სამი მოსაზრება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური სტრატეგიის შესახებ

[გამოქვეყნებულია გაზეთ “პრემიერის” 29 (46) ნომერში 2014 წლის 24 ივლისს.]

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, არაერთი მოსაზრება გაჩნდა, თუ როგორი უნდა იყოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მოღვაწეობის სამომავლო სტრატეგია. ამასთან დაკავშირებით თავიანთ თვალსაზრისს გამოთქვამენ პარტიის მხარდამჭერები, გულშემატკივრები, ისინიც, ვისაც ზოგადად ესმის ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობის მნიშვნელობა და ისინიც, რომლებიც რჩევებს კი იძლევიან, თუმცა გულში მაინც აქვთ იმედი, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდება.

გამოთქმულ მოსაზრებებში უამრავი საღი მარცვალია, მაგრამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომავლის შესახებ დისკუსიამ გარკვეული, ჩემი აზრით, არასწორი სტერეოტიპებიც წარმოშვა და ამ წერილის მიზანი 3 ამგვარი სტერეოტიპის განხილვაა. ისინი ერთმანეთთან კავშირშია. უფრო მეტიც, რაც უფრო ნათელი ხდება, რომ “ხმები ჩვენი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია”, მით უფრო სუსტდება ამ სტერეოტიპების ძალა.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩვენებისათვის მზადების დაწყებამდე ხშირად გაიგონებდით, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არსებული სახით დასრულდა; რომ მას მომავალი არ აქვს ან თუ აქვს, “რებრენდინგის” გარეშე ეს არ გამოვა.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩვენებისათვის მზადებამ ამგვარი საუბარი დაასრულა, თუმცა გაჩნდა ახალი “საშიშროება”: პარტია ვერ შეინარჩუნებს ძირითადი ოპოზიციური ძალის სტატუსს და მას ვიღაც სხვა – ამ შემთხვევაში, სულაც “არარებრენდირებული” ნინო ბურჯანაძე – ჩაანაცვლებს.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ეს “საშიშროებაც” გაანეიტრალა, მაგრამ ამას მსჯელობათა ახალი ტალღა მოჰყვა: “კოალიცია “ქართულ ოცნებას” ხმები კი აკლდება, მაგრამ ეს ხმები სხვა პარტიებთან წავა და არასგზით – ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან.

თუ დავაკვირდებით, ზემოაღნიშნულ პერიოდებში გამოთქმული ეს აზრები – რომლებიც ზოგჯერ ლამის საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარირებად მოსჩანს, საოცარი სიზუსტით იმეორებს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის და/ან მისი ხელქვეითის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ მოსაზრებას. კერძოდ,

– მათი თავდაპირველი მიზანი იყო (და ახლაც რჩება), ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განადგურება. 2013 წლის ზაფხულამდე ამას ისინი ღიად აცხადებდნენ. შესაბამისად, საზოგადოების ნაწილს სჯეროდა, რომ რაკი “ყოვლისშემძლე” ოლიგაქრი ამას ამბობს, ე.ი. ასეც იქნება. ამიტომ ზოგიერთი გულშემატკივარიც კი პარტიისათვის სახელის გადარქმევას, პარტიის ახალი ხალხით დაკომპლექტებას, “რებრენდინგს” და ა.შ. გვირჩევდა;
– რაკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ გაქრა პოლიტიკური სცენიდან, ივანიშვილმა მომხრეებს ნელ-ნელა (2013 წლის გაზაფხულის პრეს-კონფერენციები) შეაპარა, რომ ყოფილი სახელისუფლო პარტიის არსებობას უნდა შეგუებოდნენ, თუმცა დაამშვიდა: ენმ ძირითადი ოპოზიცია ვერ იქნება და მის ადგილს სხვები დაიკავებენო. შესაბამისად, საზოგადოების ნაწილს სჯეროდა, რომ რაკი “ყოვლისშემძლე” ოლიგაქრი ამას ამბობს, ე.ი. ასეც იქნება და მოთმინებით დაელოდა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს;
– რადგან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგმა ოლიგარქის მორიგი “წინასწარმატყველება” ვერ გაამართლა და თან კოალიცია “ქართული ოცნების” მოქმედებით თუ უმოქმედობით იმედგაცრუებამ იმატა, “მესამე ძალის” მოლოდინმა იმატა – “ობიექტურობაზე” პრეტენზიის მქონე ადამიანები ამაში ხედავენ გამოსავალს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელსიუფლებაში არ დაბრუნდეს. (რატომაა ეს მათთვის ყველა ვარიანტში საუკეთესო გამოსვალი, ცალკე საუბრის თემაა.)

