ტვინის გარდაცვალება

Image

 

მისთვის ძნელი იყო ამის გაკეთება. დიდი ხანი იჯდა და ჩაით სავსე ჭიქას ჩაშტერებოდა. მერე რადიოს აუწია. “ჩვენ შევცდით, როცა ამ ახალგაზ¬რდებს ფიტულების დაწვის უფლება მივეცით”, – ისმოდა რადიოდან წლების განმავლობაში გადასაღებ მოედნებსა თუ რეპეტიციებზე ყვირილისაგან ჩახლეჩილი ასაკოვანი ხმა. ისევ ჩაუწია. ვინ ჩვენ? რას ჰქვია “შევცდით”? რომელ ახალგაზრდებს? რა ფიტული? “მართლაც გამოვიფიტე”, – გაიფიქრა და ისევ ჩაქინდრა თავი. “დაწვის უფლება… დაწვის უფლება… დაწვის უფლება…” – ტყვიასავით მიაყარა 70 წლის ადამიანის ტვინმა 40 წლის ადამიანის სხეულს.

ისევ გამოფხიზლდა და ახლა დილით შემოტანილ პრეს-მიმოხილვას დაადგა თვალი. უზარმაზარი ასოები სხვა მის მსგავსთა უსასოობის შესახებ ამცნობდა. “მე, მართლაც, მქონდა შეუფერებელი ურთიერთობა მის ლევინსკისთან”, – ამ ფრაზამ ლამის გააცოფა. “მოინანია ამ საქსაფონისტმა”, – გაიფიქრა თავისთვის და გული დასწყდა შარშან აგვისტოში მონიკას ბარძაყებზე ნასვამ ხელს ხელი რომ შეაგება.

“მოინანია… მოინანია… მოინანია…” – ისევ წამოვიდა ტყვიის ჯერი. გული დასწყდა, ახალგაზრდა რომ არ იყო და მოსანანიებელი, ქალთან შეუფერებელი საქმიანობა რომ არ ჰქონდა. იმაზე არც დაფიქრებულა, აპატიებდა თუ არა მეუღლე. “ო, არა მისი თეთრი მანდილი ასეთ შეურაცხჰყოფას ვერ აიტანს”, – ჩაიჩურჩულა თავისთვის და ისევ რადიოს აუწია. “შეიძლება დეგენერატობაა, მაგრამ პროსტიტუცია მაინც არ არის, პოლიტიკური, რა თქმა უნდა”, – ეს უკვე ოპოზიციის თავდასხმას და იმწუთასვე პოზიციურ უკანდახევას ჰგავდა. პროსტიტუციის ხსენებამ პროსტატიტი გაახსენა, პროსტატიტმა – ფრანსუა მიტერანი. “მასაც უყვარდა ქალები”, – შუბლი შეიჭმუხნა და ისევ მარჯვენა ხელზე დაიხედა, – “კაცისთვის ხელი ვეღარ ჩამოგირთმევია…”

ახლა “ჩამოგირთმევია” აეკვიატა. რაღაა ჩამოსართმევი? ვისთვისღაა ჩამოსართმევი? “მინისტრები უკანასკნელი მოდელის მანქანებით დასრიალებენ, ხალხი კი…” – რადიოსთვის ხმის ჩაწევა დავიწყნია. არა, ტვინის ასაკი ისევ შესამოწმებელია. ამდენი ანალიზი. “ჩამოსართმევი… ჩამოსართმევი… ჩამოსართმევი…” – ტვინმა საკუთარ ძლიერებაში დაეჭვება იწყინა და ფიქრი სხვა თემაზე გადაიტანა. “მდაა, რაღა ჩამოვართვათ ხალხს?” – შეწუხდა ხანძრისკენ გაქცეული მინისტრების ბედზე.

კატის კნავილმა გამოაფხიზლა. მდივანს რაღაც ფურცლები ეჭირა ხელში და მაგიდაზე დადებას აპირებდა. “სავალუტო ფონდის რეკომენდაციებია”, – მორიდებულად შეახსენა მდივანმა, რომლის სატელეფონო გულახდილ საუბრებს დაქალთან ვერასოდეს ჩადებს ინტერნეტში დამოუკიდებელი პროკურორი ჯამლეთ სტარი – ასეთი საუბრები, უბრალოდ, არ არსებობს. “რე-კო-მენ-და-ცი-ააა?” – დამარცვლა წყნარად. ამ ქვეყანაში მხოლოდ მან იცოდა, რას ნიშნავდა ეს სიტყვა, რომელიც მშობლიურ ენაზე დაახლოებით ასე ჟღერს: “მოადუნეთ დუნდულები, ფლიიიზ”. ვის ასწავლოს დუნდულების მოდუნება? არა უშავს. დასჭირდებათ, თვითონ ისწავლიან.

