ალტერნატივის ფასი

არჩევენების გზით ხელისუფლების ცვლილებასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის ღრმა კავშირია

ყველაზე ფუნდამენტური პოლიტიკური კამათი სწორედ ეკონომიკური განვითრების საკითხზეა: რა უნდა იყოს ის პოლიტიკა (policy), რომელიც მოიტანს მეტ კეთილდღეობას რაც შეიძლება მეტისთვის და, იმავდროულად, კეთილდღეობის მინიმალურ დონეს მაინც უზრუნველყოფს, სოლიდარობის მექანიზმებით, მათთვის, ვინც ობიუქტურ მიზეზთა გამო თავისით ვერ აღწევს ამ მინიმალურ დონესაც კი. ეს კამათი არც იარსებებდა და, შესაბამისად, არც დადგებოდა პოლიტიკური იდეების ჭიდილის საკითხი, რომ არა საკვანძო ეკონომიკური კატეგორია „ალტერნატიული ღირებულება“ (opportunity cost).

„ალტერნატიული ღირებულების“ ეკონომიკური კატეგორია გვაფიქრებს, რა მოგვცემდა უფრო მეტ სარგებელს ეკონომიკურად, და რა წაგვიყვანდა წინ პოლიტიკურად. ასე აზროვნება კაპიტალზე დამყარებული ეკონომიკური ურთიერთობის სივრცეში ჩნდება, იქ, სადაც „ფულის გაპროცენტება“ ცოდვად არ ითვლება (ყოველ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდიდან).

[რაც ყველაზე რთულად აღწევს გეგმიურ სოციალისტურ ეკონომიკაში ნაცხოვრები ადამიანის აზროვნებაში, ეს სწორედ „ალტერნატივის ფასია“, რადგან გეგმიურ სოციალისტურ ეკონომიკაში არ არსებობს თავისუფალი კაპიტალი და, შესაბამისად, კაპიტალის უკეთესი პირობებით დაბანდების ალტერნატივებიდან ამრჩევი თავისუფალი ადამიანი. ის კი, ვინც ასეთ საზოგადოებაში სახელმწიფოსგან მალულად „ფულს აპროცენტებს“, ერთ-ერთი ყველაზე უფრო არაპოპულარული ადამიანია.]

{!!! თუ თქვენ ამ ბლოგის განახლებების გამოწერა გსურთ, მარჯვნივ გრაფაში ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი ჩაწერეთ. მომავალში ბლოგის განახლებისთანავე მიიღებთ გზავნის და წაიკითხავთ ახალ სტატიას.!!!}

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელისუფლების გადარჩევის შესაძლებლობაზე დამყარებული პოლიტიკური სისტემა ანუ დემოკრატია უზრუნველყოფს მეტი კეთილდღეობის მიღწევის ალტერნატიული გზების მუდმივ ძიებას. ეს იმას არ გამორიცხავს, რომ ზოგჯერ პოპულისტებმა „ბრჭყვიალა ალტერნატივით“ მოხიბლონ ამომრჩეველი, მაგრამ მხოლოდ ზოგჯერ: როგორც წესი, რესპუბლიკური წყობის სხვა ინსტიტუტები უზრუნველყოფენ, რომ პოპულისტებმა (აქ ეკონომიკურ პოპულიზმს ვგულისხმობ – ზ.ჭ.) სისტემა არ გადაიყოლონ.

ამდენად, დემოკრატიას, თავის მხრივ, თავისი „მცველები“ სჭირდება და არავინ და არაფერი იცავს დემოკრატიას ისე, როგორც ეკონომიკურად ძლიერი, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი, მყარად ფეხზე მდგომი მოქალაქე, რომელიც იაზრებს „ალტერნატივის ფასს“ ეკონომიკურ საქმიანობაშიც და პოლიტიკაში, რომელსაც არ ეშინია ცვლილების და რომელიც ითხოვს კიდეც ცვლილებას, როგორც კი არასწორი პოლიტიკის გამო მის ინტერესებს საფრთხე ემუქრება. დემოკრატიის მცველი ინსტიტუტების ქმედითობასაც მოქალაქეთა ქმედითობა განაპირობებს.

შესაბამისად, კონსტიტუციურ ჩარჩოში, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებისათვის საკვანძოა

  • ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა (ეს მოქალაქეებს უმყარებს განცდას, რომ დემოკრატია მუშაობს, დემოკრატიას კეთილდღეობა მოაქვს) და
  • რაც შეიძლება მეტი ადამიანის სახელმწიფო სექტორს გარეთ ყოფნა. ეს, მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, ნიშნავს, რომ სახელმწიფო მცირეა და მის ხელთ ნაკლები ეკონომიკური რესურსია პოპულისტური „ბრჭყვიალისთვის“, რომელსაც გრძელვადიანად მხოლოდ გაღარიბება მოაქვს და არა კეთილდღეობის ზრდა

მაშ, რა ხდება, თუ [ეკონომიკურ] პოპულიზმისა და სახელმწიფოს მიტაცების შემაკავებელი ინსტიტუტები (პირველ რიგში, მიუკერძოებელი სასამართლო) არ არსებობს? თუ სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი და ეკონომიკურად ძლიერი მოქალაქეების (საშუალო კლასს რომ ვეძახით) რაოდენობა მცირდება?

კეთილდღეობა მცირდება და მასთან ერთად მოქალაქეთა გაბედულებაც, თავისუფლად იმსჯელონ ალტერნატივაზე და მხარი დაუჭირონ ცვლილებას. სისტემა არა დემოკრატიული ცვლილებებისკენ, არამედ ავტორიტარული სტატუს-კვოსკენ მიდრეკილი ხდება. ავტორიტარულ სტატუს-კვოში კი ცვლილება უკეთესი ალტერნატივის სასარგებლოდ კი არ ხდება, გაუსაძლისი პირობების გამო. გაუსაძლისი პირობებიდან თავის დაღწევისას კი კონსტიტუციური ნორმების დაცვას ნაკლებად დაგიდევენ.

ასეთია ავტორიტარული ალტერნატივის ფასი.

5 thoughts on “ალტერნატივის ფასი

  1. WELL DONE ! “სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი, მყარად ფეხზე მდგომი მოქალაქე…” რა კარგი და ამავდროულად რა ბუნდოვანია ეს “ფენომენი” ჩვენი საზოგადოებისთვის.

  2. ზურაბ, ერთი მექანიკური შეცდომაა: უნდა იყოს “…არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებისათვის საკვანძოა…რაც შეიძლება მეტი ადამიანის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო სექტორს გარეთ ყოფნა”. ტექსტში პირიქით წერია.

  3. ზურაბ, ერთი მექანიკური შეცდომაა: უნდა იყოს “…არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებისათვის საკვანძოა…რაც შეიძლება მეტი ადამიანის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო სექტორს გარეთ ყოფნა”. ტექსტში პირიქით წერია.

  4. გამოხმაურება: ოპოზიციის ბრძოლის მეთოდების შესახებ | ზურაბ ჭიაბერაშვილის ბლოგი

დატოვე კომენტარი