ახლა მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ სამივე მითი და მეტი მოხერხებილობისათვის ბოლოდან დავიწყებ:

1. “კოალიცია “ქართულ ოცნებას” ხმები კი აკლდება, მაგრამ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არ ემატება

საპრეზიდენტოსთან შედარებით ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩევლთა ნაკლებმა რაოდენობამ მიიღო მონაწილოება, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გაიმეორა. შემცირებული მონაწილეობის პირობებში იგივე შედეგის ჩვენებამ, ბუნებრივია, მიღებული პროცენტი გაზარდა. ეს მკაფიოდ გამოჩნდა იმ 9 ქალაქისა და რაიონის მაგალითზე, სადაც მეორე ტურები გაიმართა: საერთო ჯამში, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 28% აჩვენა, იგივე რაც პირველ ტურში დაფიქსირდა თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში.

ტენდენცია აშკარაა: ნაციონალურ მოძრაობას მხარდაჭერა ემატება სწორედ იქ, სადაც ყველაზე მეტი იყო მის მიმართ გაუცხოება და ეჭვი. რა თქმა უნდა, კოალიცია “ქართულ ოცნებას” დაკლებული ყველა ხმა ავტომატურად ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან არ მიდის (და მათი მოზრდილი ნაწილი პრორუსული ორიენტაციის შავრაზმულ პოლიტიკურ ძალებთან ინაცვლებს), მაგრამ ფაქტია, რომ “კოალიცია “ქართულ ოცნებას” ხმები აკლდება და მათი ნაწილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ნამდვილად ემატება.

2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვერ დარჩება ძირითად ოპოზიციურ ძალად

ეს მოსაზრებაც მცდარია მინიმუმ ორი ფაქტორის გამო:
ჯერ ერთი, ამომრჩეველი ყველაზე კარგად გრძნობს, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ არა. არც ბურჯანაძის და არც ინაშვილის პოლიტიკური პარტიები არ წარმოადგენენ კოალიცია “ქართული ოცნების” ოპოზიციას. მათ, უბრალოდ, არ აკმაყოფილებთ ხელისუფლების ნაბიჯები ორი მიმართულებით: ესაა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ განხორციელებული რეპრესიები და კრემლის გავლენის ორბიტაზე დაბრუნება. შესაბამისად, ხელსიუფლების ერთადერთი და რეალური ალტერნატივა, როგორც საგრეო, ისე საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით მხოლოდ ერთთიანი ნაციონალური მოძრაობაა.

მეორე ფაქტორია მემკვიდრეობა. რაც უნდა მძიმედ ეჩვენებოდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ბიოგრაფია ხელსიუფლებაში ყოფნის პერიოდში დაშვებული შეცდომებით, ამ პარტიას რჩება უზარმაზარი პოზიტიური მემკვიდრეობა, რასაც გულის სიღრმეში თვით ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი ბიოლოგიური ზიზღით გამსჭვალული ადამიანებიც ვერ უარყოფენ. უნდათ ეს ოპონენტებს თუ არ უნდათ, ერთადერთი შესადარებელი პერიოდი, რა კეთდებოდა საქართველოში, ამომრჩეველს სწორედ ის 9 წელიწადი აქვს, რომლის ფეხქვეშ გათელვას ყველანაირი მეთოდით ცდილობენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

როგორც საპრეზიდენტო, ისე ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რჩება ერთადერთ ოპოზიციურ ძალად.

3. საჭიროა პარტიის რებრენდინგი

საქართველოში არ ყოფილა პრეცედენტი, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას არჩევნები წაეგოს და პოლიტიკურ სცენაზე დარჩენილიყო. ამიტომ კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის პირველ თვეებში დიდი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაქრობის მოლოდინი. რაკიღა არ გაქრა, 2013 წლის ზამთარშივე აქტიური საუბარი პარტიის რებრენდიგზე დაიწყო. ზოგიერთი იმდენად შორს მიდიოდა, რომ სახელის, ლოგოს, ფერების შეცვლასაც კი ვარაუდობდა. საბოლოოდ, რებრენდიგმა სახეების და სახელების ცვლილების სახე მიიღო.