მოდუნდა. მხოლოდ ყოველგვარი “ფლიიიზ”-ის გარეშე. უბრალოდ, 70 წლის სხეულმა ვეღარ გაუძლო სავალუტო მარათონს: “ფონდი… ფონდი…  ფონდი…”  ბოღმა მოაწვა: “რა სულ გადასარჩენია ეს თეატრი და, საერთოდ, მთელი კულტურა? როდემდე უნდა ვათრიო ხელით?” რადიოსთვის აღარ აუწევია. აზრი არ ჰქონდა. “არადა, საძირკვლები მართლა შერყეულია”, – ამ სიტყვებზე ტვინი ისევ აფორიაქდა და ნერვულ სისტემას “გაჟრჟოლების” ბრძანება #623 აუწყა. გააჟრჟოლა და ჩაი მოსვა. “საძირკვლები… საძირკვლები… საძირკვლები…” – დამშვიდდა ტვინი და ტყვიის ზუზუნი ისევ გაისმა. მხოლოდ ნამდვილი ტყვიის.

“ოღონდ ეს არა”, – აღმოხდა, მაგრამ არა ტვინს. საფრთხე უკვე მთელმა სხეულმა იგრძნო. ტელეფონზე დარეკვა დაეზარა. პრინციპში, აზრიც არ ჰქონდა. რადიოს აუწია. “მოგელანდებით… მოგელანდებით…  მოგელანდებით…” – რადიოც უკვე მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა. აღარც რადიოსთვის ჩაუწევია. “კატა მოკვდა”, – აცრემლებულმა მდივანმა ტყვიით განგმირული ფისო კუდით შემოაკონწიალა და მაგიდაზე ფრთხილად დაუდო. “ფისო მოკვდა”, – გაუმეორა კიდევ ერთხელ.

თავი ასწია და ახედა. “ო, რატომ არ აცვია ახლა ამას ცისფერი კაბა”, – გაიფიქრა თავისთვის დაიმედებულმა, რადგან იცოდა, რომ სპერმის დნმ-ს გამოსაკვლევი აპარატურა მის ქვეყანაში არ არსებობდა. “რომ ჩამოიტანონ?” – შეაპარა მდივანმა და თეთრი მანდილი კატის მკვდარ სხეულზე ჩამოცურდა. “რა ბედნიერია ბობ დოული, მარჯვენა ხელი გამხმარი რომ აქვს”, – სხეულისაგან განსხვავებით, ტვინი კვლავ პოლიტიკაში ცდილობდა ძალების მოსინჯვას.

ზარს მოულოდნელად არ დაურეკავს. იგი დიდხანს იცდიდა ყურმილში, ვიდრე ერთბაშად არ გადმოიფრქვა და მთელ ოთახს არ მოედო. შემცბარმა მდივანმა კატა მანდილში გადაახვია და ოთახიდან მორიდებული, მაგრამ კმაყოფილი ნაბიჯით გავიდა. “მოგელანდებით… მოგელანდებით…  მოგელანდებით…” – რადიო არ ჩერდებოდა. ჩაუწია და ტყვიის ზუზუნიც შეწყდა. “იკაკა ავაილე და მისი გუნდი ისევ ტყეში გაიქცა”, – მოახსენეს ყურმილში.

“გუნდი… გუნდი… გუნდი…” – ტვინი მუშაობის ჩვეულ შრომა-გასწორებით რეჟიმს დაუბრუნდა და ისევ ახალგაზრდების სურვილები მოიტანა ექოდ. “დი-ნა-მო…  დი-ნა-მო… დი-ნა-მო…” – ერთწამს სკამიდან წამოხტომაც კი მოუნდა. ვერ შეძლო. არც იყო საჭირო. უფრო სწორად, აღარ იყო სა¬ჭირო.

ახლა უკვე სიამოვნებით მოინანიებდა. თანაც ბევრ რამეს. დიდი სიამოვნებით. მარჯვენა ხელი პიჯაკზე აისვ-ჩამოისვა და ბიბლიასა და თორას დაადო. გაყუჩდა. “უწმინდესო და უსპეტაკესო, მე ვარ”, – ჩაიჩურჩულა თავისთვის. არავინ გამოეხმაურა. “მე ვარ”, – კიდევ უფრო დაუწია ხმას. სიჩუმემ უკვე განაცვიფრა. რადიოს აუ¬ია. ისევ სიჩუმე. არც ტელეფონის ყურმილში ისმოდა რამე.

ფანჯარასთან ძლივს მიჩოჩდა სკამიანად და გადაიხედა. ქუჩაში ზღვა ხალხი იყო. კუბოში კატა იწვა, თეთრ მანდილში გამოწყობილი. არა, ის უკვე აღარ ჰგავდა კატას. რა საოცარი და ლამაზი თეთრი მელა იყო. მხოლოდ მდივანი ტიროდა.

ქუჩას თვალი მოაცილა და დაფიქრდა. არა უკვე ვეღარც დაფიქრდა, რადგან ტვინი პასუხს არ იძლეოდა. “Иосиф… Иосиф… Я – Супса… Я – Супса…”, – უკანასკნელი იმედი მოიკრიბა და სიძის დატოვებულ ტელეფონს ჩასძახა. “მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან”, – უპასუხეს იქიდან. ცრემლი მოადგა: ტვინს ხომ ერთ თვეში მხოლოდ 41 წელი უნდა შესრულებოდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s