მემარცხენეების სოციალური პასუხისმგებლობა

“როდესაც ლუიზიანელ ველურებს ხის ნაყოფის მოწყვეტა სურთ,
ისინი ხეს ძირში ჭრიან და კრეფენ ნაყოფს.”
მონტესკიე, “კანონთა გონი”

————————–

მახსოვს ჩემი გაოცება (და აღტაცებაც), როდესაც 2009 წლის ოსკარი საუკეთესო ფილმისათვის არა ჯეიმს კამერონის ტექნოლოგიური ინოვაციებით გაჯერებულმა “ავატარმა”, არამედ ქეთრინ ბიგლოუს “გამნაღმველმა” მიიღო. თუ მეხსიერება ჩემი მაშინდელი ემოციების შესახებ არ მღალატობს, “ავატარში” [ამერიკელი] სამხედროები [ბუნებასა და ყოველგვარ ბუნებრივზე, შესაბამისად, ადამიანურზეც, ჰუმანურზეც] მოძალადეებად არიან გამოყვანილნი, “გამნაღმველი” კი მოგვითხრობს ამერიკელ ჯარისკაცებზე, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად დანაღმულ ბაღდადში სხვათა სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. გაოცება კი იმან გამოიწვია, რომ სტერეოტიპით “ჰოლივუდის მემარცხენეა, მემარცხენეებს კი სამხედროები არ უყვართ” მოქმედი ჩემი გონება ჯილდოს “ავატარის” მიერ მოპოვებას ელოდა.

ახლაც, ამერიკული სერიალის “Breaking Bad” ცქერისას ერთი შიშნარევი ინტრიგა სულ მდევდა თან: ნარკოტიკების მწარმოებელი ქვისლის სამართელბრივი დევნისას, გაუძლებდა თუ არა მილიონობით დოლარის მიღების ცდუნებას ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების ადგილობრივი ხელმძღვანელი ჰენკი. იმ მომენტში, როდესაც მან ქვისლს ბორკილები დაადო, ამოვისუნთქე: სერიალს მილიონობით ამერიკელი (და არა მარტო) უყურებს და, რეალურ ცხოვრებაში ამერიკელ პოლიციელთა მხრიდან ცალკეული გადაცდომების მიუხედავად, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვისათვის ამერიკელი პოლიციელის პოზიტიური იმიჯი უპირობო აუცილებლობაა.

სწორედ ამ დღეებში შეერთებულ შტატებში დუღილი გამოიწვია მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში მომხდარმა მოვლენებმა, როდესაც თეთრკანიანი პოლიციელის, დარენ ვილსონის მიერ 18 წლის აფრო-ამერიკელი მაიკლ ბრაუნის მიმასამართით სასიკვდილო გასროლას ქალაქში მღელვარება და მასობრივი არეულობები მოჰყვა. რა თქმა უნდა, ეჭვები არსებობს, რამდენად გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში მოქმედებდა ოფიცერი ვილსონი ან ხომ არ ცდილობს ადგილობრივი პოლიცია რაიმეს მიჩქმალვას, მაგრამ ამერიკული ლიბერალური (მემარცხენე) მედია გამოძიების დასრულებას არ ელოდება და ყურადღებას კარგად ცნობილ სტერეოტიპზე ამახვილებს: თეთრკანიანი პოლიციელები მეტ სიმკაცრეს იჩენენ (თუნდაც დამნაშავე) აფრო-ამერიკელების მიმართ, ვიდრე საკუთრივ თეთრკანიანი მოქალაქეების მიმართ.

მე ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი თუნდაც ლეგიტიმური ძალადობის ყოველ შემთხვევაზე ხელისუფლებაზე საზოგადოებრივი – ადგილობრივი თუ საერთაშორისო – წნეხის შექმნას ცდილობენ, კარგ სამსახურს სწევენ: რომ არა მათი აქტიურობა, ავღანეთში სამხედროები მართლაც ნაკლები სიფრთხილით დაბომბავდნენ სამიზნე ობიექტებს და გაიზრდებოდა მსხვერპლი უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობაში; გაიზრდებოდა იმის ალბათობა, რომ აბუ-ღრეიბში უდანაშაულო მოხვდებოდა, ხოლო იქ მოხვედრილ დამნაშავეს ადამიანური ღირსებისათვის შეურაცხმყოფელად მოეპყრობოდნენ; პოლიცია შეიძლებოდა ყოფილიყო არა მკაცრი, არამედ უბრალოდ თავხედი მოქალაქეებთან ურთიერთობაში; ხოლო ფერგიუსონის მსგავსი მოვლენებისას, სახელმწიფოს ლეგიტიმურ ძალადობას გაუმართლებელი ფატალური შედეგები მოჰყვებოდა.

მაგრამ…

ერთია, იყო პოლიტიკურად და მორალურად არსებითად სწორ სისტემაში გადაცდომების მაკონტროლებელი და შემაკავებელი და

მეორეა – კონტროლისა და შეკავების სრულიად ლეგიტიმური პროცესით პოლიტიკურად და მორალურად გაუმართლებელი სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

იმის ურყოფას, რომ 2005-2006 წლებში საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის მოსპობას განსაკუთრებული ზომები სჭირდებოდა, არ დავიწყებ. არც იმას უარვყოფ, რომ არა მხოლოდ ამ, არამედ მომდევნო წლებშიც დარჩა სამართალდამცავების მხრიდან შეცდომების დაშვების ან დანაშულის ჩადენის გარკვეული წილიც.