თუ ზემოთ განხილული პირველი ორი მოსაზრება არანაირად დასტურდება, ვფიქრობ, მოსაზრებაში პარტიის რებრენდინგის აუცილებლობის თაობაზე ნამდვილად დევს ჭეშმარიტების მარცვალი. მხოლოდ ამ საკითხის კონკრეტული პოლიტიკოსების, კონკრეტული სახეების, კონკრეტული სახელების ცვლილებაზე დაყვანა არასწორი იქნებოდა. განსაკუთრებით მათ, ვინც ხედავს კოალიცია “ქართული ოცნების” მმართველობის უარყოფით მხარეებს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში, აინტერესებთ 2 რამ:
– რას არ გააკეთებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, და
– რას გააკეთებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მოგვწონს ეს თუ არა თავად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს, საზოგადოების დიდ ნაწილს, რომელიც არ გამორიცხავს, მისცეს ხმა ამ პარტიას მომავალ არჩევნებში, (ჯერჯერობით) ის უფრო აინტერესებთ, რას არ გააკეთებს იგი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ვიდრე ის, რას გააკეთებს.

საქმე ისაა, რომ ამომრჩეველზე კოალიცია “ქართული ოცნების” პირობებში ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება თუ შეჩერება ჯერ ისე მტკივნეული არ გამხდარა, რომ თქვას: ოღონდ ესენი არა, სხვა ვინც გინდა იყოს. ამ თვალსაზრისით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებულმა ომმა და იმავე პერიოდში მსოფლლიო ეკონომიკურმა კრიზისმა გაცილებით მეტად იმოქმედა საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე, რაც პირდაპირ აისახა 2009 წლის პოლიტიკურ რეიტინგებზე.

ამასთან, ამომრჩეველს ახსოვს, რომ სწორედ 2009 წლის ვარდნას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პირობებშივე მოჰყვა ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან დაბრუნება და, ამდენად, კითხვა, რისი გაკეთება შეუძლია ერთაინ ნაციონალურ მოძრაობას, ამომრჩევლისათვის თითქმის პასუხგაცემულია.

შესაბამისად, ხედავს რა შევარდნაძისდროინდელი პოლიტიკური ელიტის რეინკარნაციას ოლიგარქი ივანიშვილის მმაღთველობის პირობებში და ამ ელიტის მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ ვენდეტას, საზოგადოებას აინტერესებს, მიმართავს თუ არა ასეთივე პოლიტიკურ ვენდეტას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როდესაც ის ხელისუფლებაში დაბრუნდება.

რა თქმა უნდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ნათქვამი “არა” საკმარისი არ იქნება. აქ გასაღებს პარტიის შედა სტრუქტურებში დანერგილი მმართველობის დემოკრატიული სტრუქტურა იძლევა: პრაიმერებმა (საარჩევნო კანდიდატების ერთმანეთთან კონკურენციის გზით შერჩევა) ადგილებზე ახალი ადგილობრივი ლიდერები გამოკვეთა, ხოლო მათ, ვინც კონკურენციის პირობებში პოზიციები შეინარჩუნეს, ამომარჩეველთა ახალ-ახალ ჯგუფებზე გასვლისკენ უბიძგა.

პარტიის რებრენდინგის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება პარტიის მიერ საჯაროდ აღებული ვალდებულება, რომ პოლიტიკური ვენდეტა საქართველოში კოალიცია “ქართული ოცნების” მმართველობასთან ერთად დასრულდება. მაგრამ რებრენდინგში მნიშვნელოვან როლს ადგილობრივი ლიდერები შეასრულებენ, რომლებმაც ახლადარჩეულ საკრებულეობში ამომრჩეველს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალი სახით უნდა წარუდგინონ.

და ბოლოს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ერთადერთი ოპოზიციური ძალის ადგილის გამყარება და ელექტორალური ზრდა ჯერჯერობით რაიმე არსებითი რებრენდინგის გარეშე შეძლო. უდაოა, არჩევნებში გამარჯვებას სჭირდება უფრო მეტი, მაგრამ, ვფიქრობ, არსებული პოლიტიკური ვენდეტის პირობებში მიღწეული შედეგები სამომავლო ცვლილებებისათვის კარგ საყრდენს იძლევა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s