არის თუ არა დემოკრატია კარგი რამ

წერილი ეძღვნება Magna Carta-ს 800 წლისთავს

მოცემულ მომენტში არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო საზოგადოების ნაწილს ახასიათებს დემოკრატიაზე ბუზღუნი, რომელიც სრულდება ფრაზით “ხალხი ბნელია”. ისტორიული მაგალითების მოშველიება – უინსტონ ჩერჩილი, შარლ დე გოლი და ა.შ. – ამ ბუზღუნის არსებითი შემადგენელი ნაწილია. არგუმენტაცია, როგორც წესი, აუგუსტო პინოჩეტის თაყვანისცემამდე მიდის: ცოტა ხანი ხალხი გავწიოთ გვერდზე, ქვეყანა დავალაგოთ და მერე, როცა საგარეო საფრთხეები მოხსნილია, ეკონომიკა განვითარებული და საზოგადოების განათლების დონე ამაღლებული, მართვის ბერკეტები ისევ ხალხს დავუბრუნოთ.

ამ არგუმენტაციაში ტრადიციული იდეოლოგიური ხზის გავლება – ვინ მემარცხენეა და ვინ მემარჯვენე – ძალიან ძნელია. პლატონიცა და ჟან-ჟაკ რუსოც, მმართველობის განსხვავებული მოდელების შემოთავაზების მიუხედავად, ერთ რამეზე თანხმდებიან: სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების კონტროლი და შეზღუდვა აუცილებელია. ორივეს მიდგომებს კი ყველაზე კარგად ფიხტე გამოხატავს: “აიძულო ადამიანები, შექმნან მმართველობის სწორი ფორმა და იძულებით დააკანონონ ადამიანის უფლებები, არის თითოეული ადამიანის, რომელსაც საამისოდ ძალაუფლებაც ჰყოფნის და გონებრივი უნარებიც, არა მხოლოდ უფლება, არამედ წმინდათაწმინდა მოვალეობაც”.

ამდენად, იმაში, რომ საქართველოში ამგვარი ბუზღუნი გაისმის, გასაკვირი არაფერია. 2001 წელს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა ჩაატარა დისკუსია სათაურით “ლიბერალიზმი დემოკრატიის წინააღმდეგ – ვიოცნებოთ კარგ პინოჩეტზე თუ შევეგუოთ უხარისხო დემოკრატიას”. საქართველოში ამ დისკუსიის გამართვას მაშინდელმა “უხარისხო დემოკრატიამ” მისცა ბიძგი, ხოლო საფუძვლად დაედო ჟურნალ Foreign Affairs-ში 1997 წელს გამოქვეყნებული სტატია “არალიბერალური დემოკრატიის აღზევება” (მაშინ უცნობ მკვლევარს, ფარიდ ზაქარიას დღეს გადაცემა GPS  მიჰყავს CNN-ზე).

14 წლის შემდეგაც თემა ქართული დემოკრატისაათვის, რომელიც ჯერ არ მისულა ლიბერალური, კონსოლიდირებული დემოკრატიის დონემდე, კვლავაც აქტუალურია. ემოციური მემარცხენეები (ხალხი, რომელიც გონებით კი ხვდება სოციალიზმის სიმახინჯეს, მაგრამ რა ქნას, გული არ უშვებს) გამოსავალს დღესვე, სასწრაფოდ ყველაფერში ევროპული განვითარებული დემოკრატიებში არსებული რეგულაციების შემოღებაში ხედავენ გამოსავალს. მათი გულუბრყვილო რწმენით, საკმარისია, “ევროპული შრომის კოდექსი” გვქონდეს, დაქირავებულების მდგომარეობა უცბად უკეთესი გახდება.

არადა ეკონომიკური განვითარების დონის შეუსაბამოდ, განვითარებული ქვეყნების რეგულაციების შემოღება “სოციალური ინჟინერიის” ისეთივე ფორმაა, როგორც პინოჩეტის მმართველობა. განსხვავება კი მხოლოდ ერთია: სოციალისტები დღევანდელი თაობის უკეთეს მატერიალურ მდგომარეობაზე ზრუნავენ (და ამით ხვალინდელ თაობასაც უსპობენ მატერიალურად ნორმალური ცხოვრების შანსს), “პინოჩეტისტებს” ხვალინდელი თაობის უკეთესი მატერიალური ცხოვრების სამსხვერპლოზე დღევანდელი თაობის პოლიტიკური უფლებები მიაქვთ.

ისევე, როგორც 14 წლის წინ, ახლაც იგივე აზრზე ვარ: ჩვენ სხვა გამოსავალი გარდა იმის, რომ მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ, ვიწვალოთ, ვიჯახიროთ და ნაბიჯ-ნაბიჯ გავიზარდოთ, როგორც ამომრჩეველი, როგორც ეკონომიკა, როგორც ლიბერალური დემოკრატია, უბრალოდ არ გვაქვს. გულწრფელად ვუთანაგრძნობ იმ ადამიანებს, მემარჯვენეობისა თუ მემარცხენეობის მიუხედავად, რომლებიც მეტყვიან, რომ ისინი მეტს იმსახურებენ.

შესაძლოა! ალბათ, ასეა! ეჭვიც არ მეპარება! მაგრამ განა სხვა რა ბერკეტი გვაქვს გარდა იმისა, რომ, როგორც საზოგადოებამ, ყოველ ჯერზე შეცდომა დავუშვათ და მერე ამ შეცდომაზე ვისწავლოთ?

მე-20 საუკუნეში დემოკრატიის (საყოველთაო საარჩევნო ხმის უფლების) გავრცელებას წინ

  • ინდუსტრიული რევოლუციების
  • კაპიტალიზმის მიერ ფეოდალიზმის ჩანაცვლების
  • გლობალიზაციის
  • ურბანიზაციის
  • წერა-კითხის გავრცელების
  • უცხოს მიმართ შემწყნარებლობის ზრდის
  • სამოქალაქო-პოლიტიკურ უფლებებზე ფართო კონსენსუსის

4 საუკუნე უძღოდა. ხოლო როდესაც მე-20 საუკუნის დასაწყისში საყოველთაო საარჩევნო ხმის უფლება დაუშვეს, ავსტრალიაში, აშშ-სა თუ ბრიტანეთში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი (დღევანდელი PPP დათვლით) უკვე იყო $5600-ზე ანუ იმაზე მეტი, რამდენიც დღეს საქართველოშია. ბუნებრივია, კეთილდღეობის მაღალ დონეში (რაც საზოგადოების განათლებისა და მოქალაქეების მიერ საკუთარი უფლებების ცოდნა/გამოყენების უკეთეს დონესაც გულისხმობს) დემოკრატიაც უკეთესად ფუნქციობს. მით უმეტეს, თუ ამას კანონის უზენაესობის ასევე რამდენიმესაუკუნოვანი ტრადიცია უძღვის წინ. მაგრამ ჩვენ ხომ ისტორიის ჩარხს უკან ვერ დავაბრუნებთ?

მესმის, რომ ჩემი დასკვნა სულაც არაა სახარბიელო დღევანდელი თაობებისთვის, მაგრამ სულაც არ ვარ პესიმისტი. პირიქით, მგონია, რომ ქართული საზოგადოება აშკარად სიცოცხლისუნარიანობის და გაუმჯობესების მაღალ პოტენციალს ავლენს.

დასასრულ კი 2001 წლის ანალოგიური დისკუსიიდან ჩემს ვრცელ ციტატას გთავაზობთ:

წინ ილია ჭავჭავაძისაკენ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s