მაგრამ უმარტივეს კითხვას ვსვამ: როდის არის უფრო ადვილი ადამიანების დაცვა – მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობა ცალსახად სახელმწიფოზეა, ხოლო საზოგადოება განსაკუთრებული გამოწლილვით ადევნებს თვალს სახელმწიფო ინსტიტუტების ყოველ ნაბიჯს, თუ მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობა ფორმალურად სახელმწიფოზეა, რეალურად – ორგანიზებულ-დანაშულებრივ ჯგუფებსა და “ქურდულ სამყაროზე”, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები მოდუნებულია, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტები ყველაფერს – სიტყვასაც და საქმესაც თავს არიდებენ?

პასუხი მარტივია და თუ რამე პოზიტიური არის 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ რეალობაში, ესაა შანსი, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ახლა მაინც ისწავლოს სახელმწიფოში თანაცხოვრება და არა სახელმწიფოსთან ჯიბრით ცხოვრება (ოღონდ იმ პირობით, რომ სახელმწიფო სახელმწიფოდ რჩება და მისი ინსტიტუტების რღვევა არ ხდება).

სულ ვწერ და ახლაც გავიმეორებ: ისინი, ვისთვისაც “ვარდების რევოლუცია” იმთავითვე მიუღებელი იყო, ამ შანსს მაინც ვერ გამოიყენებენ. დღეს მათი პოლიტიკური რევანშისა და “ვარდების რევოლუციის” მიერ მოტანილი რეფორმების მათეული რევიზიის ეპოქაში ვცხოვრობთ – სახელმწიფოს როლს ვზრდით იქ, სადაც არ უნდა ვზრდიდეთ და ამით მას ვკიდებთ იმაზე მეტ ფინანსურ ტვირთს, ვიდრე მას ამის აწევა შეუძლია ისე, რომ ეკონომიკის ზრდა არ შეფერხდეს; სახელმწიფოს როლს ვამცირებთ და ასპარეზს ვუთმობთ სხვა, არასახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს ისეთ სფეროებში (მაგალითად, ადამიანის უფლებები), რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან დაცვის ექსკლუზიური სფეროა.

მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც “41”-ის შემოხაზვას “სისტემასთან ბრძოლით” ამართლებდა და ახლა შუაშისტობით და მემარცხენეობით ნიღბავს, აქვს შანსი,
– ლოიალობა გაუჩნდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ (ვიმეორებ: იმ პირობით, რომ სახელმწიფო სახელმწიფოდ რჩება და მისი ინსტიტუტების რღვევა არ ხდება);
– თუკი შევინარჩუნეთ, დააფასოს ის, რასაც მხოლოდ იმის გამო არ აფასებდა, რომ “ნაცხროვის” მმართველობის “ავბედითი” 9 წლის განმავლობაში შეიქმნა;
– გაიაზროს, რომ შეცდომებსა და დანაშაულს სამართალდამცავ სტრუქტურებში ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება ადგილი და აქ მთავარი ისაა, რა მექანიზმები გაქვს ხელთ ამის აღმოსაჩენად და გასაკონტროლებლად;
– მიხვდეს, რომ ქვეყანაში სიღარიბის აღმოფხვრა ეკონომიკის ზრდაზეა დამოკიდებული და არა იმაზე, რამდენად “სოციალურად ორიენტირებულს” გახდი სახელმწიფო ბიუჯეტს.

კონკრეტული მაგალითები უკვე არსებობს: ადამიანები, რომლებმაც 9 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელად იმავე საღამოს მთელი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოაცხადეს, დღეს გვირჩევენ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების გამოძიებას მოთმინებით დაველოდოთ. დღევანდელ ემოციებს თუ გვერდზე გადავდებით, ეს გრძელვადიანად კარგია: ოღონდ იმ პირობით, რომ დღეს ეს ადამიანები, მოთმინების გარდა, ყოველდღიურად დაინტერესდებიან თათუხაშვილის საქმის გამოძიებით, ხოლო მომავალში, სხვა ხელისუფლების პირობებში მომხდარ სხვა გახმაურებულ ფაქტებზეც ეს ადამიანები ანალოგიური პრინციპით იხელმძღვანელებენ – ისტერიკის გარეშე, მაგრამ ყოველდღიური კითხვებით.

ახლა კი ისევ ამერიკას დავუბრუნდები. შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა კარგმა ექიმმა, ზურაბ გურულმა, რომლის რეალურ ფაქტებზე დამყარებული ჰუმანისტური ესეები მის ფბ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ, ერაყში განვითრებული მოვლენების კომენტირებისას დაწერა: “ახლა ამ ISIS-ის “სასტავი” რომ ჩაყარო აბუ-ღრეიბში, აღშფოთდება პლანეტის ლიბერალური მედია, არადა მოახერხეს ნახევარ ერაყს უკვე თავი ამ ადამიანისსახიანმა ორფეხა პირუტყვებმა.”

საუბარია “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) სახელით მოქმედ შეიარაღებულ დაჯგუფებაზე, რომელიც სირიაში შეიქმნა, ხოლო იქიდან პრეზიდენტ ასადის მიერ გამოდევნის შემდეგ, ახლა ერაყის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს და იმგვარი სისასტიკით მოქმედებს, რომ “ალ ყაიდას” ნარჩენებმა და “თალიბანმაც” კი იგი რადიკალურ (!) ჯგუფად შერაცხეს.

ვიმეორებ: საზოგადოების მხრიდან ძალის, მით უმეტეს, სახელმწიფოს უზარმაზარი, ლეგიტიმური ძალის კონტროლი აუცილებელია. მაგრამ მათ, ვინც ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო კამპანიას გაუმართლებლად მიიჩნევდა, აბუ-ღრეიბის დახურვას ითხოვდა, ხოლო პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებას, არ ჩარეულიყო სირიის სამოქალაქო ომში, აღტაცებით შეხვდა, უნდა ესმოდეთ: ცარიელი ადგილს მეტწილად ეშმაკები ეპატრონებიან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s