღვიძებული კანონსაწინააღმდეგო ინსტინქტები. როგორც 17 მაისმა გამოავლინა, კოალიცია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო თუ ამჟამინდელმა რიტორიკამ ნაცარი არაერთ ნაღვერდალს, მათ შორის, უმცირესობების თემას გადაყარა და კარგი ცეცხლიც დაანთო.

ამ ფონზე განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ თბილისში მომხდარი ძალადობის ცალყბად დაგმობა და უმწვავესი საზოგადოებრივი პრობლემის პოლიტიკურ ოპონირებაში გადაყვანის მცდელობა. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გზავნილები ზრდის მომავალში მსგავსი ძალადობის განმეორების და/ან საზოგადოების სხვა ჯგუფებზე (რელიგიური, ეთნიკური უმცირესობები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები) ძალადობის განვრცობის შესაძლებლობას.

იმავდროულად, საზოგადოებამ უნდა დაასაფასოს საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრთა პოლიტიკური გაბედულებაც, რომლებმაც ცალსახად დაგმეს ადამიანებზე ნადირობის ეს შუასაკუნეებრივი პრაქტიკა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა მიერ გამოთქმული მზადყოფნას, რომ ხელისუფლების მიერ საზოგადოების ცალკეული ჯგუფების ძალადობის და აგრესიის აღკვეთას – ზოგჯერ ძალის პროპორციული გამოყენებითაც კი – არასოდეს აქცევს პოლიტიკური დემაგოგიის საგნად.

პოლიტიკური ოპოზიციის მსგავსი განცხადება საქართველოში პირველია. სხვათა შორის, ეჭვი მეპარება, პრემიერ ივანიშვილს “ტაბურეტკიანი მამაოების” ძალადობა მოსწონებოდა. უბრალოდ, ხელისუფლებაში მოსულმა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” იმდენი ილაპარაკა (ზოგჯერ სამართლიანად, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, დაუსაბუთებლად) პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებაზე, რომ პოლიციის მიერ ძალის პროპორციული გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღებაც კი უკვე საორჭოფო შეიქმნა.

დასკვნის მაგიერ

პრემიერ ივანიშვილის პირადი მოძღვარის, ქორეპისკოპოს იაკობის 17 მაისის ქადაგება, ერთი შეხედვით, მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იყო მიმართული. სამწუხაროდ, ეს მთლად ასე არაა. “ცალკეული სასულიერო პირები” დღეს ნეტარებას არიან მიცემულნი იმის დანახვით, რა ძალა აჩვენეს “ტაბურეტკიანმა მამაოებმა” ყველას, მათ შორის, პრემიერ ივანიშვილს.

კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენო “ზოგი ჭირი მარგებელია”. ვაჭარ ხიზანას სოფელში ფარჩა-თეთრეული მოაქვს. მილიარდერი ივანიშვილიც ფარჩის დასარიგებლად არჩია 54%-ის დიდმა ნაწილმა. უნდა გვესმოდეს: თუ სოფელს ციციკორეები მართავენ, ფარჩის დამრიგებელს ერთ დღეს აუცილებლად დაედევნებიან ქალები “საოხრის მოსაჭრელად”. თანაც აუცილებლად ჭინჭრებით ხელში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s